in ,

IKEA – ინგვარ კამპრადის ავეჯის იმპერია

I-ინგვარ K-კამპრად E-ელტმარუდ A-აგუნნარუდ – IKEA – ბრენდი რომელიც შვედი ინგვარ კამპრადის პირმშოა (აგუნნარუდი შვედეთის ერთ-ერთი დასახლებაა, ხოლო ელტმარუდი ფერმის სახელი, სადაც კამპრადი ცხოვრობდა. ) 1943 წელს შეიქმნა და მრავალმილიარდიან კომპანიად ჩამოყალიბებამდე მძიმე გამოწვევებით სავსე გზა გაიარა. ჩვენ მოგიმზადეთ ამბავი, რომელიც ადასტურებს, რომ ყველაზე თამამი ოცნებაც კი შესაძლებელია რეალობად ვაქციოთ თუ სირთულეებს არ შევუშინდებით და ბოლომდე ვივლით ჩვენი მიზნისკენ.

კამპრადი გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და ბავშვობიდან პირადად იცნობდა სიდუხჭირის ყველა „სიკეთეს“. სხვა ბავშვებისგან განსხვავებით მისი ნამდვილი მოწოდება ვაჭრობა იყო. ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში გამოიმუშავა პირველი თანხა ასანთის საბითუმო ვაჭრობით, 11 წლის ასაკში კი თესლების ვაჭრობით  გამომუშავებული თანხით შეძლო ახალი სპორტული ველოსიპედის ყიდვა. 17 წლის ასაკში დაარეგისტრირა მომავალში ლეგენდარული კომპანია IKEA.

თავიდან ყველაფერი საწერი კალმებით დაიწყო. კამპრადმა სესხი აიღო, კალმები საფრანგეთიდან შემოიტანა და მისი გაყიდვისთვის ხერხს მიმართა. მოაწყო გამოფენა და ყველა მოსულ სტუმარს ყავასა და ფუნთუშას დაჰპირდა. ხერხმა გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ ათასზე მეტი სტუმრის გამასპინძლება კამპრადს ძალიან გაუჭირდა, მაინც შეძლო და კალმებიც გაყიდა. ამის შემდეგ სესხი მას აღარასოდეს აუღია და სტუმრის ფუნთუშით გამასპინძლება მისი ცნობილი ბრენდის შემადგენელ ნაწილად იქცა. IKEA-ს ყველა ჰიპერმარკეტს თავისი რესტორანი აქვს ჩაშენებული, სადაც სტუმრებს შვედური კერძებით უმასპინძლდებიან.

1948 წელს კამპრადმა ავეჯის რეკლამირება დაიწყო და სწორედ აქედან იწყება მის მიერ ამ სფეროს ათვისება. ამ დროს დაიწყო ახალგაზრდა მეწარმემ ბროშურის „IKEA-ს ამბები“-ის გამოცემა და მისი მყიდველებისთვის დაგზავნა. ამ იდეამ ბრწყინვალედ იმუშავა და გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა. სწორედ ეს ბროშურა იყო სახელგანთქმული „IKEA-ს კატალოგის“ წინამორბედი.

1953 წელს ელმხულტში გაიხსნა პირველი საგამოფენო ჰიპერმარკეტი. სწორედ ამ დროს დაიბადა კიდევ ერთი გენიალური იდეა, რაც გულისხმობდა კატალოგებისა და მუდმივმოქმედი გამოფენების შეთავსებას ამ სივრცეში. ნებისმიერ მსურველს ჰქონდა საშუალება კატალოგში მოწონებული ავეჯი რეალობაში დაეთვალიერებინა და გამოეცადა. აქვე დანერგეს კამპრადის კიდევ ერთი სიახლე, რაც ყველა სტუმრის ყავითა და ფუნთუშით გამასპინძლებას გულისხმობდა.

კამპრადი მუდმივად და დაუღალავად მუშაობდა ახალ იდეებზე და განუწყვეტლივ ეძებდა განვითარების გზებს. ერთ-ერთი დიდი ბიძგი მისთვის მილანის გამოფენის დათვალიერება იყო, სადაც ის რიგითი იტალიელების სახლის ინტერიერს გაეცნო და დაინახა რამხელა სხვაობა იყო გამოფენაზე გამოტანილ ავეჯსა და რიგითი იტალიელი სახლის ავეჯს შორის. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა იაფი და თანამედროვე დიზაინის ავეჯის შექმნის შესახებ, რომელიც IKEA-ს სამომავლო სტრატეგიად იქცა. ამავე პერიოდში, 1950 წელს, მოხდა ასევე დიდი მოვლენა IKEA-ს ისტორიაში. ერთ-ერთი გამოფენის დროს, ფოტოგრაფმა გილის ლუნდგრენმა მაგიდის გადაღების შემდეგ (ის შემდგომ IKEA-ს  წამყვანი დიზაინერი გახდა) ჩაილაპარაკა: „ო ღმერთო, რამხელა ადგილს იკავებს ეს მაგიდა, მოდით მოვხსნათ სადგამები და მაგიდის ქვეშ შევალაგოთ.“ კამპრადის თქმით სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია ახალი გენიალური იდეის დაბადება და IKEA-მ ავეჯის დაშლილ მდგომარეობაში გაყიდვა დაიწყო და მისი აწყობის „სიამოვნება“ მყიდველს დაუთმო. კომპანიამ ამით გაგზავნის დროს გამოწვეული დაზიანებები აიცილა თავიდან, ასევე ხარჯების შემცირებით ავეჯის ფასიც შეამცირა და მომხმარებლის კმაყოფილება კიდევ მეტად გაზარდა. ასე დაიწყო IKEA-მ ავეჯის „ბრტყელი შეფუთვით“ გაყიდვა და მისი საგამოფენო დარბაზების მაღაზიებად გადაკეთება.

პირველი დიდი მაღაზია 1958 წელს ელმხულტში გაიხსნა და მას უპრეცენდენტო წარმატება მოჰყვა. მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებდა მიწოდებას და კომპრანმა ნედლეულის ძებნა საზღვარგარეთ დაიწყო. მან არჩევანი პოლონეთზე გააჩერა.

1965 წელს სტოქჰოლმის შემოგარენში გაიხსნა IKEA-ს ფლაგმანური მაღაზია, მაშინდელი საზომით ეს უზარმაზარი კომპლექსი იყო ნოვატორული არქიტექტურითა და მიდგომებით. იაფ მიწაზე აშენებული უზარმაზარი ინფრასტრუქტურა კარგად ორგანიზებული მისასვლელი გზებითა და მანქანის სადგომებით.

IKEA-ს მაღაზია შედგება ოთხი ნაწილისგან: საგამოფენო დარბაზისგან, სავაჭრო დარბაზისგან, საწყობისა და სალაროების დარბაზისაგან. უმნიშვნელოვანეს, ნაწილს რა თქმა, უნდა შეადგენს ექსპოზიცია, რომელიც თავის მხრივ იყოფა ინტერიერებად და კომპაქტებად. აქვეა IKEA-ს ყველა მაღაზიისთვის დამახასიათებელი რესტორანი შვედური კერძებით. კომპრანდის თქმით ბიზნესი ცარიელ კუჭზე ვერასდროს იქნება წარმატებული. რამდენიმე საათიანი ვაჭრობის შემდეგ შეგიძლიათ ამ რესტორნის კერძებით ისიამოვნოთ. ასევე მაღაზიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია საბავშვო დარბაზები და ამ ოაზისის დამაგვირგვინებელია შვედური წარმოების პროდუქტების მაღაზია.

მილიარდერზე ბევრი მითი თუ რეალური ამბავი დადიოდა. ის ახალგაზრდობაში ნაცისტური პარტიის წევრი იყო და ჰიტლერის დიდი მოტრფიალე, თუმცა ცხოვრების ეს გადაწყვეტილება მან უდიდეს ფიასკოდ შეაფასა. ის ძალიან იაფ ტანსაცმელს ატარებდა  და მანქანით სიარულს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ერჩივნა. დიდი მითქმა-მოთქმის საგანი იყო მისი ძველი ვოლვო და შეიძლება უცნაურიცაა 60 მილიარდიანი კომპანიის მფლობელის ცხოვრების ასეთი ასკეტური სტილი, თუმცა ერთი რამ უდავოა: კამპრადი იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი თავად შექმნა და ოცნება რეალობად აქცია. მის მიერ ბიზნესში დანერგილი სიახლეები გენიალური იყო და მას მარკეტინგის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც თვლიდნენ. მის ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც თითქოს მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ იყო, თუმცა იგი არასდროს ნებდებოდა და პრაგმატული გადაწყვეტილებებით მუდამ პოულობდა გამოსავალს თითქმის გამოუვალი მდგომარეობიდან. მან მსოფლიოს აჩუქა ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომია ადამიანების ყველა ფენისთვის და ამავე დროს, მისი ავეჯი თანამედროვე ინტერიერის ყველა შტრიხს ფლობს. კამპრადმა საშუალება მისცა ადამიანებს, ძველი ავეჯი მიმდინარე წლის შესაბამისი ავეჯით შეცვალონ.

სათბური როგორც სახლი – პროექტი ტაივანში

პრაქტიკული რჩევები აუზის მოწყობისათვის