in

როგორ აცოცხლებდა ლუის ბარაგანის სინათლე ფერების სიმკრთალეს

ლუის ბარაგანის (Luis Barragan) პოეტურ წარმოსახვაში სინათლე სივრცეზე და განზომილებაზე ნაკლებ როლს როდი თამაშობს. უხეში ტექსტურა და წყლის ანარეკლი მის ნაგებობებზე მზის სხივების მოქმედებას აძლიერებს. საიდან მოდის ასეთი ენერგია და როგორ აძლიერებს მას არქიტექტურა?

კედლების დაცვა

ბარაგანის არქიტექტურაში კედლები ხედებს თითქოს ზღუდავს, მაგრამ ამავე დროს, შუქ-ჩრდილებს მოხერხებულად ანაწილებს. მის კომპოზიციებში როგორც უხეში, ასევე გლუვი ფაქტურის მქონე კედლებია. პირველის მკაფიო, უსწორმასწორო ორნამენტები ტაქტილურ განზომილებას უსვამს ხაზს. მეორე კი პირიქით, უხმაურო, აბსტრაქტულ პეიზაჟს წარმოშობს. ის ერთგვარ საცქერ ტილოს გვთავაზობს, რომელზეც მოძრავი შუქ-ჩრდილების ხილვაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ კედლების სტრუქტურა მინიმალისტურ სტილშია შესრულებული, ტექსტურისა და ფერების ელემენტები პოეტურ განცდას ქმნის.

მკრთალი შუქის აუცილებლობა

უღრუბლო, მზიან რეგიონებში ადამიანები მცხუნვარე სხივებისგან თავშესაფარს ჩრდილიან ადგილებში ეძებენ. საჩრდილობელი კედლები და მცირე ზომის ფანჯრები ამ შენობებში კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. ეს სივრცითი სტრატეგია ბარაგანის პროექტებში მკაფიოდ ჩანს.

მაგალითად, კაპუცინების წმინდა სალოცავი ან „Casa Gilardi“. აქ არქიტექტორს ცისკენ მიმართული ნებისმიერი პირდაპირი ხედი მინიმუმამდე დაჰყავს. ის დიზაინს, სადაც დაჩრდილული უბნები არ იყო, აკრიტიკებდა: “არქიტექტორები ივიწყებენ დაჩრდილული შუქის საჭიროებას, რომელსაც საცხოვრებელ და საძინებელ ოთახებში სიმშვიდე შემოაქვს. დღეს, კომფორტული საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნისთვის,  საოფისე და კერძო შენობებში გამოყენებული სარკეების ნახევარი მოსაცილებელია.

ჩვენ უნდა შევეცადოთ სახლებში მენტალური და სულიერი სიმსუბუქის შემოტანას, თანამედროვე ცივილიზაციის დამახასიათებელი შფოთვის განქარვებას. სწორად დაგეგმილმა სივრცემ ფილოსოფიური ჭვრეტისთვის უნდა განგვაწყოს და მუშაობა კომფორტული უნდა გახადოს. გამაღიზიანებელი კაშკაშა შუქი კი ამ ყველაფერს ხელს უშლის.

გერმანელი ფოტოგრაფი და არქიტექტორი, მორის ბერნული რამდენიმე პროექტის მონახულების შემდეგ მის დამოკიდებულებას ასე ხსნის: „ის, თუ როგორ დირიჟორობს ბარაგანი შუქით, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე ეგრეთწოდებული მექსიკური ფერები. ფანჯრების დაპატარავებით ბარაგანს დღის შუქის მოქმედება მინიმუმამდე დაჰყავს. „Casa Gilardi „ -ში შუქი ყვითელი, კორიდორში ჩაყენებული გაუმჭვირვალე შუშის მეშვეობით იფილტრება, ხოლო მის საკუთარ სახლში ფანჯრები სულაც ოთახის კუთხეშია მოქცეული“

ბაღები და ფერები

ფრანგ ლანდშაფტის დიზაინერ, ფერდინანდ ბაკთან შეხვედრამ ბარაგანს ბაღების სილამაზე ახლებურად დაანახა. ბაკის ბაღებისადმი დამოკიდებულებამ და შეხედულებებმა არქიტექტორზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. 1980 წელს, პრიცკერის პრემიის დაჯილდოების დროს ბარაგანმა ბაკის ციტირება მოახდინა: „ბაღებში უშფოთველობის სულის უზარმაზარი მარაგია, რომელიც ადამიანის განკარგულებაშია“. დაჯილდოებისას ნომინანტმა აღნიშნა, რომ სწორედ იდუმალებისა და უშფოთველობის ერთობლიობა იყო ის, რაც მას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნდა თავის პროექტებში. არქიტექტორი წარმოსახვაში „ჰასიენდებსა“ და მექსიკის ბაღებში თავისუფლად დანავარდობდა, სადაც შემოქმედი სული შთაგონებას პოულობდა.

კრიტიკოსების აზრით, ბარაგანის მიერ გამოყენებულ ფერთა გამაზე მექსიკის ფერადი ნაგებობების ზეგავლენა იგრძნობა. იაპონელი არქიტექტორის, იუტაკი იასნოს აზრით კი არქიტექტორს ფერები მისი საცხოვრებელი გარემოდან აქვს აღებული: „ამგვარად, მისი ვარდისფერი ბუგენვილიდან წარმოდგება, ჟანგისფერი – წითელი და მეწამული ტაბაჩინის ხისგან მოდის, ლურჯი ზეცის ფერია,  ყვითელი – მიწის. ჩემთვის აღმოჩენა იყო, როდესაც ხელში ყვავილები ავიღე და შენობებს შევადარე. ისინი იდეალურად დაემთხვა ერთმანეთს. ეს ფერები მწვანე ხეებისა და მცენარეების ფონზე ძლიერ კონტრასტს ქმნის“. ზოგჯერ ბარაგანი შიდა ეზოებსა და სივრცეებში ცის ხედის გასაძლიერებლად ცისფერ კედლებს იყენებდა.

ბარაგანის მემკვიდრეობა, მოდერნისტების თეთრისკენ მძაფრი მისწრაფებების საწინააღმდეგო კონტრაპუნქტების კრებულს წარმოადგენს. თავისი კოლეგებისგან ყველაზე მნიშვნელოვანი გადახრა ის იყო, რომ მოდერნისტები რკინის კონსტრუქციებში არსებული მიღწევების ხაზგასმას ფართო, შემინული სივრცეების მეშვეობით ცდილობდნენ. ბარაგანი კი პირიქით, სივრცის მზის პირდაპირი და მკვეთრი სხივებისგან დაცვის მიზნით, ამცირებდა მათ. მეორე ასპექტი ფერთა პალიტრას ეხება, რომელიც გაცილებით ნაკლები არეკვლის უნარიანია, ვიდრე იმ დროისთვის დამახასიათებელი, მოდერნისტული კუბები. და ბოლოს, მისი ნაგებობების უხეშად ტექსტურირებული კედლები ჩრდილების დახვეწილ ნიუანსებს ქმნიდა, რომლებიც დღის განმავლობაში იცვლებოდა და ვითარდებოდა.

ეს სამი ელემენტი ზედმიწევნითაა კომპონირებული: ბარაგანის უნიკალურ სინათლესა და ტექსტურას არქიტექტურაში პოეტური განზომილება შემოაქვს და მონუმენტური კედლების ანსამბლს აბალანსებს.

წყარო: Archdaily.com

“Gotten Manor” – მე-17 საუკუნის იდილია კუნძულ უაიტზე

ტური Hammock Magazine-ის დამფუძნებლის, გიორგი მაისურაძის სახლში