in

ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ქცეული პროფესია – ინტერვიუ რუსო ჯანშიაშვილთან

რუსო ჯანშიაშვილის პროფესია, მისი იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ის ერთგვარი მაკავშირებელი რგოლია ბავშვობასთან და საყვარელ ადამიანთან. მამა, ნოდარ (ჯანო) ჯანშიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და არქიტექტორი გახლდათ, ამიტომ რუსო პატარაობიდანვე არქიტექტორთა გარემოცვაში იზრდებოდა და შესაბამისად, ამ ჯადოსნური და უჩვეულო სამყაროთი ბავშვობიდანვე მოიხიბლა. მამა ყოველთვის განსაკუთრებულ და სამაგალითო როლს ასრულებდა მის ცხოვრებაში. რუსო დღემდე ცდილობს მისი შემოქმედებითი გზის გაგრძელებას. მიუხედავად იმისა, რომ რთული აღმოჩნდა უკვე აღიარებული არქიტექტორის ჩრდილიდან გამოსვლა და დამოუკიდებელი სახელის დამკვიდრება, მან ეს შეძლო და დღეს უკვე არაერთი პროექტის ავტორია. როგორც თავად გვიყვება, ამ პროფესიის გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია, რადგან მის წარსულის, აწმყოსა და მომავალის უდიდეს ნაწილს სწორედ ეს საქმიანობა განაპირობებს…

აღგვიწერეთ გარემო, რომელშიც იზრდებოდით და რომელმაც თქვენი სამომავლო პროფესია განსაზღვრა…

მამა, ნოდარ (ჯანო) ჯანშიაშვილი არქიტექტორი იყო, ამიტომ მთელი ბავშვობა ამ პროფესიასთან მქონდა უშუალო შეხება. მახსოვს, როცა პირველ კლასში მასწავლებელმა დაგვაწერინა ვის რა პროფესია გვსურდა სამომავლოდ, ჩემი კლასელების უმრავლესობამ ექიმის, კოსმონავტის, მენაყინის საქმიანობა აირჩია, მე კი არქიტექტორობა მინდოდა. უმეტესობამ არც იცოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა, თუმცა მე სხვა პროფესიაში მაშინაც კი ვერ წარმომედგინა თავი…

რუსო ჯანშიაშვილი მშობლებთან ერთად
რუსო ჯანშიაშვილი მამასთან ერთად

მამა ტექნიკურ უნივერსიტეტში (მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში) ასწავლიდა არქიტექტურის ფაკულტეტზე და მისი დიპლომანტებთან ურთიერთობის მომსწრე ვარ. მის სტუდენტებთან ერთად ექსკურსიებზე დავდიოდი. ყოველ ზაფხულს დიპლომანტების ზღვა არმია იყრიდა თავს ჩვენს სახლში და ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა და გულშემატკივრობდა. ეს იყო უფროს-უმცროსის, პედაგოგის და მოსწავლის, ოსტატისა და შეგირდის, მეგობრობის უდიდესი სკოლა ჩემთვის. დიპლომების დაცვა კი ერთ დიდ დღესასწაულს წარმოადგენდა და მე, პატარა გოგო, ყოველ წელს ვესწრებოდი და გაფაციცებით ვუყურებდი ხელით შესრულებულ პლანშეტებზე ახალ-ახალ პროექტებს. მაშინ, საბჭოთა პერიოდში, დაკვეთები მთელი კავშირის მასშტაბით ნაწილდებოდა და მამასაც, კოლეგების მსგავსად, სხვადასხვა რესპუბლიკის კულტურის სახლისა და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი შენობების დაპროექტება  უწევდა, რაც როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის შესრულებას გულისხმობდა. სამხატვრო სახელოსნოებში მამას ესკიზების მიხედვით მზადდებოდა თითბერის ხელნაკეთი ჭაღები, იქსოვებოდა გობელენი. ამ ყოველივემ დიდი გავლენა იქონია სამომავლოდ ჩემი პროფესიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თვისებაზე – თუ გინდა შენი ჩანაფიქრი ზედმიწევნით განხორციელდეს, პროექტს ზედამხედველობა ბოლო დეტალამდე უნდა გაუწიო.

რუსო ჯანშიაშვილი მამასთან და დიპლომანტ მამუკა ზვიადაძესთან ერთად

შემდგომში როგორ გაგრძელდა თქვენი გზა, სად მიიღეთ განათლება?

სკოლის დამამთავრებელ პერიოდში ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მოსამზადებელ კლასში ჩავაბარე და შემდგომ ამავე ინსტიტუტის ფაკულტეტი დავამთავრე არქიტექტორის კვალიფიკაციით. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა და მაშინ მივხვდი, რომ გაორმაგებული პასუხისმგებლობით უნდა მოვკიდებოდი მის და შემდგომ უკვე ჩემს საყვარელ საქმეს. უნდა გამოვსულიყავი „ჯანოს (ასე იცნობდა მამას ყველა, რადგან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, საკურსო პროექტებს ხელს “ჯა.ნო.”-ს აწერდა, რაც გვარისა და სახელის პირველ მარცვლებს ნიშნავდა და ბევრმა მისი ნამდვილი სახელი არც კი იცოდა) გოგოს“ ჩრდილიდან, რასაც საკმაოდ დიდი დრო, ძალისხმევა და მონდომება დასჭირდა. სადიპლომო ნამუშევრები საკონკურსოდ მაშინ როსტოვში იგზავნებოდა და ჩემმა ნაშრომმა პირველი ხარისხის დიპლომი აიღო, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება და სტიმული გახდა ჩემთვის.

ღვინის სახლი – ვიზიტორთა ცენტრი მაღრანში, გიორგი ჭუმბურიძესათან და ბექა კალანაძესთან ერთად შესრულებული პროექტი

გაიხსენეთ თქვენი კარიერის საწყისი პერიოდი, როგორ მოხვედით იქამდე, სადაც ახლა ხართ?

მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც მუშაობა “თბილქალაქპროექტში”, ნოდარ ირემაშვილის სახელოსნოში დავიწყე. მაშინ პროექტების შესრულება გრაფიკულ პროგრამებში შედარებით ახალი ხილი იყო, რაც ჩემთვისაც სიახლე აღმოჩნდა და ამან დიდი ცოდნა მომცა. შემდგომ იყო სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიებში მუშაობა, გამოცდილების ზრდა უმცროსი არქიტექტორობიდან მთავარ არქიტექტორობამდე და კერძო დაკვეთებამდე. მრავალფეროვან ობიექტებზე მიწევდა მუშაობა, რეკონსტრუქციიდან დაწყებული ახალ მშენებლობამდე. დღესდღეობით დაკავებული ვარ ინდივიდუალური დაკვეთებით, ასევე უკვე წლებია, ვთანამშრომლობ ჩემს კოლეგა არქიტექტორებთან – გიორგი ჭუმბურიძესა და ბექა კალანდაძესთან. მათთან მუშაობამ საინტერესო გამოცდილება შემძინა მოცულობითი არქიტექტურის განხრით, რაც ჩემი ინტერესის სფეროს ძირითადი მიმართულებაა და საშუალება მომეცა წარმატებით განმეხორციელებინა სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების ობიექტი.

საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია ერეკლეს ქუჩაზე

დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო და მიმზიდველი არქიტექტურული ნიმუშები

გამორჩეული ბევრი არქიტექტურული ძეგლია, მაგრამ ვინაიდან ჩემს შემოქმედებაში ინდივიდუალური სახლის პროექტები სჭარბობს, გამოვყოფდი „რაიტის სახლს ჩანჩქერზე“, რომელიც ძალიან საინტერესო ნამუშევარია, როგორც შინაარსით, ასევე ფორმით.

ქართული არქიტექტურის უახლესი პროექტებიდან გამოვარჩევდი გიორგი ხმალაძის ბრწყინვალე ნამუშევარს – ყავის კომპანია “მეამას” ოფისს, როგორც ფასადის, ასევე  ძალიან საინტერესო შიდა სივრცეების კუთხით.

რას გვეტყოდით ქართულ არქიტექტურულ სივრცეზე, როგორი სტილია ყველაზე მოთხოვნადი ჩვენთან?

დღესდღეობით ქართული არქიტექტურული სივრცე ქაოტურად „ჩაყრილი“ სხვადასხვა შენობა-ნაგებობებისგან შედგება, რომლებიც უმეტესად კონტექსტიდან ამოვარდნილი და გარემოსთან შეუსაბამოა. არ შეიძლება შენობა დააპროექტო ისე, რომ გარემოს შესწავლა არ მოხდეს და არ წარმოიდგინო ამ კონკრეტული ნაგებობის მეზობელ შენობასთან “დიალოგი”.

სამწუხაროდ, დღეს დედაქალაქში ბევრ მსგავს ქალაქგეგმარებითად გაუმართლებელ ფრაგმენტს ვხვდებით. ქართულ არქიტექტურას შევადარებდი პატარა ბავშვს, რომელიც სათამაშოების მაღაზიაში ხვდება და ყველაფერი უნდა. ინტერიერის დიზაინში მომუშავე არქიტექტორებს საქმე შედარებით მარტივად აქვთ, რადგან დამკვეთის პირად სივრცეს აგეგმარებენ, დიზაინს ქმნიან და მის კომფორტზე ზრუნავენ, ამას კი უცხო თვალი ვერ ხედავს. მეპატრონეს მოჰბეზრდება სახლის დიზაინი და შეცვლის, პრობლემა არ იქმნება. მოცულობითი არქიტექტურა კი ყველას ეკუთვნის. მას ხედავენ, აფასებენ, თავის აზრს გამოთქვამენ. არქიტექტორს საკუთარი შემოქმედების ნაწილი სააშკარაოზე გამოაქვს, რომელმაც წლებს უნდა გაუძლოს.

რაც შეეხება სტილს, ხუმრობით რომ შევხედოთ, ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი ტენდენცია არის „იაფი და კარგი“, თუმცა რეალურად რომ შევაფასოთ, ქართული არქიტექტურა ყველა სტილს ისრუტავს. შეიძლება ითქვას, ყველანაირი მასალისა და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების შოურუმად იქცა დღეს ეს სივრცე. სამწუხაროდ, ნაკლები ყურადღება ეთმობა მოცულობას და მის ირგვლივ არსებულ გარემოსთან თანაცხოვრებას, რომელიც იძულებით თანაარსებობად უფრო იქცევა. ამის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ გზად, კომპეტენტური პირებისგან შემდგარი სამხატვრო საბჭოს დაბრუნება მიმაჩნია, რომელიც ობიექტურად იზრუნებს ქალაქის იერსახეზე.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი საგურამოში

გვიამბეთ უშუალოდ თქვენს შემოქმედებაზე… საიდან იღებთ შთაგონებას? რომელ პროექტებს გამოარჩევდით თქვენი ნამუშევრებიდან?

შთაგონება მოცემულობის გააზრებითა და მის ფორმასა და მასალაში დანახვით მოდის. შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად ამ მოცემულობაში “ცხოვრებას” ვიწყებ, ამ გარემოში ვარსებობ. როდესაც წარმოსახვას ეძლევა კონკრეტული ფორმები, შენ შეგიძლია წარმოიდგინო კონკრეტული ობიექტის ინტერიერი, ექსტერიერი და სივრცეც, შემდეგ კი ამ ემოციას პროექტის სახით გადმოსცემ. მთავარი სათქმელიც, ჩემ თითოეულ პროექტში ჩადებული ემოციაა. ცოტა ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ მიჭირს ისეთ პროექტზე მუშაობა (მაგალითად, თუ ეს საცხოვრებელი სახლია), რომელშიც მე არ ვიცხოვრებდი. მქონდა და მაქვს იმის ფუფუნება, მეთანამშრომლა ისეთ დამკვეთებთან, რომლებიც არ ითხოვენ მატერიალური მხარის გათვალისწინებით, პროექტის ცვლილებას და მათთვის ხარისხი და ვიზუალური მთლიანობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე “ფართის მოგება”.

ბევრი პროექტი მაქვს განხორციელებული და თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია, თუმცა მინდა გამოვყო ინდივიდუალური სახლი ანანურის მიმდებარედ, როგორც ვიზუალურად, ასევე პროექტზე მუშაობის პროცესითაც. თავდაპირველად დამკვეთს აბსოლუტურად განსხვავებული მოცულობის შენობის პროექტი შევთავაზე და ნამუშევარმა მისი მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა უკვე შეთანხმებული პროექტი ერთი ამოსუნთქვით გარდაისახა აბსოლუტურად განსხვავებულ ვარიანტად.  დღესაც ვთვლი, რომ ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ერთი მხრივ, ჩემი, როგორც არქიტექტორის და მეორე მხრივ, დამკვეთის მხრიდან, რომელიც ბოლომდე მენდო და წამომყვა ამ პროცესში.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ანანურში

ასევე, წარმატებულ ნამუშევრად მივიჩნევ INNO Development-ის მიერ განხორციელებულ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტს, რომელიც არქიტექტორ გიორგი ჭუმბურიძესთან ერთად შევასრულე. ამ შემთხვევაშიც გამოვყოფ გამართლებას დამკვეთისა და შემსრულებლის მხრივ. ისინი არ შეუშინდნენ სირთულეებს და გამარტივების მიზნით არ გადაუხვიეს პროექტს, რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე.

ამჟამად რამდენიმე ინდივიდუალურ სახლის პროექტზე ვმუშაობ, რომელთა განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. უკვე მიმდინარე ნაგებობებზე მუშაობა კი ჩემი ყოველდღიურობაა, რაც გულისხმობს ობიექტზე გასვლასა და მის ზედამხედველობას. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, იმედი მაქვს კიდევ ბევრ საინტერესო პროექტზე მომიწევს მუშაობა, რისთვისაც მზად ვარ და რის გარეშეც ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

როგორ ფიქრობთ, ვინ არის თქვენი მთავარი შემფასებელი?

მთავარი შემფასებელი, რა თქმა უნდა, მამა იქნებოდა და ყოველ პროექტზე მუშაობისას სულ ვფიქრობ, რას მოიწონებდა, მირჩევდა, რა შენიშვნას მომცემდა… არქიტექტორის მთავარი შემფასებელი, წესით, კმაყოფილი დამკვეთია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე ობიექტური განმსაზღვრელი დროა. როდესაც მოცულობით არქიტექტურაზე მუშაობ, მზად უნდა იყო საჯარო შეფასებისთვის. ამიტომ ყველაზე კარგი უკუკავშირი სრულიად უცნობი ადამიანების აზრია, რომლებიც შენს განხორციელებულ პროექტს ან მიიღებენ თავისად და ჩათვლიან გარემოს ნაწილად, რომელიც დროს გაუძლებს, ან არა…

კომერციული ობიექტი ა.ბელიაშვილის ქუჩაზე
ქიმწმენდა ქერჩის ქუჩაზე

რას ნიშნავს იყო არქიტექტორი 21-ე საუკუნეში და რას ეტყოდით იმ ახალგაზრდებს ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს?

იყო არქიტექტორი, ეს ნიშნავს დაივიწყო საკუთარი სქესი, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა და თავით ბოლომდე გადაეშვა შენს პროფესიაში, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ ლამაზი და საინტერესო პროექტის კეთებას. შენ ბოლომდე უნდა მიჰყვე მშენებლობის პროცესს, რომ ის ჩანაფიქრის მიხედვით შესრულდეს და მაქსიმალურად კარგი შედეგი მიიღო. 21-ე საუკუნეში მარტივია დისტანციურად ჩაერთო რამდენიმე ობიექტის მუშაობის პროცესში, სხვადასხვა საქმე ერთდროულად და წარმატებით აკეთო. აუცილებელია მუდმივი განვითარება, პროფესიული ზრდა ითვალისწინებს ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნას, გარემოს გაცნობასა და შესწავლას, ყოველივე ეს კი, 21-ე საუკუნეში ბევრად უფრო გამარტივებულია.

ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არქიტექტურა ძალიან ეგოისტური და ამბიციური საქმიანობაა, რომელსაც მთელი შენი დრო მიაქვს, ამიტომ პროფესიის არჩევისას ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამ სპეციალობას არ აქვს სამსახურის განსაზღვრული გრაფიკი. ტვინი მუდმივად მუშაობის პროცესშია ჩართული. მაშინაც კი, როცა შვილებთან ხარ და მათთან ერთად თამაშობ, მუდმივად ფიქრის რეჟიმში იმყოფები. პრაქტიკოსი არქიტექტორი მზად უნდა იყოს, ნებისმიერ ამინდში სრულად ჩაერთოს მიმდინარეობის პროცესში, რათა ის შედეგი მიიღოს, რომლისთვისაც ყველა გათენებული ღამე ღირს.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი
ინდივიდუალური სახლი დიდ დიღომში

ლოჯისტიკის პარკი წეროვანში

სამზარეულოს იატაკი – რა ვარიანტები არსებობს?

Japandi — იაპონური და სკანდინავიური დიზაინების საუცხოო სინთეზი