in

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის დეკორის შესახებ მანამ, სანამ 30 წლის გავხდებით

მაშინ, როდესაც ჩვენი ასაკი შუა ოციან წლებს აღწევს, უკვე თავს იჩენს ისეთი საკითხები, როგორიცაა: ახალი ბინა; ახალი სამეზობლო; ახალი ქალაქი; ჩვენთვის სასიამოვნო, თანამედროვე გარემოს შექმნა.. დიდი ალბათობა არსებობს იმის, რომ ძველი მეპატრონის მიერ დატოვებული ავეჯი თქვენს გემოვნებას არ მოერგოს და ამიტომაც, თქვენთვის სასურველი გარემოს შესაქმნელად თქვენივე გემოვნებით შერჩეული სახლის დეკორია საჭირო.

”30 წელი ერთგვარად ცხოვრების დრამატული ცვლილებების ასაკია; ამ დროს ჩვენ ვიწყებთ ჩვენი ოცნების რეალობად ქცევას და ყველაფერ იმის უკან მოტოვებას, რაც ბედნიერებას არ გვანიჭებს. იმისთვის, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, ამ პერიოდში უკვე ვიწყებთ ჩვენი დროის, ფულისა და ენერგიის გონივრულად გამოყენებას,” – ამბობს ინტერიერის დიზაინერი ქენდის რიმსი.

ამ სტატიაში გიზიარებთ 10 ცნობილი დიზაინერის რჩევებს სახლის დეკორთან დაკავშირებით, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს, სანამ 30 წლის გახდება.

ავეჯის არჩევის შესახებ

”სახლში ძველებური საგნების შეტანა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღეთ მეგობრებისგან ან ოჯახისგან, ან უბრალოდ Flea Market-ზე აღმოაჩინეთ, შესანიშნავი გზაა საიმისოდ, რომ თქვენს სახლს “მარადიული” იერი მიანიჭოთ. ტენდენციები უამრავია, თუმცა კი ვინტაჟი დროს ყოველთვის უძლებს,” – ჯასტინა ბლეკენი, Jungalow.

”როდესაც საქმე სარკეებს ეხება, იყავით თამამი. სარკე ასახავს სინათლეს, აძლიერებს და აფართოებს სივრცეს. სარკე კედელზე შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც ფანჯარა. რაც უფრო დიდია სარკე, მით უკეთესია,” – ნიკ გაგნი.

“ხალიჩების არჩევისას გახსოვდეთ, რომ სჯობს ის ძალიან დიდი იყოს, ვიდრე ძალიან პატარა. თუ ხალიჩა ძალიან პატარაა, ის უადგილოდ გამოიყურება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა დიდმა ხალიჩამ ის სივრცეებიც დაფაროს, რომელსაც ჩვენ არ ვითვალისწინებდით, მისი არსებობა გამოკვეთილი და შესამჩნევია. ჩვენ შეგვიძლია ერთი დიდი ხალიჩა ორად გავჭრათ, თუმცა, პატარას ვერაფერს მოვუხერხებთ,” – ჯოი ბერკოვიცი, JAB Design Group.

”ინვესტიცია ჩადეთ ავეჯსა და დეკორაციაში, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან, მაგალითად: დამუშავებული ხისგან დამზადებული სასადილო მაგიდა, მაგიდა მარმარილოს ზედაპირით, ხის ჯოხებისგან დამზადებული თაროები.. ბუნებრივი მასალები ძალიან კარგად უძლებენ დროს, ამიტომ ისინი კარგად “მოგემსახურებიან”, თუკი კარგად იზრუნებთ მათზე,” – ჯუსტინა ბლეკენი

“ბევრი ნივთის გამოტანა ინტერიერში შეიძლება ლამაზი იყოს, მაგრამ ქაოსს უნდა ვუფრთხილდეთ. ამიტომაც, შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელსაც სათავსო აქვს, ასევე, შეიტანეთ ინტერიერში მცირე ზომის მაგიდები, კარადები (გამოიყენეთ მასში არსებული სივრცე მაქსიმალურად) და ა.შ მოკლედ, ორიენტირდით სათავსოებზე, სადაც ბევრი ნივთის შენახვას შეძლებთ. ასევე, გამოიყენეთ მცირე ზომის, ლამაზი ყუთები და კალათები, რომლებიც სივრცეს ყოველთვის ახალისებენ,” – ლინდსეი კალეო კაროლი, The Brooklyn Home Company.

კედლის ფერის შერჩევისას

“კედლის ფერს მნიშვნელოვნად ცვლის განათება, რომელიც დღის განმავლობაში იცვლება. იმისთვის, რომ შეცდომა არ დაუშვათ და ოთახი ის ფერი გამოვიდეს, რომელიც ფერთა დიაგრამაზე კარგად გამოიყურება, მაგრამ კედლებზე ცუდად, ყოველთვის გამოიყენეთ ქაღალდის დიდი ნაჭერი და დააფიქსირეთ ის ოთახის ერთ-ერთ კედელზე. შემდეგ შეხედეთ მას დღის სხვადასხვა მონაკვეთში, დილით, შუადღესა და საღამოს, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორედ ისეთია, როგორიც გსურდათ,“ – მარტინ ლოურენს ბულარდი, Martyn Lawrence Bullard Design.

”რაც შეეხება საღებავის ფერების შერჩევას ან დეკორაციას, ნეიტრალური ფერები და ტექსტურები ყოველთვის მეტ ყურადღებას საჭიროებენ. დაუთმეთ დრო ე.წ პატარა კვლევას და დაფიქრდით, რა გაახალისებს ამ ფერებს. დატვირთეთ ნეიტრალური ფერები მუქი დეკორაციებით – ნამუშევრებითა და აქსესუარებით და თქვენი სივრცე გაცოცხლდება,” – სარა კუკერბაუმი, SLIC Design.

”ნუ შეღებავთ ჭერს თეთრად. ხშირად ვიყენებ ჭერისთვის მონოქრომულ პალიტრას და ოთახს მრავლისმომცველ განწყობას ვძენ ამით. თუკი არა თეთრს, არამედ სხვა ფერს/ფერებს გამოიყენებთ, შეძლებთ, თავი აარიდოთ კონტრასტს და თამამი ფერებიც უფრო დახვეწილი გამოაჩინოთ,” -Nicholas G Potts, დიზაინერი და არქიტექტორი.

”შპალერი საუკეთესო გზაა ფერისა და პატერნის გასაერთიანებლად ყველაზე პატარა სივრცეშიც კი. ეს ქმნის ერთგვარ ვიზუალურ ზემოქმედებას, რომელიც არასდროსაა გადაჭარბებული, რადგანაც მას სივრცე თავისთავად შეიცავს. თუკი გსურთ, შპალერს თავი აარიდოთ, სცადეთ დიდი ზომის ნახატი,” – ჯუსტინა ბლეკენი.

ხელოვნების ნიმუშის შერჩევისა და შეგროვების შესახებ

”ყველაზე ღირებული რჩევა, რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ის, რომ ადრეული პერიოდიდანვე დაიწყოთ კოლექციის შეგროვება. არ აქვს მნიშვნელობა სად ცხოვრობთ, ყოველთვის გექნებათ კედლები, რომლებიც სუფთა ტილოს როლს ასრულებენ. ამიტომაც, თანდათან ჩადეთ ინვესტიცია ხელოვნების ბაზრობებში, კერამიკულ სტუდიებში, ნამუშევრებსა და მხატვრებში,” – ქენდანს რიმსი, Fogarty Finger.

”რამდენიმე ერთეულის ჩამოკიდებისას ყოველთვის ჩამოკიდეთ ნამუშევრები თქვენი თვალის დონეზე და ეცადეთ, არ განათავსოთ ისინი დიდი დაშორებებით,” – ქენდანს რიმსი.

და ბოლოს, ყველაფრის საბოლოოდ აწყობის შესახებ

”ნაკლები არეულობა ქმნის ოთახში სიმშვიდეს და სივრცეს უფრო ფართოს აჩენს.  როდესაც ოთახი მინიმალისტურადაა მოწყობილი, მასში სიმსუბუქის განწყობა იქმნება, ” – ნიკ გაგნი.

”მასშტაბი არის ყველაფერი – იმის ცოდნა, თუ როგორ დააბალანსოთ ავეჯის ზომა ოთახში სხვა ნივთებთან მიმართებით, მნიშვნელოვანი უნარია. ქაღალდის შაბლონების გამოყენება სივრცეში იმის გასაგებად, თუ რამდენად სწორად დაბალანსებულია ავეჯი ოთახში ან კედელზე და რამდენ ადგილს იკავებენ ისინი, მშვენიერი ხრიკია. ამ გზით, ნაკლებ სავარუდოა, რომ შეცდომას დაუშვებთ და ან ძალიან დიდი ზომის ავეჯს იყიდით, ან – პატარას,” -მარტინ ლოურენს ბულარდი.

”ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სივრცის დაგეგმვაა – დარწმუნდით, რომ ავეჯი, ხალიჩები, განათება და აქსესუარები სწორი ზომისაა და თქვენი და თქვენს სტუმრებს შორის სათანადრო სივრცის შექმნას უწყობს ხელს. ამიტომაც, წინასწარ გათვალეთ ზომები და გამოიყენეთ საამისოდ თუნდაც მუყაოს ყუთები,” -კერენ რიხტერი, White Arrow.

Homeis.ge-ს რჩეული აქსესუარები თბილისის მაღაზიებიდან, რომლებიც საგაზაფხულო განწყობას შეგიქმნით

ტური მაილი საირუსის სარისკო დიზაინის მქონე ლოს-ანჯელესის სახლში