in

რატომ არის ნაცრისფერი აქტუალური ინტერიერის დიზაინში? — 5 მთავარი მიზეზი

ინტერიერის დიზაინში ნაცრისფერი მუდამ აქტუალურია. მისი წამყვან ტონად თუ აქცენტის სახით გამოყენება სივრცეს მშვიდ, სადა და მსუბუქ იერსახეს სძენს და ოთახში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.  ნაცრისფერი იდეალური შუალედია ღია და მუქ ფერთა გამას შორის. ამიტომ, ნებისმიერი ტიპის ინტერიერს უხდება და მყუდროებას მატებს. დღევანდელ სტატიაში დიზაინში ნაცრისფრის აქტუალობაზე ვისაუბრებთ.

1. ნეიტრალური ტონალობა და მრავალმხრივი გამოყენება

ნაცრისფერი ახლოსაა თეთრსა და შავ ტონებთან, ამიტომ, ის ნეიტრალური ფერია, რომელიც ფერთა უმრავლესობას უხდება, შესაბამისად, მისი გამოყენება მრავალმხრივად შეიძლება, როგორც აქცენტის, ისე წამყვანი ფერის სახით. მაგალითად, ნაცრისფერი იდეალურად ერგება საძინებელ ოთახს და ჰაეროვან, თბილ ატმოსფეროს ქმნის, რაც მოდუნებასა და დასვენებაში გვეხმარება.

2. დახვეწილი ინტერიერი

დახვეწილი და ელეგანტური ინტერიერის მისაღებად ნაცრისფერი ტონალობა კარგი გადაწყვეტილებაა. ის კლასიკურ შტრიხებს შესძენს თქვენს სივრცეს და მას სადა, მიმზიდველ ადგილად აქცევს. ნაცრისფერი განსაკუთრებით მოუხდება ხეს, ტყავსა და ხავერდის მასალას, რაც მდიდრულ, მომხიბვლელ ეფექტს მოგცემთ.

3. სკანდინავიური სტილის შთაგონება 

თანამედროვე დიზაინში სკანდინავიური ინტერიერი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მისი მეშვეობით, მარტივი, დახვეწილი და ლამაზი სივრცე მიიღება. სკანდინავიური სტილისთვის დამახასიათებელია ნაცრისფრის აქტიური გამოყენება, რადგან ის სახლს სიმსუბუქესა და ჰარმონიას სძენს. ნაცრისფერი ბუნებრივად ერწყმის თეთრს, ღია ხის ტონსა და გამწვანებას, რაც საბოლოოდ, სკანდინავიურ ესთეტიკას ქმნის.

4. ბუნებრივ მასალასთან ჰარმონიული სინთეზი

ბუნებრივი მასალების გამოყენება და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ნებისმიერი ადამიანისთვის პრიორიტეტულია. ნაცრისფერი ერთ-ერთი იმ ფერთაგანია, რომელიც იდეალურად ეხამება ბუნებრივ მასალებს და ინტერიერში მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ის ზოგად ფონს ქმნის და ხეს, ბეტონს, მინასა თუ სხვა ელემენტებს მეტად გამოკვეთს.

5. ფერადი ინტერიერის აქტუალური ტონი

თუ ფერების გამოყენება გხიბლავთ, მაშინ ნაცრისფერი იდეალური ტონალობაა ზომიერების მისაღწევად და ფერადი სივრცის დასაბალანსებლად, რათა ინტერიერმა მიმზიდველობა და ელეგანტურობა შეინარჩუნოს. მაგალითად, ვარდისფრის შეხამება ნაცრისფერთან ცოცხალ, საზეიმო, ამავდროულად კი დახვეწილ და მსუბუქ გარემოს ქმნის, რაც მნახველს სასიამოვნოდ განაწყობს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ავტორი: მეკო მეტრეველი

მიკრო ბინა მარჯანიშვილის მოედანზე — სალომე მეტრეველის ნამუშევარი

8 საუკეთესო ოთახის მცენარე სკანდინავიური ინტერიერისთვის