in

“ხრუშჩოვკის” სრული ტრანსფორმაცია საირმის ქუჩაზე — „Studio Murmuration“-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში ე.წ. „ხრუშჩოვკის“ ბინის პროექტის საინტერესო რენოვაციის შესახებ გიამბობთ, რომელზეც სტუდია “მურმურაციამ”  იმუშავა. ობიექტი საბურთალოზე, საირმის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 32 მ2-ია.

როგორც ცნობილია, „ხრუშჩოვკების“ მასობრივი მშენებლობა საბჭოთა კავშირის პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფამ  განაპირობა. ქარხნული წარმოების დიდგაბარიტიანი პანელების გამოყენებით შენობები უმოკლეს ვადაში შენდებოდა და ერთნაირი გეგმარებით ხასიათდებოდა. იმ პერიოდში მსგავსი ტიპის სახლები თავის ფუნქციას ასრულებდა, ახლა კი საკმაოდ მოძველებული და კომფორტს მოკლებულია, ამიტომ მნიშვნელოვან განახლებასა და გეგმარებით ცვლილებებს საჭიროებს.

შესაბამისად, აღნიშნულ საცხოვრებელში დამკვეთის მთავარი მიზანი ბინისთვის მიმზიდველი იერის მიცემა და მაქსიმალური კომფორტის შექმნა იყო, რაც გასაქირავებლად ყველა ხელსაყრელ პირობას უზრუნველყოფდა. პროექტის ავტორების მთავარი გამოწვევა კი მცირე ფართის პირობებში, თითოეული ზონის ათვისება, მისი სწორად გადანაწილება და მოხერხებული, ერგონომიული სივრცის შექმნა აღმოჩნდა, რომელიც, ამავდროულად, დაბალი ბიუჯეტის მიუხედავად, დიზაინითაც მომხიბვლელი და დახვეწილი უნდა ყოფილიყო.

პირვანდელი გეგმარება

დასახული მიზნის მისაღწევად ბინაში მნიშვნელოვანი გეგმარებითი ცვლილებები განხორციელდა. როგორც ცნობილია, ჩვეულებისამებრ, „ხრუშჩოვკის“ პროექტის ერთ-ოთახიან ბინებში სამზარეულო დანარჩენი სივრცისგან ტიხრით არის გამოყოფილი და მასთან მისასვლელად ვიწრო დერეფანია დაპროექტებული. დიზაინერების გადაწყვეტილებით კი აღნიშნულ პროექტში დერეფნის ხარჯზე სამზარეულო და აბაზანა გაფართოვდა. ასევე, ადგილი შეიცვალა სამზარეულოს ზონამ და მისაღებ სივრცესთან გაერთიანდა, მის ადგილას კი საძინებელი კუთხე მოეწყო.

განახლებული გეგმარება

თავდაპირველი გეგმარებისგან განსხვავებით, ბინაში არსებული ყველა ტიხარი მოიხსნა და მხოლოდ აბაზანის კედლები ამოშენდა, ღია გეგმარების მქონე სივრცე კი ერთმანეთისგან ავეჯის საშუალებით გაიმიჯნა. ასევე, პატარა შემოსასვლელ დერეფანთან დაპროექტდა სათავსოების ზონაც, მის მომიჯნავედ კი სასადილო და სამზარეულო მოეწყო, რომელსაც მისაღებისგან მცირე ზომის დივანი გამოყოფს.

რეკონსტრუქციის შემდეგ

საძინებელი სივრცე სხვა დანარჩენი ნაწილებისგან მსუბუქი საოფისე მაგიდით განცალკევდა, რამაც თავის მხრივ, პატარა სამუშაო კუთხე შექმნა. 3 მ2-ის ფორმის აივანმა კი განტვირთვისა და სუფთა ჰაერზე დასვენების საშუალება მისცა მაცხოვრებელს.

ინტერიერი ბიუჯეტური მასალებითა და ბრენდებით არის დაპროექტებული, თუმცა ფერების, ავეჯისა და დიზაინობიექტების ჰარმონიული შეხამებით, დიზაინი საკმაოდ მომხიბვლელია.

ძირითად ფერებად მწვანე ზეთისხილის ფერი, ვარდისფერი, იისფერი, კრემისფერი და რუხი ტონალობებია გამოყენებული, რაც შავი დეტალებით არის გაფორმებული.

ბინაში შესვლისთანავე განსაკუთრებულ ყურადღებას იისფერი სამზარეულო იქცევს, რომელიც სივრცეს აცოცხლებს და ახალისებს. აღნიშნულ ელემენტს ინტერიერში სითამამე შემოაქვს და მშვიდ, სადა ფერთა პალიტრას ამდიდრებს.

სამზარეულო ზონა მცირე ზომისაა, თუმცა მასში კომპაქტურადაა განლაგებული ტექნიკა და სათავსოები. აქვეა მოწყობილი პატარა სასადილო კუთხე მრგვალი მაგიდითა და შავი სკამებით.

 

ბინის სიმცირის მიუხედავად, ბინაში გვხვდება დასასვენებელი და მისაღები ზონა, რომელიც დანარჩენი სივრცისგან კომფორტული ტახტითაა გამოყოფილი და აივანს გადაჰყურებს.

 

საინტერესო გადაწყვეტას წარმოადგენს საძინებლის გამიჯვნა საოფისე მაგიდით, რაც  კომფორტულ სამუშაო გარემოს უზრუნველყოფს.

ღია გეგმარების მქონე სივრცეს მოცულობითი ეფექტი მიანიჭა შემოსასვლელში განთავსებულმა დიდმა სარკემ და ჭერამდე აწვდილმა კარადებმა, რომლებიც ტევად და მოსახერხებელ სათავსოს ქმნის.

ფერადი და მიმზიდველია აბაზანის ინტერიერიც, რომელიც გეგმარებითი ცვლილების შედეგად გაფართოვდა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სამრეცხაო, საშხაპე და ჰიგიენური კუთხეების კომპაქტური გადანაწილება და საკმაოდ მოსახერხებელი ოთახის მოწყობა.

„Studio Murmuration“-ის ნამუშევარი ე.წ. „ხრუშჩოვკის“ პროექტის საინტერესო გადააზრებას წარმოადგენს. სივრცისთვის ახლებური სიცოცხლის მისანიჭებლად პროექტში მნიშვნელოვანი გეგმარებითი ცვლილებები განხორციელდა. ტიხრების მოხსნის, ღია გეგმარებისა და დერეფნის ხარჯზე სრულფასოვნად განთავსდა ყველა საჭირო ზონა და საკმაოდ კომფორტული და ფუნქციური ბინა მოეწყო. ამ ამოცანას კი პროექტის ავტორები მცირე ფინანსური რესურსის გამოყენებით გაუმკლავდნენ, რაც აღნიშნული პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.

პროექტის ავტორი: „Studio Murmuration

გამოყენებული მასალები: „Domino“

აბაზანის ფილები: „Domino“

შემრევები: „Megaline“

კედლის მოპირკეთება: „BETEK“; „Caparol“; „Alpina“

განათება: „Smart light“; „New light“

ავეჯი: „Jysk“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

სკანდინავიური არქიტექტურული სტილით შთაგონებული შავი სახლი კანადაში

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ავეჯის ფერი სწორად ? – 4 საინტერესო რჩევა დიზაინერებისგან