in ,

იაპონური რესტორანი სახასიათო ესთეტიკით – Lemon Studio-ს ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

Lemmon Studio –ს მიერ შექმნილი იაპონური რესტორანი ფალიაშვილის ქუჩაზე, ძველ შენობაშია განთავსებული. პირველი ემოცია  რესტორნის ექსტერიერს მოაქვს, რომელიც იაპონური ესთეტიკით იზიდავს გვერდით ჩავლილ ადამიანებს.

რესტორნის ინტერიერის მთავარი კონცეფცია კი არის ძლიერი და მარადიული კონცეპტი „მა“ 間 – მის საფუძველზე იგება იაპონურ კულტურაში ადამიანის და გარესამყაროს ჰარმონიული ურთიერთობა, მყარდება ბალანსი სივრცესა და ნივთებს შორის. კონცეფციაა „მა“-ს ასე განსაზღვრავენ: ის არსებობს სივრცესა და საგნებს შორის, ის არის პაუზა, სიმშვიდე და ამასთანავე  მუდმივად  მოძრაობის განცდა, რაც მიიღწევა იაპონური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა დეტალით: შირმებით, ტიხრებით, გასაცურებელი კარებით.

სწორედ ეს გახდა Lemmon Studio-ს გუნდის ინსპირაცია აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას.

რესტორნის ინტერიერი მშვიდია, სივრცე – მოწესრიგებული, მარტივი და მყუდრო, გამორჩეულია ნატურალური სილამაზით და დახვეწილი, ტრადიციული იაპონური ელემენტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა რესტორანია, მეტი ინტიმურობისთვის მას რამდენიმე დარბაზი აქვს.

მთავარი დარბაზის ცენტრში საგანგებოდ შექმნილი დახლი დგას, სადაც სტუმრების თვალწინ მზადდება კერძები. დახლის გამორჩეული შტრიხი პატარა კერამიკული ფილებია, რომლებიც გამოყოფილია გამჭვირვალე მინის ტიხრებით.  ფილების ფერებია შავი, წითელი და თეთრი – ბრენდის ფერები. სწორედ ეს ფერებია გამოყენებული ზოგადად ინტერიერის დეკორში.

ბარი დამზადებულია მუხის დაზოლილი წყობის  ხისგან. აქვს ორი ტიპის განათება – ბარის თავზე და კედლის თაროებთან.

მთავარი დარბაზის იატაკზე  გამოყენებულია უჟანგავი სპილენძის ფირფიტა, ხოლო ჭერი შავი ფერის ამრეკლი ზედაპირით არის შესრულებული, რაც სასიამოვნო იდუმალებას ჰმატებს რესტორნის ინტერიერს.

კედელები იაპონურ სტილშია მოხატული – ეს ნახატები თანამედროვე მხატვრების მიერ არის შესრულებული.

დერეფანში გავლისას შესამჩნევია პატარა, ოთხკაციანი კუპეები, ერთმანეთისგან გამოყოფილი ხის დაზოლილი ტიხრით, რომელიც სტუმრებისთვის სიმყუდროვეს ქმნის.

ბარის უკან მოწყობილი კიბე ანტრესოლში აგიყვანთ. აქ ორი კამპანიის ადგილია – დიდ მაგიდასთან 20 ადამიანი მოთავსდება, პატარა მრგვალი მაგიდა კი 6 სტუმარს იტევს; მაგიდებს შორის დეკორატიული შირმა დგას. ანტრესოლის გარშემო მოაჯირია მოწყობილი და სტუმრები ქვედა სივრცეს ხედავენ.

როგორც პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რესტორნის დაპროექტებისას  მხოლოდ მოპირკეთებასა და მოწყობაზე ზრუნვა არ არის საკმარისი. როდესაც საქმე ეხება უცხო ქვეყნის ეროვნულ სამზარეულოს და, მით უფრო, იაპონური საკვების მომზადებას, დეტალებამდე უნდა იყოს გათვალისწინებული მათი სამზარეულოს ტექნოლოგიური და სპეციფიკური მოთხოვნები. მაგალითად,  noodle-ის მოსამზადებლად  საჭიროა განცალკევებული ოთახი, რაც რესტორნის დიზაინში გათვალისწინებულია. ამასთანავე, noodle-ის ოთახისთვის შეიქმნა შემინული კარი, რათა სტუმარს ჰქონდეს საშუალება, თვალი ადევნოს კერძის მზადების პროცესს.

არქტიტექტურული სტუდია: Lemmon

ფართობი: 205 m²

შესრულების წელი: 2019

მთავარი არქიტექტორი: მაკაკო დავითიძე

დიზაინ ჯგუფი: ელენე დავითიძე, მეგი დავითიძე

ფოტოგრაფი: ელენე დავითიძე

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

ფერებითა და პატერნებით დატვირთული სახლი ლონდონში