in

კედლის ქაღალდის შეღებვა — რატომ იყენებენ ამ ტექნიკას შპალერის ან სტანდარტული ღებვის ნაცვლად?

ღებვისთვის განკუთვნილ კედლის ქაღალდს ინტერიერში ხშირად იყენებენ, ის განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს სივრცეს და კედლებს ერთიან, გლუვ სტრუქტურას ანიჭებს. ამასთანავე, ეფექტურად ფარავს კედლის ნაკლოვანებებს და მას ბევრად უფრო მომხიბვლელ, დახვეწილ და ელეგანტურ იერს სძენს.

შესაღები ქაღალდის გამოყენება „შიშველი“ კედლების სრულყოფილ ალტერნატივას გვთავაზობს. ის იდეალური საშუალებაა მიკრო ბზარების დასაფარად და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად. ასევე, ამგვარი მასალა ადვილად იღებს საღებავს, კედელს ერთიან ფერს აძლევს და მუქი ტონების მისაღებად მასზე დამატებით სპეციალური პრაიმერის წასმას არ საჭიროებს, რაც თავად კედლის მოპირკეთების პროცესსაც ამარტივებს. ხარისხიანი ქაღალდის შემთხვევაში, შესაძლებელია მასალის 7-8 ჯერ შეღებვა, რაც ხანგრძლივ გამოყენებაში მის მდგრადობასა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

შპალერისა და კედლის ღებვისგან განსხვავებით, ამ ტექნიკის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ქაღალდზე შესაძლებელია ზუსტად იმ ფერის მიღება, რა ტონალობის კედლებიც გსურთ. ამავდროულად, შესაღები ქაღალდი ზედაპირის ნაკლოვანებებს  უფრო სრულყოფილად ფარავს და მას დაზიანებისგან ეფექტურად იცავს.

პროფესიონალი მღებავი ზაზა ხალაძე გვიხსნის, რომ შესაღები ქაღალდის შემთხვევაში, მომხმარებელს არჩევანი უმარტივდება, რადგან შპალერისგან განსხვავებით, მისი მეშვეობით შესაძლებელია ზუსტად იმ იერსახისა და ტექსტურის მიღება, რაც მაცხოვრებელს სურს.

„მათ, ვისაც მოსწონთ შეღებილი კედელი და ამავდროულად არ სურთ კედლების „სიშიშვლე“, შესაღები ქაღალდი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ამას გარდა, შპალერთან მიმართებაში, მისი მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ შპალერის შერჩევისას გასათვალისწინებელია მისი ტექსტურა, რელიეფი, ფერი, სტრუქტურა, რაც ხშირ შემთხვევაში, რთული გადასაწყვეტია, რადგან შეიძლება შპალერის რელიეფი მოგვეწონოს, ფერი კი არა. შესაღები ქაღალდის შემთხვევაში კი არჩევანი მარტივდება და სასურველი ტექსტურისა თუ ფერის მიღება ადვილად ხდება“. 

თანამედროვე ინტერიერში შესაღები ქაღალდის მასალად ფლიზელინის ქაღალდი გამოიყენება, რომელიც ყველაზე ხარისხიანი, მდგარი და მტკიცეა. ის ორგვარია — ტექსტურის გარეშე და ტექსტურირებული, რომელიც კედლის დეფექტებს გაცილებით უკეთესად ფარავს. ფლიზელინი ცელულოზისა და სინთეზური ბოჭკოსგან შედგება. ის გახლავთ გაუმჯობესებული ქაღალდი, რომელიც საკმაოდ გამძლე, ეკოლოგიურად სუფთა და სუნთქვადია.

დარგის ექსპერტი გვიხსნის, რომ ფლიზელინის ქაღალდი კედლის ზედაპირს ბზარებისა და დაზიანებისგან იცავს, რაც ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების შედეგად ჩნდება და სივრცეს არაჯანსაღ და არასასიამოვნო იერს ანიჭებს.

„ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისას კედლები და თაბაშირმუყაო ფართოვდება და იკუმშება. ამგვარი ბზარები ხშირად გამოვლინდება ახალ შენობებსა თუ ახლად გარემონტებულ ინტერიერებში.ფლიზელინის ქაღალდი კი მისი წელვადობის გამო, კედელს დაზიანებისგან იცავს. თუმცა, დიდი ზომის ბზარების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი არ იხევა, მოჭიმულ ადგილას იბურცება და ცუდი შესახედია“, —­ ზაზა ხალაძე.

შესაღები ქაღალდის დატანამდე, კედელი საგანგებო დამუშავებას საჭიროებს კედელი. ექსპერტის თქმით, ზოგიერთი მომხმარებელი შეცდომას უშვებს და ფლიზელინის ქაღალდის გამოყენებისას სათანადოდ არ ასწორებს კედლებს, რაც დაუშვებელია. მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდი გარკვეულ დეფექტებს მალავს, ის, ბუნებრივია, ვერ ახერხებს ყველა ნაკლოვანების დაფარვას, რადგან ფლიზელინი ზუსტად იმეორებს კედლის სტრუქტურას. შესაბამისად, თუ კედელს რაიმე ხარვეზი აქვს, ის ქაღალდშიც გამოიკვეთება. ამიტომ აუცილებელია ზედაპირის გულისყურით და სათანადოდ დამუშავება და ზუსტად იმ საფეხურების გავლა, რაც კედლის შეღებვისთვისაა საჭირო.

გასათვალისწინებელია ღებვის ტექნიკაც. როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიხსნის, ქაღალდის შეღებვა უმჯობესია ლილვაკით, რადგან უჰაერო გამფრქვევის შემთხვევაში, წნევით შეღებილი საღებავი ფლიზელინის სტრუქტურას აზიანებს და აფუჭებს.

რაც შეეხება მასალის ღირებულებას ბაზარზე, ფლიზელინის ფასები ხარისხის მიხედვით განსხვავდება, თუმცა საშუალოდ, მისი ღირებულება 1 რულონის  შემთხვევაში (რომელიც 25 მ2 ჰყოფნის), 60-დან — 200 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფლიზელინის გაკვრის ხელობის საფასური 1 მ2-ზე, დაახლოებით 10-15 ლარია. ამას ემატება ქაღალდის შეღებვის ხარჯიც, რაც ინდივიდუალურად იანგარიშება და, საშუალოდ, 7-15 ლარს შეადგენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც მისაღებ ოთახს ვიზუალურად ამცირებს

რა განსხვავებაა დიზაინერსა და სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს შორის? — თინათინ ძირკვაძის გზამკვლევი