in

მინიმალისტური ბინა ბეტონითა და შუშით თელ-ავივში

თელ-ავივის ცენტრში მდებარე დუპლექსის მფლობელი თანამედროვე და მომხიბვლელ საცხოვრებელზე ოცნებობდა, სადაც მძიმე სამუშაო დღის შემდეგ კარგად დასვენებასა და მეგობრებთან გართობას შეძლებდა.

ბინის მფლობელი ახალგაზრდა შემოქმედი კაცია, რომელიც ახალ საცხოვრებელს რამდენიმე წელი ეძებდა. მას ცენტრში, მოვლენების შუაგულში ცხოვრება სურდა და ამავე დროს ქალაქის „დუღილს“ მის „მყუდრო სამყოფში“ ვერ უნდა შეეღწია. ახალგაზრდამ არჩევანი საბოლოოდ თელ-ავივის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში მდებარე 62 კვადრატული მეტრის მქონე დუპლექსზე შეაჩერა.

ბინას სასიამოვნო ბონუსად 30 კვ/მ აივანი მოჰყვა, სადაც სუფთა ჰაერზე საუზმობა, შეზლონგზე მზის აბაზანების მიღება და მეგობრებთან საღამოების გატარებაა შესაძლებელი. ეს პატარა სავანე პატრონის დამსახურებაა. მისი დაკვეთით დიზაინერ იაელ პერრის (Yael Perry) შიშველი კედლების თანამედროვე, კომფორტულ, მინიმალისტური სტილის ბინაში გარდასაქმნელად საკმაო შრომის გაწევა დასჭირდა.

დიზაინერმა, პირველ რიგში, სერიოზული გადაგეგმარება ჩაატარა და რამდენიმე უსარგებლო ტიხარი მოხსნა. შედეგად, მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთიან ნათელ სივრცედ გადაიქცა. მისაღებში ცენტრალური ადგილი დივნების სისტემას უკავია, რომელიც სარკისებრი ჟურნალის მაგიდის, მარსელ ბროიერის საკულტო სავარძელის – „Wassily”-ის წყვილისა და ჩესტერფილდის კლასიკური ტყავის დივნისგან შედგება. ერთი შეხედვით ეკლექტური, თუმცა ჰარმონიული შერწყმაა, რომელიც ეპოქალური სტილების საინტერესო ანსამბლს გვთავაზობს.

მასპინძელი სახლში თითქმის არ ამზადებს, ამიტომ სამზარეულოს გარნიტური სარკის კარების მიღმაა დამალული, თვალსაჩინო ადგილზე კი მხოლოდ კუნძულია დატოვებული, რომელიც ასევე სარკის ფილებითაა მოპირკეთებული. ასეთი გადაწყვეტილების წყალობით, სამზარეულო თითქოს სივრცეში ლივლივებს.

სარკისებრი ზედაპირები სახლის სხვა ოთახებშიცაა გამოყენებული. მაგალითად, საძინებელში, სადაც სარკის კარებიანი კარადა დგას და სააბაზანოში. ეს ხერხი დუპლექსის პატარა სივრცეს უფრო ნათელად და ვრცლად წარმოაჩენს, შავ დეტალებს კი ინტერიერში ზომიერი სიმკაცრე, გრაფიკა და რიტმი შემოაქვს.

ფოტო: იტაი ბენიტი

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მტვერსასრუტის შეძენის დროს

არქიტექტურა შეგრძნებების დონეზე – ლადო ლომიტაშვილის ფილოსოფია