in

„Mezzanine“-მა დიზაინერ ნინო ნოზაძესთან კოლაბორაციით „Silk Factory Studio“-ში ახალი კოლექცია წარადგინა

10-17 სექტემბერს, „Silk Factory Studio“-ში  ავეჯის სტუდია  „Mezzanine“-ის ახალი კოლექციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელიც ინტერიერის დიზაინერ ნინო ნოზაძესთან თანამშრომლობით შედგა.

ნანანო ფაღავასა და ნატაშკა აბზიანიძის სტუდია „Mezzanine“-ი, საინტერესო ავეჯსა და ნივთებს უცვლის ფერს, მასალას, კონტექსტს, იერსახეს და მათ სრულიად განსხვავებული დიზაინის ობიექტებად გარდაქმნის. პროექტის შექმნის იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც მეგობრებისთვის რთული აღმოჩნდა ადგილობრივ ბაზარზე  განსხვავებული სტილის ავეჯის მოძიება. იმის გამო, რომ ნანანოსა და ნატაშკას ხედვები და იდეები ერთმანეთს ემთხვეოდა, პრობლემის გადაჭრის მიზნით, საკუთარi ავეჯის ხაზი – „Mezzanine“-ი ჩამოაყალიბეს, რომელიც ძველ, მეორად ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს.

ნანანო ფაღავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ „Mezzanine“-ი განსხვავებული ავეჯისა და დეკორატიული ობიექტების შოურუმს ხშირად აწყობს, რომელშიც სხვადასხვა თემატიკის მქონე ნივთები იყრის თავს და ახალი კოლექციის სახით  ერთიანდება.

ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძე, „Mezzanine“-თან ერთად, აქტიურად იყო ჩართული კოლექციის შერჩევისა და შოურუმის  მოწყობის პროცესში. კურატორ ლიკა ჭკუასელთან თანამშრომლობის ფარგლებში კი თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრებიც გამოიფინა, რომლებიც  „Mezzanine“-ის ავეჯისა და „Silk Factory Studio“-ს სივრცის გათვალისწინებით შეირჩა.

„ნინო ნოზაძესთან ერთად ხშირად ვქმნით პროექტებს. როდესაც „Silk Factory Studio“-ს სივრცე ვნახეთ, ერთობლივი ძალებით შევარჩიეთ შესაბამისი კოლექცია და შოურუმის ინტერიერი მოვაწყვეთ. კურატორი ლიკა ჭკუასელი კი დაგვეხმარა ქართველი არტისტების ნახატებითა და ნამუშევრებით გაგვემდიდრებინა სივრცე. გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა და საინტერესო გამოხმაურებაც მოჰყვა, რაც ძალიან გვახარებს“, — გვიამბობს  ნანანო ფაღავა.

„Silk Factory Studio“-ში მისულ დამთვალიერებლებს ავეჯის, სანათების, დეკორატიული ნივთებისა და ქართველი არტისტების – ნოდო უგულავას, დათო ნათიძის, ანა ჩადუნელის, თამარ გურგენიძის, ქეთი კაპანაძის, მარიამ საკნელაშვილის, ლეილა შელიას, ნატო ბაგრატიონის, სალომე ჯოხაძისა და სალომე დუმბაძის ნამუშევრების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: გიორგი პარკაია

სახლი-ბუმერანგი ავსტრალიაში

ნინო ელიავას ელეგანტური მინიმალიზმი ფალიაშვილის ქუჩაზე – სტუდია Objects-ის ნამუშევარი