in

ტური კენდალ ჯენერის ლოს-ანჯელესის სახლში

კარდაშიანების ოჯახის წევრი, კენდალ ჯენერი, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელია, შესაბამისად, ლოს-ანჯელესში მდებარე მისი ძვირადღირებული სახლის წარმოუდგენელმა ფუფუნებამ არ უნდა გაგვაკვირვოს.

Banner M2
Banner M2

კენდალ ჯენერის პირადი დიზაინერების გუნდი დედა-შვილის დუეტის – კეტლინ და ტომი კლემენტსებისგან (Kathleen and Tommy Clements) და ვალდო ფერნანდეზისგან (Waldo Fernandez) შედგება, რომლებიც აცხადებენ, რომ 24 წლის კლიენტისგან თავბრუდამხვევი გემოვნების ამგვარ გამოვლინებას სულაც არ ელოდნენ. „მისი გემოვნება გასაოცარია, ბევრად უფრო ბოჰემური და უნიკალურია, ვიდრე კენდალის ოჯახის წევრებისა. ის ატმოსფერო, რომლის დასადგურებაც კენდალს საკუთარ სახლში სურდა, ძალიან ამქვეყნიური და ბუნებრივი, ხელშესახები და მიწაზე დაშვებული იყო,“-ამბობს ტომი კლემენტსი.

ჯენერის სასადილო ოთახს Waldo Designs-ის ჭაღი და Axel Einar Hjorth-ის კაკლისა და მუხის მაგიდა-სკამები ამშვენებს

 

„მომწონს სახასიათო, გამორჩეული სახლები. როცა ამ სახლში პირველად შემოვდგი ფეხი, მაშინვე მიმიზიდა მშვიდმა, ესპანური ფერმის მსგავსა აურამ. ჩემი ცხოვრება ძალიან ქაოტურია, მუდამ მოგზაურობა და ენერგიის მობილიზება მიწევს, ამიტომ ისეთი სახლი მსურდა, რომელიც სიმშვიდეს ასხივებს, სადაც შემიძლია სულიერად დავისვენო,“-აცხადებს ჯენერი.

კენდალის საძინებელ ოთახში ტრეისი ემინის (Tracey Emin) ინსტალაციას შევხვდებით

სახლის თავდაპირველ პროექტში კენდალმა რამდენიმე ცვლილება შეიტანა. შენობის 5 საძნებელი ოთახიდან 2 გარდაიქმნა საგრიმიორო და გამოსაცვლელ ოთახებად. სასტუმრო ოთახი, ალბათ, ყველაზე კარგად გამოხატავს ჯენერის გემოვნებას – თბილი, ორგანული მასალები, მიწისა და მცენარეების ფერები, კომფორტული ავეჯი, მყუდრო აურის შემომტანი ბუხარი, ვინტაჟური ბალიშები და სავარძლები – ეს სულაც არაა ის აღწერა, რომელსაც ახალგაზრდა სუპერმოდელის გიგანტური სახლის დახასიათებისას ველოდებით ხოლმე.

„არ მიყვარს წვეულებები, ამიტომ ჩემს სახლში უკონტროლო ხალხმრავლობას ვერ შეამჩნევთ. საღამოობით ჩემს მეგობრებთან ერთად ბუხარსა და სანთლებს ვანთებ, მუსიკას ვრთავ და NBA-ს თამაშებს ვუყურებ ხოლმე“,-ამბობს კენდალი.

მთავარ სააბაზანოს Catchpole & Rye-ს აბაზანა, Waldo Designs-ის ხის სკამი და Woven-ის ანტიკური ხალიჩა უნიკალურს ხდის 

 

ჯენერს მზარეულობაც იტაცებს. „ამ სახლმა შთამაგონა, მეტი დრო გამეტარებინა სამზარეულოში. ამჟამად უკვე საკმაოდ კარგი მზარეული ვარ.“

კენდალ ჯენერი ხშირად აღნიშნავს, რომ სტრესთან, შფოთთან და პანიკურ შეტევებთან გამკლავება მისი ცხოვრების დიდი ნაწილია, ამიტომ საკუთარ სახლში უამრავი ხელოვნების ნიმუში აქვს დამოტაჟებული, რომლებიც ამშვიდებენ და თავს უკეთ აგრძნობინებენ. ამ შედევრებს შორისაა ჯეიმს ტურელის (James Turrel) კედლის სკულპტურა, სიზმრისეული, ქრომატული გამოსახულებით, რომელიც კომპიუტერით კონტროლირებადი ნათებით გამოირჩევა, ფერს იცვლის და ძალიან მშვიდ ტალღებს ავრცელებს.

ჯეიმს ტურელის ინსტალაცია

კენდალის საძინებელ ოთახში შესლისთანავე იქცევს ყურადღებას მისი კარის პანელები, რომლებიც მე-18 საუკუნეში, იტალიაშია დამზადებული და მფლობელისთვის ძალიან დიდი, ნოსტალგიური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან სწორედ ამ პანელებთან ერთად გაიზარდა – მისი ბავშვობის სახლსაც სწორედ ეს ისტორიული პანელები ამშვენებდნენ და საკუთარი სახლის შეძენის შემდეგ დედამ, კრის ჯენერმა, მას უსახსოვრა.

კარის პანელებთან ვხედავთ Galerie Half-ის ვინტაჟურ ფრანგულ სავარძლებს და  Holly Hunt-სა და  Steven Harsey Textiles-ის ფარდებს

როგორც კენდალის დიზაინერები აღნიშნავენ, მოდელს ძალიან უყვარს ხელოვნება, თუმცა ამ სფეროში ცოდნას ახლა იძენს. მიუხედავად ამისა, მას თავისი სახლისთვის არცერთი ხელოვნების ნიმუში არ შეუძენია მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ავტორის სახელი ძალიან ცნობილი იყო. ჯენერმა მხოლოდ ის ექსპონატები შემატა თავის სახლს, რომლებიც მისთვის რაღაცას ნიშნავდა -სწორედ ამიტომ, მისი სახლი გაჯერებულია შინაურული, ძვირფასი, სენტიმენტალური ატმოსფეროთი.

ფოტოგრაფი: William Abranowicz

როგორ ამოვიყვანოთ ლაქები ქვის ზედაპირიდან

ბინა ჭავჭავაძის გამზირზე – ნინო ნოზაძის პროექტი