in

ფერებითა და პატერნებით დატვირთული სახლი ლონდონში

Banner M2
Banner M2

ლონდონის სანაპიროზე მდებარე ჩელსის ანკლავი სასურველი საცხოვრებელი ადგილი გახდა მას შემდეგ, რაც ოსკარ უაილდმა 1884 წელს აქ ბინა მიიღო. თუმცა, ისტორიულად, ეს მუშათა კლასის ტერიტორია იყო, რაზეც აქაური სახლების მასშტაბის სიმცირე მეტყველებს.

სახლი, რომელზეც უნდა გიამბოთ, სწორედ ამ დასახლებაში მდებარეობს და ის 1930 წელს აშენდა. 2019 წელს ის ირლანდიელმა ინვესტორმა, მეირე კულსონმა შეიძინა. ამ ადამიანმა ბოლო ათწლეული ლოს-ანჯელესში გაატარა და საკუთარი ცხოვრების ჩქარი რიტმის შესაცვლელად სწორედ ამ ადგილას დასახლება ისურვა.

სახლი სულ ახლახან დიზაინერ ბრაიან ო’სალივანის მიერ გადაკეთდა. როგორც ცნობილია, წინა მეპატრონემ სახლის მასშტაბი გააფართოვა, თუმცა, როგორც ბრაიანი აღნიშნავს, მისი დიზაინი “წრფივი და უსულო” იყო. ახლებური დიზაინის შექმნის პროცესი 2019 წელს დაიწყო.

“ლოს-ანჯელესიდან ჩამოსული ერთგვარ აკლიმატიზაციას გავდიოდი და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ლონდონში პატარა ოაზისი მომეწყო. მინდოდა, ამ სამყაროსგან განცალკევებული ვყოფილიყავი, რაც საბოლოოდ სახლის ტექსტურებში, ფერებსა და შექმნილ კომფორტში აისახა,” – ამბობს კულსონი.

ლონდონში არქიტექტურის შესწავლის შემდეგ, ო’სალივანი რამდენიმე ცნობილ არქიტექტორთან და დიზაინერთან მუშაობდა, მათ შორის, ანაბელ სელდორფთან, გარდაცვლილ დევიდ კოლინზთან, მარტინ ბრუდნიცკთან და ლუის ლაპლასთან, შემდეგ კი 2013 წელს საკუთარი სტუდია დააარსა. მეირეს სახლის შექმნამდე მას უკვე ნამუშევარი ჰქონდა მისი მშობლების სახლზეც. როგორც დიზაინერი ამბობს: “მეირეს ბრიფი მდგომარეობდა იმაში, რომ სახლისთვის “პიროვნულობა” შემეძინა და, ამავდროულად, ის ყოფილიყო საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისთვის გასართობი ადგილიც.”

მიუხედავად იმისა, რომ სახლს აქვს კარგი ზომის ოთახები, პირველი სართული ღრმა სივრცედ გამოიყურებოდა. ამიტომ დერეფნის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო მისი გადაკეთება. ო’სალივანმა საამისოდ მშვიდი ფერების პალიტრა შეარჩია და კედლებზე გაპრიალებული მარმორინოს თაბაშირის საფარი დაიტანა, რომელიც ეზოს ბაღიდან არეკლილი მზის სხივებით სამზარეულოსა და სასადილო ოთახს ავსებს. მისაღები ოთახიც ასეთივე წყნარ ფერებში გადაწყვიტა, სადაც შუა საუკუნეების იტალიური ავეჯი და ვინტაჟური სავარძლებია განთავსებული, რომლებიც კოულსონმა L.A-დან ჩამოიტანა.

ამის საპირისპიროდ, დიზაინერმა და სახლის მეპატრონემ ავტოფარეხში “ფერებისა და პატერნების ამბოხება” მოაწყეს და ის გასართობ ოთახად გადააკეთეს, მის უკან კი კინოთეატრის ოთახი მდებარეობს. გასართობი ოთახის კედლები და კინოთეატრის ოთახის ჭერი დაფარულია ფსიქოდელიური შპალერითა და ქსოვილებით. აქ განთავსებულია ფერადი დივნები და კონტრასტული ბალიშები.

“ეს სახლის ის ნაწილია, რომელსაც არა ყოველდღიურად, არამედ კონკრეტულ შემთხვევებში ვიყენებთ. ამიტომაც გვინდოდა, რომ ამ ოთახებმა სტუმრებს თავი მყუდროდ აგრძნობინონ. გარდა ამისა, გვსურდა აქ სათამაშო განწყობაც შეგვექმნა და ეს ადგილი მოსაწყენი, წვიმიანი ლონდონის დღისგან თავის დასაღწევი ყოფილიყო,” – ამბობს სალივანი.

რაც შეეხება მეორე სართულზე განთავსებულ საძინებელ ოთახს, აქ კედლებზე, როგორც სალივანი ამბობს, “თავშეკავებული პატერნებია” გამოყენებული.

”მეირე ხშირად მოგზაურობს. მას პარიზში, ლონდონში, დუბლინსა და ნიუ-იორკში უცხოვრია, ამიტომ დიზაინის მიმართ ძალიან საერთაშორისო და ეკლექტური მიდგომა აქვს. მომწონს, რომ მას არ ეშინია, თამამი პატერნების და ამან ჩემი მიდგომებიც საკმაოდ შეცვალა,” – ამბობს სალივანი. 

მეორე სართულს თავდაპირველად ორი საძინებელი ჰქონდა, მესამე საძინებელი კი სხვენში იყო განთავსებული. თუმცა, ეს ოთახი საძინებლისთვის არაპრაქტიკულად ჩაითვალა – განსაკუთრებით კი კოლსონის ტანსაცმლის ფართო კოლექციის გამო, რომელსაც გარდერობი სჭირდებოდა. ამიტომაც, სხვენში არსებული საძინებელი გასახდელად გადაკეთდა, რომელსაც საკუთარი აბაზანა აქვს.

ფოტოგრაფი:

იაპონური რესტორანი სახასიათო ესთეტიკით – Lemon Studio-ს ნამუშევარი

Olson Kundig Architects – ამერიკული დიზაინის საკულტო არქიტექტურული სტუდია