in

ემოცია როგორც მარადიული დიზაინის საფუძველი – ინტერვიუ მეგი დავითიძესთან

თუ დავაკვირდებით იმ სივრცეებს, სადაც დიდხანს დარჩენა გვსურს და თავს მყუდროდ და კომფორტულად ვგრძნობთ, მათ შორის ბევრ საერთოს აღმოვაჩენთ. მახასიათებლებს, რომლებიც ასეთ სივრცეებს აერთიანებს, როგორც წესი, არაფერი აქვთ საერთო ტექნიკურ გადაწყვეტასთან. ნამდვილად გააზრებული სივრცის შესაქმნელად არ არის საკმარისი ფუნქციურად გამართული და დანიშნულების შესაბამისი დიზაინის შექმნა – მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტორმა შეძლოს იმ ემოციის გამოწვევა, რაც სივრცეს მარადიულობას ანიჭებს. ზოგჯერ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ შენობას პირად გამოცდილებად ისეთი დეტალები აქცევს, როგორიცაა სინათლე, ფერი ან ტექსტურა. სწორედ უნიკალური ელემენტებით არის შესაძლებელი ინდივიდუალური ხასიათის შექმნა, რომელიც ადამიანებისთვის დასამახსოვრებელი ხდება და კონკრეტულ გარემოში დაბრუნების საბაბად იქცევა. 

მეგი დავითიძე სწორედ იმ არქიტექტორთა ახალ თაობას ეკუთვნის, რომლისთვისაც თითოეული პროექტი კონკრეტული კონტექსტის, ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის გააზრებით იწყება და საბოლოოდ იქცევა ატმოსფეროდ, რომელიც სივრცეს საკუთარ ხასიათსა და ემოციურ სიღრმეს ანიჭებს. ინტერვიუში ის გვიამბობს პროფესიულ გზაზე, studio2am-ის ჩამოყალიბებასა და იმ ხედვაზე, რომლის მიხედვითაც დიზაინი უნდა ქმნიდეს გარემოს, რომელში ყოფნა აუჩქარებელი და ბუნებრივია.

მეგი, გვიამბეთ თქვენ შესახებ – როდის დაინტერესდით არქიტექტორის პროფესიით და როგორ იპოვეთ თქვენი გზა დიზაინის სფეროში?

არქიტექტურით დავინტერესდი ადრეული ასაკიდან – როდესაც მივხვდი, რომ სივრცეზე ფიქრი მსიამოვნებდა, ხშირად ვაკვირდებოდი იმ ადგილებს, სადაც ვიმყოფებოდი და მეფიქრებოდა იმის შესახებ, რას შევცვლიდი ამა თუ იმ სივრცეში, რა მაწუხებდა, რა იქნებოდა უკეთესი. შესაბამისად, პროფესიის არჩევა რთული არ ყოფილა და ეს გადაწყვეტილება ბუნებრივი ნაბიჯი იყო.

როგორ გაჩნდა studio2am-ის დაარსების იდეა და რატომ ეს სახელწოდება?

უკვე წლებია, რაც მე და ჩემი პარტნიორი – ანამარია ჭელიძე – ერთად ვმუშაობთ. ჩვენმა საერთო გამოცდილებამ დაგვანახა, რამდენად კომფორტული და საინტერესო იყო ერთად მუშაობა საერთო ხედვებიდან, მუშაობის სტილიდან თუ ღირებულებებიდან გამომდინარე. studio2am-ის დაფუძნება კი მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც 2022 წელს თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ბაშირ ბენკირანთან ერთად ვიმუშავეთ ინსტალაციაზე „დროებითობის ტოტემი“. ამ პროექტზე მუშაობამ დაგვარწმუნა, რომ მზად ვიყავით ჩვენი სტუდიის შესაქმნელად. რაც შეეხება მის სახელწოდებას, ის ჩვენი სამუშაო რიტმიდან გაჩნდა. ხშირად ღამის საათებშიც გვიწევდა მუშაობა, ამიტომ “2AM” სიმბოლურად ჩვენს სამუშაო ენერგიას გამოხატავს.

რა ფილოსოფია უდევს თქვენს სტუდიას საფუძვლად? როგორ ვლინდება ეს იდეები თქვენს შემოქმედებით პროცესსა და ნამუშევრებში?

ჩვენი მიზანია, რომ სივრცე გაცდეს ფუნქციური ობიექტის საზღვრებს და მნახველში ემოციები გამოიწვიოს. ატომსფერო, რომელიც ფორმის, მასალისა და სინათლის ერთობლიობით იქმნება არის ის საკვანძო ელემენტი, რომელიც აყალიბებს ურთიერთობას ადამიანსა და სივრცეს შორის. შემდეგ კი სწორედ ეს ემოციური კავშირი აძლებს სივრცის ღირებულებას და ხდის მას დასამახსოვრებელს. ამიტომ, თითოეულ პროექტს უნიკალურად აღვიქვამთ და ინდივიდუალურად ვუდგებით – არ ვმუშაობთ წინასწარ განსაზღვრული ფორმულებით თუ სტილით.  ჩვენს ნებისმიერ პროცესს ყოველთვის კონკრეტული კონტექსტი, შინაარსი და ამოცანა განსაზღვრავს. საწყისი ეტაპი კი ყოველთვის კვლევაა – იმ გარემოს, ფუნქციის, მასშტაბისა და ნარატივის გაანალიზება, რომელიც სივრცემ თუ ობიექტმა უნდა შეიძინოს. მართალია, თითოეული პროექტი განსხვავებულია, თუმცა მიზანი მუდამ ერთია – მივიღოთ სივრცე, რომელიც რეაგირებს კონტექსტზე და ამავდროულად, სივრცით გამოცდილებას ქმნის. 

თქვენი აზრით, რა არის მარადიული დიზაინის მთავარი პრინციპი – როგორ იქმნება ინტერიერი, რომელიც უძლებს დროს პრაქტიკული და ესთეტიკური თვალსაზრისით?

სივრცეს ადამიანის გრძნობებსა და განწყობაზე უნდა ჰქონდეს გავლენა და ქმნიდეს ისეთ გამოცდილებას, რომელიც ხანგრძლივად რჩება მეხსიერებაში. სივრცის თითოეული ელემენტი – მასალა, ტექსტურა, სინათლე უნდა იყოს კონკრეტული ამოცანის გათვალისწინებით შერჩეული და არა რომელიმე ტრენდის თუ სტილის შთაგონებით შექმნილი. სივრცე უნდა აღძრავდეს ემოციებს, ილექებოდეს მეხსიერებაში. სწორედ ეს ემოცია და გამოცდილება აძლევს დიზაინს იმ მარადიულობას, რომელიც დროის განმავლობაში არ კარგავს საკუთარ მნიშვნელობას.

Market Hall As A Narrative Device

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ბოლო პერიოდის პროექტები ემსახურება საინვესტიციო მიზნით შექმნილი ბინების დიზაინის გადააზრებას. რა არის თქვენი მთავარი სათქმელი ამ ტიპის პროექტების შექმნისას?

დღეს საკმაოდ აქტუალურია ბინების საინვესტიციოდ შეძენა და ეს დიზაინის ხედვაზეც აისახა. სივრცეები სულ უფრო ხშირად იქმნება არა კონკრეტული მობინადრისთვის, არამედ ბაზრისთვის. შედეგად, ხშირად იკარგება ინდივიდუალურობა და ბინები ერთმანეთს ემსგავსება. ბოლო პერიოდში ჩვენც მოგვიწია საინვესტიციო სივრცის დიზაინზე მუშაობა და ამ მიმართულების ფარგლებში წამოვიწყეთ პროექტების სერია, რომლის თითოეული სივრცეც გვაჩვენებს, რომ მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს კონკრეტული მობინადრე, შესაძლებელია შეიქმნას სივრცე, რომელსაც აქვს ხასიათი და ამავდროულად, არის კონტექსტზე მორგებული. 

როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება თანამედროვე დიზაინი საქართველოში? როგორ ხედავთ საკუთარ როლს ამ განვითარების გზაზე?

საქართველოში დღეს მე ძალიან ბევრი ნიჭიერი და ინოვატორული კოლეგა მყავს, რომლებიც სივრცეზე მხოლოდ ვიზუალური თვალსაზრისით არ მუშაობენ. მათ ნამუშევრებს ხშირად აშუქებენ საერთაშორისო პლატფორმები, რაც ერთი მხრივ, ქვეყნის პოპულარიზაციას ეხმარება, მეორე მხრივ კი მსოფლიოს აცნობს ქართულ არქიტექტურასა და დიზაინს. ძალიან გვიხარია, რომ studio2am-საც უკვე შეაქვს საკუთარი წვლილი ამ პროცესში.

როგორია თქვენთვის იდეალური სივრცე?

იდეალური სივრცე სენსორული, ემოციური, გააზრებული და დასამახსოვრებელია, პასუხობს დროსა და კონტექსტს და არ არის ტრენდებზე დაფუძნებული.

 

ხეებით გარშემორტყმული სახლი სინგაპურში – Guz Architects-ის პროექტი