in

კონტრასტული ფერებით შექმნილი ინტერიერი ჭავჭავაძეზე — ნინო ნოზაძის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ნინო ნოზაძის ახალ, საინტერესო პროექტს გაგაცნობთ, რომელიც ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 120 მ2-ს შეადგენს.

როგორც დიზაინერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, დამკვეთი  ახალგაზრდა მუსიკოსია, რომელსაც წინასწარ განსაზღვრული საპროექტო დავალება არ ჰქონდა, ამიტომ ინტერიერზე მუშაობისას სრულად მიენდო პროექტის ავტორს. შედეგად, ბინაში საძინებელი ოთახი, სააბაზანო და სამუშაო კუთხე მოეწყო, პატარა სამზარეულო კი მისაღებ ოთახთან გაერთიანდა.

ინტერიერში აქცენტი განსხვავებულ მუქ ფერებზე გაკეთდა, რომლებიც სხვადასხვა ზონაში საინტერესოდ გამოიხატა. კედლები ღია, თეთრ ტონებშია შეღებილი, რაც სივრცის დახვეწილობას უსვამს ხაზს. იატაკის ზედაპირზე კი ღია ხისფერი მასალაა გამოყენებული, რომლის მეშვეობით თბილი ატმოსფერო იქმნება.

სამზარეულოს ავეჯი შავ ფერშია წარმოდგენილი და ელეგანტური შტრიხები შეაქვს საცხოვრებელში. მოზრდილი კუნძული კი მარმარილოსგანაა დამზადებული, რომელსაც იდეალურად ეხამება ოქროსფერი ხელსაბანი. ამ ნაწილს მიმზიდველად წარმოაჩენს განათება, რომელიც სამზარეულოს კუნძულს გამოკვეთს.

მისაღებ ოთახში კონტრასტული ფერებისა და საინტერესო დიზაინის ავეჯით სახასიათო სტილი მიიღება. მნახველის ყურადღებას იპყრობს დიდი იასამნისფერი ტახტი და შავ-თეთრი სავარძელი, რომლებიც შუშის ორიგინალური დიზაინის პატარა მაგიდის ირგვლივაა განლაგებული.

ამ ოთახშივეა მოწყობილი  სასადილო კუთხეც, რომელსაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ცოცხალი გამწვანება ანიჭებს. შეიძლება ითქვას, რომ სივრცე ძალიან ორიგინალური, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ზომიერია – მასში არ გვხვდება ზედმეტი დეტალები, აქსესუარები თუ დიზაიობიექტები, მაგრამ დახვეწილი ავეჯითა და ფერებზე ხაზგასმით, ინტერიერს მრავალფეროვანი და ინდივიდუალური ხასიათი ეძლევა.

საძინებელ ოთახში დომინანტური ყვითელი ფერი ფარდებსა და ხალიჩაზე გვხვდება, რაც ამ ოთახს სითბოთი და სიხალისით ავსებს.

სახლის გამორჩეული ზონა სააბაზანოა, სადაც მწვანე ფერის ხელოვნური ონიქსია გამოყენებული, რომელსაც იდეალურად ეხამება ოქროსფერი ელემენტები. სივრცეში განსაკუთრებული ატმოსფერო იგრძნობა, რაც უპირველესად, დომინანტური მწვანე ფერის დამსახურებაა. ის ოთახში სიმშვიდესა და მყუდროებას ქმნის.

ყურადღებას იპყრობს იატაკიც, სადაც მწვანე ფერთა პალიტრა ჰარმონიულად ერწყმის შავს. სააბაზანოში მოწყობილია როგორც საშხაპე, ისე სააბაზანო ზონა, რათა მაცხოვრებელს სრული კომფორტი შეექმნას. საინტერესოა ხელსაბანის დიზაინიც, რომელსაც ძველებური აქცენტები შეაქვს სივრცეში და ინტერიერს იდეალურად ეხამება.

ნინო ნოზაძის ახალი პროექტი სახასიათო, ელეგანტური დეტალებით გამოირჩევა, რომელშიც კონტრასტული ფერების გამოყენებით, საინტერესო სურათი იქმნება, რაც მნახველში ნამდვილად სასიამოვნო ემოციებს აღძრავს. გამორჩეულ ყურადღებას სააბაზანო ოთახი იქცევს, რომელიც საცხოვრებლის ესთეტიკას განსაზღვრავს და მაცხოვრებელს განსაკუთრებულ ატმოსფეროს უქმნის.

პროექტის ავტორი: ნინო ნოზაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Nino Nozadze Interior Design

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიო პარკაია

„Yamazaki“ — იაპონური მინიმალისტური და დახვეწილი დიზაინი მხოლოდ VELI.store-ზე

ოცნების სახლი სან-ფრანცისკოდან