in

ხელოვნების ნიმუშებითა და ბუნებით შთაგონებული მდიდრული პენტჰაუზი ნიუ-იორკში

ბოლო წლებში პოპულარული გახდა ტერასები და მრავალფეროვანი ბაღები, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ და ხმაურიან ქალაქებში, როგორიც ნიუ-იორკია. პენტჰაუზი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, სწორედ ამ ქალაქის მახლობლად მდებარეობს და ახალგაზრდა ოჯახს ეკუთვნის, რომლებსაც კომფორტული საცხოვრებელი და ფუნქციური ეზო სურდათ, სადაც მეგობრებთან ერთად შეკრებას შეძლებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ თავად საცხოვრებელი ძალიან დახვეწილი და ელეგანტურია, თავდაპირველად წყვილს მისი შეძენის სურვილი კონკრეტულად მრავალფეროვანმა ტერასამ გაუჩინა, რომელსაც ამერიკული ხასიათი აქვს, გაშენებულია ჯუჯა მცენარეები და ხეები, საბოლოო ჯამში კი პენტჰაუზის ეს ნაწილი მისაღები ოთახის მსგავს ადგილს ქმნის, რომელიც იდეალურია დასასვენებლად და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად. ტერასაზე ჰოლანდიელმა დიზაინერმა იმუშავა, რომლის მთავარი მიზანიც იყო ის, რომ ბაღის ნაწილი წელიწადის ყოველ სეზონზე მწვანე და მრავალფეროვანი ყოფილიყო.

პენტჰაუზის მეპატრონეებს ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია აქვთ, რამაც ინტერიერის დიზაინში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისაღებ ოთახში ვხვდებით კედლის მრავალფეროვან ნახატებსა და ჭაღს, რომლებიც ნიდერლანდელი დიზაინერების მიერაა შექმნილი და საკმაოდ ძვირადღირებულ ნიმუშებს წარმოადგენს.

სასადილო სივრცეში განთავსებულია ამერიკელი მხატვრის, Tishan Hsu-ს ნამუშევრები, ხოლო ჭაღის დიზაინი Frederik Molenschot-ს ეკუთვნის. ამ ნაწილში კედლები თეთრი ფერისაა, რაც შეეხება ნახატებსა და დეკორაციებს, ისინი ჯენი სი ჯოუნსსა და ჰარმონი ჰემონდსის მიერ არის შექმნილი.

სამზარეულოში ძირითადად ხის მასალაა გამოყენებული, ავეჯის დიზაინი Amuneal-ის ბრენდს ეკუთვნის, რომელიც ფილადელფიაში დაარსდა და ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე რამდენიმე შოურუმს აერთიანებს.

კიბეებთან ვხვდებით ჭაღს, რომელიც შვედი დიზაინერის, ფრიდა ფელმანის კოლექციიდანაა და მეპატრონეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნივთია.

პროექტში ორი საძინებელია გათვალისწინებული. მთავარ საძინებელს აქვს საკუთარი ტერასა, რომელიც ყოველ საღამოს მზის ჩასვლის ხილვის შესაძლებლობას იძლევა.

ბინას საკმაოდ დიდი ზომის ფანჯრები ამშვენებს, ოთახებში ვხვდებით მწვანე მცენარეებს, რომლებიც ტერასას და შიდა სივრცეს შორის ბალანსსა და ჰარმონიას ქმნიან.

მთავარი კონცეფცია ხელოვნებისა და ბუნების თანხვედრაა, რაც მას დამატებით ინდივიდუალიზმს სძენს. ტერასიდან წყვილს ნიუ-იორკის ხედებით ტკბობის შესაძლებლობა აქვთ, შიდა ნაწილი კი შედარებით მშვიდი და ელეგანტურია, რაც მათ დასვენებისა და განტვირთვის საშუალებას აძლევს.

სად ვიყიდო საახალწლო სუფრისთვის საჭირო ყველა კომპონენტი სახლიდან გაუსვლელად?

ვარდისფერი სამზარეულო – იდეები შთაგონებისთვის