in ,

კერძო სახლი ოქროყანაში – ელენე თოთიბაძისა და გიორგი გოგორიშვილის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ელენე თოთიბაძემ და გიორგი გოგორიშვილმა მიწის ნაკვეთი მთაწმინდაზე შეუღლებისთანავე, 2019 წელს შეიძინეს და ახალი ოჯახის შექმნა საკუთარ ახალ სახლში გადაწყვიტეს. ელენე პროფესიით იურისტია, ამჟამად ის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საერთაშორისო ჯგუფის, Marussia Beverages-ის მთავარი იურისტი და საქართველოში მათი შვილობილი სადისტრიბუციო კომპანიის დირექტორია. მიუხედავად იმისა, რომ მას ინტერიერისა და არქიტექტურის განხრით პროფესიული განათლება არასდროს მიუღია, ეს სფეროები საკმაოდ ახლოს არის მასთან, ვინაიდან მისი ყველა ოჯახის წევრი სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობს, დედა კი მხატვარი და ინტერიერის დიზაინერია. რაც შეეხება ელენეს მეუღლეს – გიორგის, ის სამშენებლო ბიზნესში მოღვაწეობს და შესაბამისად, ინტერიერის შექმნის კუთხით მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

თავიდანვე გვინდოდა ჩვენი საკუთარი სახლის აშენება და კორპუსის ბინის შეძენას არ განვიხილავდით, ჩვენი მიზნები ამ მხრივ ერთმანეთს იდეალურად დაემთხვა. თავდაპირველად ვნახეთ უამრავი ლოკაცია (კაკლების, ლისის თუ დიღმის კერძო დასახლებები), მაგრამ მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიას არაფერი ვარჩიეთ. ჰაერი, სიმწვანე, თავისუფლების მოედნამდე სულ 6-7 წუთის სავალი გზა – ეს იდეალური ლოკაცია იყო ჩვენთვის. აქ განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად. ამაში ნამდვილად დავრწმუნდით ამ 1 წლის განმავლობაში“, – გვიამბობს ელენე

როგორც ჩვენი რესპონდენტები იხსენებენ, თავდაპირველად მათ არ ეგონათ, რომ ორი ადამიანის გემოვნების თანხვედრა “უმტკივნეულოდ” მოხდებოდა და სახლის არქიტექტურულ ნაწილზე მარტივად შეთანხმდებოდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა და ასე გაჩნდა ამ ადგილას 300 კვ/მ ფართობის მქონე კერძო სახლი.

ჩემმა მეუღლემ მანახა ერთ-ერთი სახლის ფოტო და მკითხა, ჩვენც ასეთი ხომ არ აგვეშენებინაო. ფაქტობრივად, ასე “ერთ წუთში” შევთანხმდით, რომ ზუსტად ასეთი სახლი გვინდოდა. რა თქმა, უნდა მშენებლობის პროცესში გარკვეული დეტალები შევცვალეთ და ბევრი რამ გადავაკეთეთ, მაგრამ პროექტის იდეა ზუსტად ისეთია, როგორიც ვნახეთ და მოგვეწონა თავდაპირველად. 

სახლის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პროცესში უამრავმა სირთულემ თუ გაუთვალისწინებელმა მომენტმა იჩინა თავი, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ ორივემ, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ მომავალში. საბოლოო ჯამში კი შედეგით კმაყოფილები ვართ. ეს სახლი ზუსტად ასახავს ჩვენს პიროვნებებს და ხასიათს. ყველაზე მეტად კი ჩვენი შვილია კმაყოფილი, ის სუფთა ჰაერზე იზრდება, დარბის ეზოში და არ აწუხებს ქალაქის ხმაური,“- ელენე

რაც შეეხება სახლის ინტერიერს, ამ მხრივ წყვილს ელენეს დედა, დიზაინერი ნათია მჭედლიშვილი ეხმარებოდა, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტები გვიამბობენ, პროექტის მთავარი იდეები და კონცეფცია სრულად მათი გემოვნებით შეირჩა.

ნათელი, კომფორტული, თანამედროვე, სადა – ეს ის ძირითადი ელემენტებია, რაც ელენემ და გიორგიმ საკუთარი ინტერიერის შექმნის პროცესში დაისახეს მიზნად. მიუხედავად იმისა, რომ მათი გემოვნება საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, წყვილმა შეძლო საკუთარი სურვილებისა და ხედვების ჰარმონიული სინთეზი და მათი ერთ პროექტში გაერთიანება.

ჩვენ ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით. მაგალითად, გიორგის ძალიან უყვარს თანამედროვე ურბანული სტილი, ეგრეთწოდებული „Loft style”, მე კი უპირატესობას მინიმალისტურ სტილს ვანიჭებ. შესაბამისად, გამოკვეთილი ხაზები და გეომეტრიული ფიგურები იკვეთება როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. რკინა, დიდი ვიტრაჟები, აგური და რაც მთავარია, ბეტონის ჭერი – ეს ჩვენი ინტერიერის წამყვანი ელემენტებია. საბოლოო ჯამში, ვთვლით, რომ ამ ეტაპისთვის ორივეს მიზანი მიღწეულია. თუმცა, ჯერ მხოლოდ 1 წელია, რაც აქ გადმოვედით და მომავალში კიდევ უფრო მეტს შევმატებთ სახლს და გავაუმჯობესებთ მას.”

 ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე 

Home & Décor – თიბისი კონცეპტის განსაკუთრებული შეთავაზებები თქვენი სახლისთვის

რა განსხვავებაა მინასა და ბროლს შორის?