in ,

არქიტექტურა შეგრძნებების დონეზე – ლადო ლომიტაშვილის ფილოსოფია

Alliance Group
Alliance Group

ლადო ლომიტაშვილი პროფესიით არქიტექტორია. როგორც თავად გვიამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრებს არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროსთან არ აქვთ კავშირი, მან მოზარდობის ასაკიდან უკვე იცოდა, რომ არქიტექტურა იყო მისი მთავარი ინტერესი და შესაბამისად, სამომავლო პროფესიის არჩევა არ გასჭირვებია.

ბავშვობის წლებზე დაფიქრება ყოველთვის საინტერესო ფაქტებს მახსენებს ხოლმე საკუთარ თავზე. მახსოვს, რამდენიმე გამოგონილი თამაშიც მქონდა – პულვერიზატორით მიწაზე ვხატავდი და ვაკვირდებოდი გამოსახულებას, თუ  როგორ იცვლიდა ის ფორმას და ხასიათს დროთა განმავლობაში; ასანთის ღერებს სიგრძეზე ვალაგებდი და მიღებულ მონაკვეთს ვადარებდი ორ სხვადასხვა ობიექტს შორის მანძილებს… მაშინ ამ ყველაფერს მხოლოდ გასართობი მიზანი ჰქონდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ბევრი პროფესიული უნარი სწორედ ამ გართობებმა გამომიმუშავა. სივრცეების და ნივთების მიმართ პირადი შეგრძნებებიც ბავშვობიდან მომყვება,”- გვიამბობს ლადო

ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის განხრით ლადომ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დაამთავრა. ვინაიდან სწავლის პარალელურად ფიზიკურ ნამუშევრებზე მუშაობაც სურდა, ამ პერიოდში სხვადასხვა ფერწერულ თუ სკულპტურულ ობიექტებს ქმნიდა, რამაც, შესაძლებლობა მისცა, სახელოვნებო სცენაზე ადგილ სპეციფიკური ინსტალაციები ეკეთებინა. როგორც თავად გვიამბობს, სივრცე, ფორმა და მათი კონტექსტი იყო მისთვის მთავარი საფიქრალი. ამ გამოცდილების მიღების შემდეგ კი ლადომ კონტექსტუალური დიზაინის შესწავლა გადაწყვიტა და ამ მიზნით ნიდერლანდებში, ეინდჰოვენის დიზაინის აკადემიაში ჩააბარა, სადაც საკმაოდ ინტენსიური და საინტერესო ერთ წლიანი პერიოდი გაიარა, რომელიც მოიცავდა ახალი ქვეყნის, ხალხის, პასუხისმგებლობის შეცნობასა და რაღაც სრულიად ახლის ძიების პროცესს. საკუთარ ხედვებსა და შემოქმედებაზე დღეს ლადო ლომიტაშვილი თავად გვიამბობს:

Booth at Design Georgia

– რა არის თქვენთვის არქიტექტურა?

– ჩემთვის არქიტექტურა არის ზუსტად ის ფიზიკური განზომილება, რომლის დეფინიციაში სიტყვები ძნელად მოსაძებნია. ეს არის შეგრძნებები, რომლებიც ქცევას გიცვლის და ცდილობ ადაპტირდე მოცემულ გარემოებაში მაშინ, როცა სულიერი სიმშვიდის მიღების პროცესში ხარ. ჩემთვის მისაღები არქიტექტურა ყველა იმ ხასიათს იმეორებს, რაც დადებითი ადამიანის გუნების ნაწილია.

დღესდღეობით, მეტწილად რენოვაციების პროექტებით ვინტერესდები. მგონია, რომ უამრავ მიტოვებულ თუ ფუნქციადაკარგულ შენობას აქვს უდიდესი პოტენციალი, სრულიად ახალი, დღევანდელი ცხოვრების ადეკვატური სიცოცხლე შეიძინოს, თავისივე ისტორიით ტრანსფორმირდეს და მოერგოს დღევანდელ საჭიროებებს თანამედროვე კონტექსტით.

– თქვენი კარიერის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, თქვენ ასრულებთ ნამუშევრებს  სხვადასხვა მიმართულებით. რა სპეციფიკასთან არის დაკავშირებული ეს პროცესი?

– ყოველთვის მიჭირს საკუთარი რეგალიის თქმა, რადგან კონკრეტული ერთი მიმართულებით არასდროს შემოვიფარგლებოდი. უბრალოდ შეუძლებელი იყო შინაგანი სურვილები მხოლოდ ერთ მედიუმში გადმომეთარგმნა.

სანამ არქიტექტურაზე ჩავაბარებდი, ძირითადად შემოქმედებით იმპულსებს ფოტოგრაფიით ვიკმაყოფილებდი. იმის გამო, რომ გარემო მუდმივად იცვლება, მინდოდა ჩემი ხედვა რაღაც ხელშესახებით დამეფიქსირებინა. ძირითადად აღბეჭდილი მქონდა რამდენიმე მასალის კომპოზიცია, თუ როგორ ეწყობოდნენ ისინი ერთმანეთს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ძირითადად არქიტექტურის სწავლისას, თავად მქონდა მასალებთან ურთიერთობისა და ჩემით შექმნილი კომპოზიციების მოფიქრების წყურვილი. ამიტომ ორგანზომილებიანი სიბრტყიდან სამგანზომილებიანზე გადავერთე. ფოტოგრაფიიდან – სკულპტურებამდე, სკულპტურებიდან – ინსტალაციებამდე, ინსტალაციებიდან – ფუნქციურ დიზაინამდე… როდესაც მეგონა, რომ პროფესიებს ვიცვლიდი ერთიდან მეორეში, აღმოვაჩინე, რომ ყველაფერს ერთი საწყისი ინტერესი – სივრცე და მისი ჩემებური აღქმა აერთიანებს.

გამოფენის დიზაინი რუსუდან ხიზანიშვილის პროექტისთვის, Window Project, 2021წ. ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე

– რა არის ის აუცილებელი პირობები, რაც თქვენ გჭირდებათ სამუშაოდ? როგორ ქმნით
თქვენს ნამუშევრებს? საიდან იღებთ შთაგონებას?

– გამიჭირდება რაიმე კონკრეტულის გამორჩევა, რაც მეხმარება შთაგონებაში. პროცესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შინაარსი, რა ტიპოლოგიასთან მაქვს საქმე და როგორ რეალიზდება ეს ყველაფერი ფიზიკურ სხეულად. პირველ რიგში, მთავარია კარგად გავიგო რას ვაკეთებ, შემდეგ – როგორ ვაპირებ ამის გაკეთებას და ასევე აუცილებლად უნდა ვიცოდე, თუ რატომ მინდა რომ ასე გავაკეთო. კონცეფციის გარეშე თავად მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და, რასაკვირველია, მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება არ არის ჩემთვის მთავარი. შესაბამისად, რაიმე კონკრეტულზე ფიქრისას, ყოველთვის ავტომატურად კონსტრუქციულ ჭრილშიც ვუყურებ და ვფიქრობ. ცხადია, მთავარი არის საბოლოო შედეგი და რადგან საქართველოში დღეს ძალიან ძნელია, იყო დამოკიდებული მხოლოდ შემსრულებელზე, ამიტომ კონსტრუქციულად ვცდილობ, მაქსიმალურად სრულყოფილი ნახაზი მოვამზადო, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შინაარსიდან გამომდინარე არის მოფიქრებული, არ დაიკარგოს.

– ვისაუბროთ თქვენს პროექტებზე. რომელ ნამუშევრებს გამოარჩევდით?

– ყველა ნამუშევარი, ასე თუ ისე, დიდ როლს თამაშობს საკუთარი თავის გაზრდაში თუ ახალი გამოცდილების მიღებაში. ინფორმაციის შეგროვება თუ რაიმე სახის კვლევა, რომლებიც წინ უძღვის ნამუშევრების შექმნას, საკმაოდ ღირებულია ჩემთვის. განსაკუთრებით გამორჩეულია ალბათ ის ნამუშევრები, რომლებიც მსგავსი პროექტის გამოცდილების ნაკლებობით შეიქმნა. ვგულისხმობ პირველ ნაბიჯებს ამა თუ იმ მედიუმში.

იმის გამო, რომ თავდაპირველად ძირითადად ჯგუფურ გამოფენებში მიწევდა მონაწილეობა და ჩემთვის მნიშვნელოვანია მთლიანი კონტექსტი, მთლიანი სივრცე თუ სად გამოიფინება ნამუშევარი და რასთან მიმართებით, ამიტომ ჩემი პირვანდელი ნამუშევრებიც ბევრად მინიმალისტური და მონოქრომული იყო. შემდეგ მომეცა საშუალება სოლო გამოფენებით გამომეხატა სათქმელი, სადაც მასალებიც და ფერებიც გამრავალფეროვნდა. დღესდღეობით ჩემი პრაქტიკა უკვე არაერთ სოლო და ჯგუფურ გამოფენას, ინტერიერისა და საგამოფენო დიზაინის პროექტს მოიცავს. უკვე ვმუშაობ საავტორო არქიტექტურის მიმართულებითაც და სწორედ ამ მიზნით, 2020 წელს ნიდერლანდებიდან დაბრუნების შემდეგ, ოფიციალურად დავაარსე Studio Gypsandconcrete.

– რას ურჩევდით თქვენს სფეროში მოღვაწე ადამიანებს?

– პირველ რიგში, აუცილებელია გვჯეროდეს საკუთარი იდეების და ამისთვის, ჩემი აზრით, საჭიროა შინაგან პასუხებს და შეგრძნებებს მეტად ვენდობოდეთ. მჯერა, რომ ყოველთვის არსებობს მიზეზი რაიმე კონკრეტულის შექმნის წინაპირობად და საბოლოოდ, ეს მიზეზი გაცნობიერებული მიზნად უნდა გაქციოთ.

გარეკანის ფოტო: გიორგი მიქელაძე

მინიმალისტური ბინა ბეტონითა და შუშით თელ-ავივში

XIX საუკუნის თბილისური სიმყუდროვისა და თანამედროვეობის შერწყმა რესტორან “თამარა”-ს დიზაინში