in

Esteña House — ზაფხულისა და სიამოვნების შეგრძნებით აღსავსე სახლი არგენტინაში

Alliance Group
Alliance Group

პროექტი კოსტა ესმერალდაში, არგენტინაში ადგილობრივი ტოპოგრაფიის ანალიზის შემდეგ განხორციელდა. არსებული მიწის ნაკვეთი ქუჩის დონიდან 1.5 მეტრით დაბლა მდებარეობს, ხოლო მის მიმდებარედ არსებული სხვა ნაკვეთი ქუჩის დონეს 8 მეტრით აღემატება. პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ დონეების გათანაბრება საჭირო არ იყო და სახლი მოცემულ პირობებზე მორგებით დააპროექტეს.

მფლობელებს სურდათ, რომ შენობის ყოველი კუთხე ზაფხულისა და სიამოვნების შეგრძნებით ყოფილიყო გაჟღენთილი. პროექტის მთავარ საყრდენ წერტილს წარმოადგენს ინტერიერსა და ექსტერიერს შრის ზღურბლის გარღვევა, საცხოვრებელი სივრცის კლასიკური მოწყობის შეცვლა. ქუჩის მხარეს არსებული ფასადი სახლის დიდ ნაწილს ფარავს, რაც მეპატრონეებისთვის კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს, ხოლო გამვლელებში ინტერესს აღძრავს.

ქუჩიდან ხის ჭიშკარში შესვლისას აღმოჩნდებით ხის გემბანზე, რომელიც სახლის ინტერიერისკენ გაგიძღვებათ. მის გვერდით კი არის 16 მეტრის სიგრძის აუზი, რომლისთვისაც ბეტონი და ვულკანური ქვებია გამოყენებული.

შიდა გეგმარება ძირითადად 3 ნაწილისგან შედგება: საერთო სივრცე — მისაღები, სასადილო ოთახი, სამზარეულო, საკუჭნაო და საპირფარეშო — რომელიც შენობის უკანა მხარეს არის განთავსებული, გადაჰყურებს უკანა ბაღსა და შიდა ეზოს; ნახევრად საერთო სივრცე სასტუმრო ოთახებით, რომელიც სახლის დასავლეთ მხარეს არის განთავსებული და თითოეულ ოთახს გააჩნია პირდაპირი წვდომა ეზოზე. ზედა სართულზე კი განლაგებულია სივრცე, რომელიც კერძო სარგებლობისთვის არის განკუთვნილი და საძინებლებს მოიცავს.

გარდა ამისა, უკანა ბაღში გამოყოფილია ადგილი, რომელიც შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის ღია ცის ქვეშ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად შეკრებისთვის, ბარბექიუს მოსაწყობად და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.

რაც შეეხება შერჩეულ მასალებს, პირველი სართულის ფასადისთვის გამოყენებულია ქვა, ზედა სართულისთვის — გრაფიტისფერი ბათქაში, ასევე ლითონის შავი ჩარჩოს მქონე ფანჯრები, ხე გარე იატაკისთვის, ბეტონი ჭერისთვის, შიდა იატაკისა და სააბაზანოს კედლებისთვის.

სახლის ინტერიერის დიზაინი თავად მფლობელმა — მაირა გარაბენტომ, ექსკლუზიური ავეჯის ბრენდის, Casa Esteña-ს მფლობელმა დააპროექტა. სწორედ ამ კომპანიის სახელწოდებიდან მიიღო სახელი პროექტმაც — Esteña House.

 

პროექტის ავტორი: Lucas Mc Lean Arquitecto

 

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ბინა ბაგებში დომინანტური ლურჯი ფერით – ანინია ფხაკაძის ნამუშევარი

როგორ შევცვალოთ საცხოვრებელი სივრცე სეზონურად – სტუდია „ატმოსფეროს“ რჩევები