in

როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ნაძვისხე?

საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე დღეს ჩვენთვის გასული წლის სირთულეების გაცილებისა და იმედების მასპინძლობის სიმბოლოა. ნაძვის ხის მორთვის სასიამოვნო ფუსფუსი, პატარებისთვის საჩუქრების არჩევის პროცესი, თოვლის ბაბუას უხილავი სტუმრობის ბავშური მოლოდინი და სიხარული. ეს ყველაფერი ჩვენ ყველას, მომავალი წლისთვის ძლიერ დადებით მუხტს გვჩუქნის და ყოფითი გამოწვევების დაძლევაში მნიშვნელოვნად გვეხმარება. ყოველ რიტუალს თავისი წინა ისტორია აქვს. მოდით გავიხსენოთ, როგორ შემოვიდა ჩვენს ოჯახებში ეს სიხარულის სიმბოლო.

მორთული ნაძვის ხე „უხრწნელი მადლის“ გამოხატულებაა. უკვდავი ბუნებისა და „საშობაო ხის“ განსახიერება. მისი მეორე განმარტებაა „ნაძვის ხე“. ნაძვი როგორც „საშობაო ხე“ და საშობაო რიტუალის ჩატარების სიმბოლო პირველად გერმანიაში დამკვიდრდა და აქედან მთელ მსოფლიოში გავრცელდა.

გერმანიაში პოპულარულია ლეგენდა, რომელიც საშობაო ნაძვის ხის გამოჩენას წმინდა ბონიფაცის უკავშირებს. წმინდანის ცხოვრების თანახმად, გერმანელებისთვის მათი კერპების უძლურების საჩვენებლად, მან ოდინის „წმინდა“ მუხა მოჭრა. შოკირებული გერმანელების კითხვაზე, როგორ აღენიშნად მომავალში შობა, მან პატარა ნაძვზე მიუთითა, რომელიც დანარცხებული მუხის ქვეშ გადარჩა. მისი მარადმწვანე ტოტები უკვდავების სიმბოლოა, ხოლო მწვერვალი მიუთითებს ზეცას, როგორც ღმერთის სამყოფელს.

საშობაო ხის დაბადების იდეაში თავის წვლილი გლასტონბერის სააბატოს მშვენიერმა კუნელმაც შეიტანა, რომელიც წელიწადში ორჯერ ყვაოდა – შობას და გაზაფხულზე. ლეგენდის თანახმად, ის ამოიზარდა იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინიდან, რომელიც იოსებ არიმათიელმა ჩამოიტანა.

თანამედროვე საშობაო რიტუალის ფორმირება გერმანულ ტრადიციაში შუასაუკუნეების ბოლოს და ახალი დროის დასაწყისში მოხდა. საშობაო ნაძვი, წინაშაშობაო მისტერიაში „ედემის ხეს“ უთანაბრდება. თეატრალიზებული დადგმები პირველი ცოდვით დაცემას უკავშირდება, ვინაიდან 24 დეკემბერს დასავლეთ ქრისტიანების მიერ აღინიშნებოდა ადამ და ევას ხსოვნა. დეკორაციის სახით, ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, იყენებდნენ წიწვოვან ხეს, რომელსაც ვაშლებით (აკრძალული ხილის სიმბოლო), ვაფლებითა და ორცხობილებით (აღსარებისა და ზიარების სიმბოლო) რთავდენენ. ამ მისტერიის რეკვიზიტები და სახეები შობის სცენის ანალოგიურია.

სანთლის მოსართავად გამოყენება, სიმბოლურად ანგელოზებრივ სიწმინდეს გამოხატავს და მისით ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მარტინ ლუტერს უკავშირდება. გადმოცემით, ერთ ღამეს ლუტერი ტყის გავლით სახლში ბრუნდებოდა და ცაზე ხის ტოტებში მოციმციმე ვარსკვლევები დაინახა. ამ სანახაობამ მას შობის ღამის მოვლენები და ღვთის სიყვარული გაახსენა, რომელმაც თავისი მხოლოდშობილი ძე ადამიანების გადარჩენას შეწირა. ეს ფიქრები მას სახლში მისვლის დროსაც არ ტოვებდა და ოჯახის წევრებსაც გაუზიარა. ის გავიდა ბაღში, მოჭრა პატარა ნაძვი და ღმერთის მოწყალების სახსოვრად სახლში სანთლებით მორთო.

საშობაო ნაძვს გერმანელები „საშობაო ხეს“ ან „ქრისტეს ხეს“ , ან „კლაუსის ხეს“, ან „სამოთხის ხეს“ უწოდებენ. ნაძვის ხის ნაყოფებითა და ყვავილებით მორთვა უკავშირდება რწმუნებას, რომ შობის ღამეს ხეები ყვავილობს და ნაყოფს ისხამს.

საქართველოში ახალ წელს არყის ხის შეშას იმარაგებდნენ და ჩიჩილაკს რთავდნენ, სვანეთში არყის ხეს დგამდნენ. გერმანიიდან გავრცელებული ნაძვის ხის საშობაოდ მორთვა, ჩვენთან საბჭოთა კავშირის დროს დამკვიდრდა.

დღეს მსოფლიოში ახალი ტრენდი მკვიდრდება, რომელიც საახალწლოდ ხელოვნური ან გადასარგავი ნაძვის ხის მორთვას ითვალისწინებს. ეს დედამიწაზე ზრუნვის კარგი გამოხატულება და იმედია საახალწლო რიტუალის განუყოფელ ელემენტად იქცევა.

 

ზაჰა ჰადიდი – მსოფლიო არქიტექტურის “დივა”

B&B italia – იტალიური ფორმების პოეზია