in

მოძრავი სახლი, რომელიც გარემოს ჰარმონიულად ერწყმის

Alliance Group
Alliance Group

„Labt-20“ მოდულები სერიული წარმოების ნაგებობებია, რომელთა ზომა და მახასიათებლები სხვადასხვა ელემენტის დამატებით შეიძლება შეიცვალოს, რათა  განსხვავებულ კლიმატურ პირობებსა და მომხმარებლის საჭიროებებს მოერგოს. კომპაქტური ნაგებობები სრულიად სხვადასხვა გარემოში შეიძლება განთავსდეს, მაგალითად, ტყეში, მდინარის პირას, მთის ფერდობზე და ა. შ. ისინი გარემომცველ ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის და მასზე მინიმალურად ზემოქმედებს. გარდა ამისა, კონსტრუქციებისთვის ადგილის შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება. ეს არის სისტემა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, დროებით საცხოვრებლად საუკეთესო ადგილები შეარჩიონ და, ამასთან ერთად, გარემოც არ დააზიანონ.

ნაგებობის შექმნამდე სამუშაო გუნდი დეტალურად შეისწავლის იმ ეკოსისტემას, რომელშიც კონსტრუქცია უნდა განთავსდეს. სხვათა შორის, ასეთი პროექტები ადგილობრივების დასაქმებასაც უწყობს ხელს. პოტენციურ დასაქმებულებს უტარდებათ ტრენინგები, რათა, საბოლოოდ, სრულყოფილი ნამუშევარი შეიქმნას.

სამშენებლო მასალად გამოიყენება ხე, ასევე, მსუბუქი და სტრუქტურული იზოლირებული პანელები (SIP). ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, ასეთი ნაგებობები ფართოდ მოიხმარს ბუნებრივ რესურსებს, მაგალითად, მზისა და ქარის ენერგიას.

ნაგებობები ფოტოელექტრული პანელებით, გეოთერმული გათბობისა და გაგრილების სისტემით, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებითა და სხვა არაერთი მოწყობილობითაა აღჭურვილი, რომლებიც რესურსების ოპტიმალურ მოხმარებას უზრუნველყოფს და ექსტრემალურ სიტუაციაში ინფრასტრუქტურული ქსელებიდან სრული გათიშვის საშუალებას იძლევა.

ზემოთ ნახსენები „Labt-20“ ქალაქ სიტი ბელში, ლა პლატაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ პროვინციაშია დამონტაჟებული. ტყით გარშემორტყმული ნაგებობა ერთი ან ორი ადამიანისთვისაა განკუთვნილი და მოიცავს მოსასვენებელ და სასადილო სივრცეებს, სამზარეულოს, აბაზანასა და საძინებელს, რომელიც დანარჩენი ზონებისგან გასაგორებელი პანელებითაა გამოყოფილი.

„Labt-20“-ის პროექტი უკვე აღიჭურვა პანდუსებითა და გარე გემბანით. ეს უკანასკნელი ისეთი ეზოს მოწყობას გულისხმობს, რომელშიც გარე ავეჯის განთავსება იქნება შესაძლებელი.

 

არქიტექტურული ფირმა: Estudio Borrachia, GB Arquitectos

რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი” 

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა უნდა გავითვალისწინოთ პრემიუმ-კლასის ტექნიკის შერჩევისას?

ინდივიდუალური ხელწერა ინტერიერის დიზაინში – ინტერვიუ თათა სვანაძესთან