in ,

არქიტექტურა როგორც ეკოლოგიურ-სოციალური კრიზისის გადამჭრელი ხელსაწყო – ინტერვიუ რუსო მარგიშვილთან

რუსო მარგიშვილი ქართველი არქიტექტორია, რომელიც უკვე წლებია, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს და საკუთარი კარიერული მაგალითით ამტკიცებს, რომ პროფესიის სიყვარულისა და შრომისმოყვარეობით ბევრი სტერეოტიპის დამსხვრევაა შესაძლებელი. რუსო არქიტექტურის მიმართ საკუთარი მიდგომით გამოირჩევა – მისი მიზანია, საკუთარი წვლილი შეიტანოს სოციალურ-ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაში არქიტექტურის გზით. სწორედ ამ საინტერესო თემაზე გაესაუბრა მას ჟურნალი Homeis.ge.

– რუსო, გვიამბეთ თქვენ შესახებ. როდის დაინტერესდით პირველად არქიტექტურით და მოახდინა თუ არა თქვენმა ბავშვობის წლებმა გავლენა თქვენი სამომავლო პროფესიის არჩევაზე?

– არქიტექტორების ორ თაობაში გავიზარდე. ბაბუაჩემი, ირაკლი მარგიშვილი, საქსოფლმშენსახპროექტის სტუდიის ხელმძღვანელი იყო. სამსახურიდან ძველი ნახაზები მოჰქონდა ხოლმე, რათა მე და ჩემს დებს ფურცლების უკანა მხარეს დაგვეხატა. მე გეგმებში მიყვარდა ავეჯისა და ხალხის ჩახატვა. ერთხელ ბაბუმ სკოლის მერე გამომიარა და სახელოსნოში წამიყვანა კოლეგების გასაცნობად. მახსოვს, სხვადასხვა დასახლებების უზარმაზარი მაკეტები ჰქონდათ, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

მარცხნიდან მარჯვნივ: ირაკლი მარგიშვილი, ლილი მჭედლიშვილი, ნუგზარ დვალი

ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე გაიცნეს. მამაჩემი, გიორგი მარგიშვილი, მოგვიანებით საქქალაქმშენსახპროექტის სახელოსნოს ხელმძღვანელობდა, ხოლო დედა მზიურის პარკის პროექტში იყო ჩართული. შესაბამისად, სახლში სულ შემოქმედებითი გარემო იყო შექმნილი.

ერთი მხრივ, ოჯახის გამო არქიტექტურა თითქოს ბუნებრივი არჩევანი იყო, მაგრამ ამავე დროს, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამდენად მაინტერესებდა ეს სფერო. საქართველოში პროფესიის არჩევა ძალიან ადრე გვიწევს. რთულია, 16-17 წლის ასაკში იცოდე თუ რა უნდა აკეთო მთელი ცხოვრება. გადავწყვიტე, რომ არქიტექტურული განათლება მოქნილი იყო, დიდ სამომავლო პოტენციალს მომცემდა და სხვა ტიპის დიზაინში გადასვლაში ხელს შემიწყობდა, ამიტომ არჩევანი სწორედ ამ პროფესიაზე შევაჩერე.

– სად მიიღეთ განათლება ?

– სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე დავიწყე. სხვადასხვა მიზეზის გამო სტუ-ში არქიტექტურის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა დამეკარგა, რასაც ოჯახში დიდი დებატები მოჰყვა. არქიტექტურა ძალიან მომთხოვნი დარგია, ამიტომ თუ მის მიმართ ძლიერი ინტერესი არ გაქვს, ჯობია, დრო სხვა რამეში დახარჯო. ამიტომ, მშობლებმა შემომთავაზეს, რომ ცოტა ხნით სხვა სფეროში მეცადა თავი და სწორედ ამის შემდეგ წავედი “გამოძიებით მისიაზე” ვილნიუსის უნივერსიტეტში. ერთი სემესტრის განმავლობაში ყველაფერს მოვედე, რაც მაინტერესებდა – სოციოლოგიიდან დაწყებული, რეჟისურით დამთავრებული. ეს ძალიან დამეხმარა არქიტექტურისკენ დაბრუნებაში და იმავე წელს ვილნიუსის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Vilnius Gediminas Technical University) ჩავაბარე.

ბაკალავრის დიპლომის აღების შემდეგ ერთი წელი ისევ თბილისში გავატარე პორტფოლიოს მოსამზადებლად და მაგისტრატურაზე განცხადებების გასაგზავნად. ამ პერიოდში ჩემს მეგობარ თამრო ონიანთან და მამაჩემთან ერთად არქიტექტურულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და რამდენიმე თვე Architects of Invention-ში ვიმუშავე, სანამ მაგისტრატურის პროგრამისთვის ჩიკაგოში, ილინოისის ტექნოლოგიის ინსტიტუტის არქიტექტურის კოლეჯში (IIT COA) გადავედი.

კოლეჯი მის ვან დერ როეს დაფუძნებულია და სკოლის კამპუსის გენგეგმაც მისი დიზაინის მიხედვითაა შესრულებული. კამპუსზე მისის ავტორობით შექმნილი ძალიან მნიშვნელოვანი შენობებია განთავსებული. ერთ-ერთ ასეთ შენობაში, Crown Hall-ში ვატარებდი დღეებს (ზოგჯერ გვიან ღამეებსაც) და სწორედ მისის დაპროექტებულ სტუდენტურ საცხოვრებელში ვცხოვრობდი. კამპუსში ასევე ნახავთ მის ვან დერ როეს ნამუშევრებს Helmut Jahn, SOM და OMA-ს. მსგავს გარემოში ყოფნამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინა.

რუსო მარგიშვილის პროექტი

– თქვენ ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობთ. როგორი იყო თქვენი პირველი სამსახური? შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი დაკვეთა?

– შტატებში პირველი სამსახური ნიუ-იორკში ვიშოვე საზაფხულო სტაჟირებისთვის. იმ პერიოდში ბათუმის ტრამპ თაუერს ჯონ ფოტიადისის ოფისში აპროექტებდნენ და უცნაურად აღმოვჩნდი მის საპროექტოში. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას გამოვლენილი ფაშისტური იდეოლოგიის გამო ამ პროექტს ჩემი პროფესიის “შავ ლაქად” აღვიქვამ, ჯონის ოფისში ჩემი მოხვედრა ჩემი პროფესიული განვითარებისთვის კრიტიკული აღმოჩნდა: ოფისში ერთ ბერძენ გოგოს, ირინის დავუმეგობრდი და ერთად ვმუშაობდით საბერძნეთის პატარა კუნძულის სასტუმროს კონცეფციაზე. ირინიმ გაიგო, როგორ მიყვარდა არქიტექტორ სტივენ ჰოლის ნამუშევრები და თავისი ტყუპისცალი და – დიმიტრა გამაცნო, რომელიც სტივენის ოფისში მუშაობდა.

რუსო მარგიშვილის პროექტი

სანამ ჩიკაგოში სწავლას დავასრულებდი, დიმიტრას მივწერე სტივენის ოფისში ვაკანსიების თაობაზე. თვეები უპასუხოდ გავიდა. სამუშაო უფლების მიღებას ველოდი. ხოლო როდესაც ჩემი ბინის კონტრაქტი ამოიწურა, უკვე მალე უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, ამერიკაში დავრჩებოდი თუ სამშობლოში დავბრუნდებოდი. ნიუ-იორკში ჩვენი ოჯახის ახლობელი ცხოვრობდა, რომელმაც მიმიწვია მასთან საცხოვრებლად და მეც ასე, უსამსახუროდ და უსახლკაროდ, ნიუ-იორკში გადავედი ორი ჩანთით. ამ ქალბატონის ძალიან ხელგაშლილმა შემოთავაზებამაც უზარმაზარი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. მასთან ჩასვლისთანავე იმეილი მივიღე – სტივენთან ვაკანსია არ გვაქვს, მაგრამ მისმა პარტნიორმა პატარა სახელოსნო დაარსა მეუღლესთან ერთად და სტაჟიორს ეძებსო. რამდენიმე დღეში შევხვდი სტივენის მთავარ პარტნიორს, კრის მაკვოის (Chris McVoy) და მის მეუღლე ბეთ ონილს (Beth O’Neill). თურმე, რამდენიმე თვე წარუმატებლად ეძებდნენ ინტერნს. გასაუბრებამ ისე კარგად ჩაიარა, კრისმა მთხოვა იმავე დღეს დამეწყო მათთან მუშაობა. ყველას ისეთი გრძნობა გვქონდა, თითქოს ერთმანეთს წლები ვიცნობდით.

O’Neill McVoy (OM) Architects-ში თითქმის შვიდი წელი გავატარე. პირველი თვეები პარალელურად ორ პროექტზე ვმუშაობდით: ნიუ-იორკის მეხუთე ავენიუზე ძველი ქუდების ქარხნის შენობა ოფისად უნდა გადაგვეკეთებინა და სახურავზე პენთჰაუსს ვამატებდით. მეორე პროექტი ბრონქსის საბავშვო მუზეუმი იყო.

ბრონქსის საბავშვო მუზეუმი, რუსო მარგიშვილის პროექტი

OM-დან შარშან წამოვედი. 2019 წლის ზაფხულში მექსიკაში კერძო სახლის პროექტზე ვმუშაობდი, როდესაც ბრაზილიას ცეცხლი ეკიდა და ამ ეკოლოგიურმა კატასტროფამ ჩემთვის პროფესიული კრიზისი გამოიწვია – მიბიძგა, რომ კურსი შემეცვალა და ისეთი ოფისი მომეძებნა, სადაც საშუალება მექნებოდა, მონაწილეობა მიმეღო დიდ ინფრასტრუქტურულ და ეკოლოგიურ პროექტებში. ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა, იმიტომ, რომ ძველ სამსახურში შემოქმედებითი იდილია გვქონდა, მაგრამ ოფისიდან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. დღეს ჩემი ყოფილი თანამშრომლები ჩემი ოჯახის წევრებივით არიან და ძალიან ვმეგობრობთ.

– 2020 წელს თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გვიამბეთ მის შესახებ

– 2020 წლის იანვარში ნორვეგიულ-ამერიკულ კომპანია Snøhetta-ს ნიუ-იორკის ოფისში დავიწყე მუშაობა პროექტის არქიტექტორის პოზიციაზე. სამუშაო ვიზის პროცესს დრო დასჭირდა და ოფისში პირველად პანდემიის ლოქდაუნამდე ერთი კვირით ადრე მივედი. თანამშრომლების დიდი ნაწილი “Zooom”-ით გავიცანი, ამ ყველაფერს კი ფონად სასწრაფო დახმარების უწყვეტი სირენები გასდევდა. ახლა ნელ-ნელა ოფისში ვბრუნდებით და ერთმანეთის ვიზუალურ გამოსახულებებს რეალობას ვადარებთ.

აქ მუშაობის პირველი წლის განმავლობაში Ford Motor Company-ს კვლევისა და განვითარების ახალ ცენტრზე ვიმუშავე უზარმაზარ გუნდთან ერთად. პროექტი ფორდის კამპუსის დიდი ნაწილის მთლიანად გადააზრებას მოიცავს. ახალი გენგეგმა პარკინგების დიდ ნაწილს ეკოლოგიურ პარკად აქცევს და რამდენიმე პროგრამას ერთ დიდ შენობაში აქცევს, რაც მას ბევრად ეფექტურს ხდის.

ერთი თვის წინ Dartmouth-ის კოლეჯის პერფორმანსის ცენტრის პროექტზე დავიწყე მუშაობა. მალე კოლეჯის ხელოვნების ნაწილის (Art District) გენგეგმის პროექტირებას ვიწყებთ, რაც დიდწილად კოლეჯის ენერგიის მოხმარების გადააზრებასა და ეკოლოგიური განხრით დახვეწას მოიცავს.

– რა არის თქვენთვის არქიტექტურა?

– ჩემთვის არქიტექტურის მნიშვნელობა გამოცდილებასა და ასაკთან ერთად სულ იცვლება. ადრე ფოკუსი უშუალო გარემოს დაპროექტებაზე და შთაბეჭდილებაზე მქონდა – არქიტექტურა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყრელი ნაწილია, სულ გარემოცულები ვართ ე.წ. ნაშენი, ცემენტის გარემოთი და ეს გარემო დიდ გავლენას ახდენს ჩვენს გუნებაზე, გადაწყვეტილებებსა და ფსიქოლოგიაზე. არქიტექტორებს სხვის ცხოვრებაში უხეში ჩარევა და ყოველდღიურობის დოგმატური კარნახი ან საკუთარი მიზეზების გამო პროექტების მიმართ არასერიოზული მიდგომა გვჩვევია. ჩვენი ეთიკური ვალდებულებაა, რომ პროფესიას დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არქიტექტურას კომპლექსური პრობლემების გადამჭრელ შემოქმედებით ხელსაწყოდ უფრო ვუყურებ, მითუმეტეს ეკოლოგიურ-სოციალური კრიზისების განხრით. ნაშენი ინფრასტრუქტურა ჩვენი და ბუნების ურთიერთობას არეგულირებს. ადამიანების მოსახლეობა ისე გაიზარდა, რომ ხელშეუხებელი ბუნება აღარ არსებობს (მიუვალ ადგილებსაც კი დღეს კლიმატის დათბობის კვალი ეტყობათ); ადამიანების დასახლებები იმდენად ახლო კავშირშია ველურ ბუნებასთან, რომ სხვა არსებებს ადგილს აღარ ვუტოვებთ. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია, ვისწავლოთ უკეთ თანაცხოვრება. არქიტექტურას მცირე მასშტაბებში ამ პროცესის მართვა შეუძლია.

რუსო მარგიშვილის პროექტი

– ვისაუბრეთ ქალის როლზე არქიტექტურაში. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ამ მხრივ ბოლო წლების მანძილზე?

– ადამიანის პროფესიონალიზმის, იდეებისა და ნიჭის სქესობრივ ჭრილში განხილვა არასწორი მგონია. ქალებს გენდერული რეპრესიების გამო საკუთარი თავის გამოჩენის შესაძლებლობა დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ და ამიტომ არასწორი წარმოდგენა გაჩნდა, რომ თითქოს, ქალებისთვის იმავე სიმაღლეების მიღწევა შეუძლებელია. სხვა პროფესიების მსგავსად, არქიტექტურა “კაცების კლუბად” ითვლებოდა და ამ სფეროს დღესაც ხშირად ასე მოიხსენიებენ, რაც ჩემთვის ცოტა კომიკურია. თუ შეხედავთ ლეგენდარული ქალი არქიტექტორების ნამუშევრებს (მაგალითად, ლინა ბო ბარდი, ზაჰა ჰადიდი ან კაზუიო სეჯიმა), არამგონია, შენობის ავტორის სქესი დაადგინოთ.

ადრე დანიელი არქიტექტორი Dorte Mandrup-ის ინტერვიუ წავიკითხე, სადაც ამბობს, რომ როდესაც პროფესიას და სქესს განვიხილავთ, ლაპარაკი ძირითადად ქალებზეა ხოლმე, თითქოს კაცები ნეიტრალური სქესის არიან. საქმეს ვუდგებით არა როგორც ქალები, არამედ როგორც არქიტექტორები.

ბავშვობაში სკოლის მასწავლებლებისგან ხშირად ვისმენდი ჭკვიანი გოგონებისკენ მიმართულ კომპლიმენტს “კაცის ტვინი აქვსო”, რაც ძალიან ჩამრჩა ცნობიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა იცვლება სიტუაცია, ვფიქრობ, ცვლილებების ტემპი ქალების პროფესიული გააქტიურების ტემპს მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდება. როდესაც წარმატებულ ქალებს ვხვდები, მათდამი დიდი პატივისცემა მიჩნდება, ვინდაიდან ამ ადამიანებს ბევრად მეტი დაბრკოლების გადალახვა მოუწიათ, ვიდრე მათ მამაკაც კოლეგებს.

– ვინ არიან თქვენთვის გამორჩეული არქიტექტორები მსოფლიოს მასშტაბით ? რატომ?

– ამ კითხვაზე პირველი სულ Steven Holl Architects მახსენდება. ამ სახელოსნომ ბევრი ძალიან საინტერესო პროექტი შექმნა, რომელიც სათავეს მაღალი ხელოვნებისა და პოეზიისგან იღებს. ამის პარალელურად მათ მოახერხეს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომა, ტექტონიკური ექსპერიმენტები, ინოვაციური კონსტრუქცია, პროგრამის გადააზრება, ა.შ.

ძალიან ბევრი სხვა არქიტექტორი და დიზაინერია, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო მიზიდავს, მაგრამ ამ ბოლო დროს  ტატიანა ბილბაომ (Tatiana Bilbao) მოახდინა ჩემზე გავლენა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ყველაფერი ციფრულ რეალიზმამდე მივიდა, ძალიან მომწონს პროექტირების აბსტრაქტული მეთოდები, რომლებიც ოფისს ეხმარება იდეების სიცოცხლის შენარჩუნებაში.

და ბოლოს, ალბათ, ნერი ოქსმენს (Neri Oxman) დავასახელებდი, რომელიც MIT Media Lab-ს ხელმძღვანელობს და სამეცნიერო კვლევების მიხედვით ქმნის სხვადასხვა ექსპერიმენტულ დიზაინს. როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების დიდი გულშემატკივარი, ალბათ სხვა ცხოვრებაში მეც რამე მსგავს თავგადასავალში აღმოვჩნდებოდი.

რუსო მარგიშვილის პროექტი

– რა რჩევებს მისცემდით დამწყებ არქიტექტორებს? რა არის ის, რაც მათ საკუთარი პროფესიის შესახებ უნდა იცოდნენ?

– ჩვენი პროფესია ძალიან მრავალმხრივია და მულტიდისციპლინარულობის გარდა, თავისთავად უამრავ ერთმანეთისგან განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. თუ სწავლის პერიოდში დავაკვირდებით რა თემა გვიზიდავს ყველაზე მეტად, არქიტექტურა ამ თემის გაშლისა და ათვისების საშუალებას აუცილებლად მოგვცემს. მაგალითად, მაგისტრატურის პერიოდში ჩემი თითქმის ყველა პროექტი ეკოლოგიური თემის გარშემო იყო განვითარებული და წლების მერე მივხვდი, რომ ეს თემა ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ჩემი ბევრი თანამშრომელი არქიტექტორობიდან ლანდშაფტის არქიტექტორობაზე გადავიდა, ზოგი განათების დიზაინზე მუშაობს, ან სულაც ტექსტილზე. ერთ-ერთ ჩემს ნიჭიერ დიზაინერ კოლეგას სამსახურში ყველაზე მეტად მაკეტების კეთება მოსწონდა. რამდენიმე წელიწადში დიზაინერობას თავი დაანება და დღეს ხელოვანებს დიდი ინსტალაციების დამზადებაში ეხმარება. ამიტომ სტუდენტებს სულ ვურჩევ ხოლმე, რომ იმაზე იმუშაონ, რაც თავად აინტერესებთ, ვინაიდან თვითკმარობის მიღწევა სწორედ ასეა შესაძლებელი.

– და ბოლოს, რომელია თქვენი საყვარელი ადგილი? სად გრძნობთ თავს ყველაზე კარგად? 

– ერთი კონკრეტული ადგილის დასახელება მიჭირს… ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული ადგილი მიყვარს სხვადასხვა სენტიმენტალური მიზეზის გამო. თუმცა, თავს ყველაზე მშვიდად ალბათ მაინც ბავშვობის სახლში ვგრძნობ.

Alberto Pinto – ეკლექტური დიზაინის ლეგენდა

6 გავრცელებული მითი სამზარეულოს შპალერის შესახებ