in

XIX საუკუნის თბილისური სიმყუდროვისა და თანამედროვეობის შერწყმა რესტორან “თამარა”-ს დიზაინში

სულ ახლახანს, თბილისში, მეიდანზე, სრულიად ქართული კონცეფციის რესტორანი „თამარა“ გამოჩნდა, რომელიც გასტრონომ ჯგუფმა შემოგვთავაზა. აღნიშნულ სივრცეში ყველა დეტალი ამ იდეის ირგვლივ ერთიანდება — უნიკალური შტრიხების მქონე ქართული ტრადიციული სამზარეულო, ინტერიერი, ექსტერიერი, ლოგო თუ ადგილმდებარეობა. XIX საუკუნის თბილისური მყუდრო გარემო ამ ადგილს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის. რესტორნის სახელწოდება კი სწორედ მისი დიზაინერის, თამარ კენკიშვილის სახელს უკავშირდება.

რესტორნის დიზაინის კონცეფცია, სახელწოდება და სამზარეულო სრულიად ორგანულად ერწყმის მის ლოკაციას. ეს არის ძველი თბილისის შუაგული, მეიდანი — ყველაზე ჭრელი, კონტრასტული, ხალხმრავალი და დინამიური ადგილი. შესაბამისად, „თამარას“ ლოკაციამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა მომავალი შტრიხები ინტერიერში. იგრძნობა, რომ მასპინძლები ძალიან შეეცადნენ სტუმრებს ჰაეროვანი, ფერადი, კომფორტული და თანამედროვე გარემო დახვედროდათ და ამავდროულად შეენარჩუნებინათ შენობის ინტერიერის ტრადიციული ხასიათი. რესტორნის კონცეფციასა და დიზაინზე ჟურნალი Homeis.ge  თავად პროექტის ავტორს, თამარ კენკიშვილს გაესაუბრა:

ვინ იმუშავა „თამარას” ინტერიერსა და ექსტერიერზე?

„თამარას“ ინტერიერსა და ექსტერიერზე ჩვენმა კომპანია 4 Visual-მა იმუშავა. შევეცადეთ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ინტერიერში ავთენტურობა და გასული საუკუნეების სულისკვეთება. ჩვენ გვაქვს მუშაობის ფართო გამოცდილება, როგორც საცხოვრებელი, ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი შესრულებულია Gastronome-ის მაღაზიათა ქსელისა და კვების ობიექტების დიზაინი. 4 Visual ყოველთვის დეტალებზეა ორიენტირებული, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ფერებსა და მოსაპირკეთებელ მასალებს, როგორც ფუნქციონალურ, ასევე ვიზუალურ მხარეს. ძალიან დიდი სიფრთხილითა და მოწიწებით ვუდგებით ისეთ პროექტებს, სადაც ექსტერიერთანაც გვიწევს შეხება, რადგან ეს ყველაფერი ქალაქის იერსახეზე ახდენს გავლენას.

როგორ შეიქმნა ლოგო „თამარასთვის”?

ლოგოზე და ბრენდინგზე სააგენტო „კრაკენმა“ იმუშავა. მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ ლოგოში ლადო გუდიაშვილის სტილის ქალის სახე გამოყენებულიყო, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ფაქტობრივად, პირველივე ვერსია დავამტკიცეთ. ლოგოს ფერები კი ინტერიერის ფერებს ემთხვევა, რაც ასევე საერთო კონცეფციის ქვეშ ერთიანდება.

რითია უნიკალური ახალი რესტორნის სამზარეულო?

„თამარაში“ ქართული ფიუჟენ სტილის სამზარეულოა წარმოდგენილი. ქართული ტრადიციული რეცეპტურა შენარჩუნებულია, მაგრამ ის გათანამედროვებულია და ახალი ფორმით არის შემოთავაზებული. ქართული კერძები საკმაოდ საინტერესოდაა სახეცვლილი, ამასთან შენარჩუნებულია მათი ავთენტურობა. მაგალითად, ტრადიციული იმერული ხაჭაპური იტალიური ტრუფელით, ყველასთვის ნაცნობი ნადუღი კი, სულგუნის ფირფიტების ნაცვლად, ხრაშუნა ცომშია გახვეული.

რით განსხვავდება „თამარა” Gastronome-ის სხვა რესტორნებისაგან და რით ინარჩუნებს საერთო ხაზს?

„თამარა“ ქართულ სამზარეულოზე ორიენტირებული ობიექტია, Gastronome-ის სხვა რესტორნებში კი ევროპული სამზარეულოს კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. საერთო, რა თქმა უნდა, ისაა, რომ Gastronome-ის გუნდი ყოველთვის ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს მაღალი ხარისხის პროდუქტი და მომსახურება. ამ ქსელის ყველა რესტორნის მთავარი მიზანი ხომ სწორედ პრემიალური ხარისხია.

როგორ ფიქრობთ, რა შთაბეჭდილებას დატოვებს რესტორანი როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვიზიტორებზე?

დიდი იმედი მაქვს, რომ „თამარა“-ში მოსული სტუმრები თავს მყუდრო, სახლურ გარემოში იგრძნობენ. ინტერიერი მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებლების კომფორტზე, ფერთა გამა, მოსაპირკეთებელი მასალები, ავეჯი, განათება, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ და დასამახსოვრებელ იერსახეს ქმნის. აღსანიშნავია, არაჩვეულებრივი ხედიც ძველ თბილისზე, რომელიც „თამარას“ გარე ტერასიდან იშლება.

[R]

არქიტექტურა შეგრძნებების დონეზე – ლადო ლომიტაშვილის ფილოსოფია

გრატოს სათბურების მცენარეები სასტუმრო Communal Hotels სივრცეში