in

8 საუკეთესო ოთახის მცენარე სკანდინავიური ინტერიერისთვის

სკანდინავიური ინტერიერის გასაფორმებლად შესანიშნავი არჩევანია ოთახის მცენარეების გამოყენება. დღეს კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ვარიანტებს, რომლებიც ამ სტილის შევსებაში დაგეხმარებათ.

ნემსიწვერა

ნემსიწვერა ყველაზე ხშირად კლასიკურ ან რუსტიკულ ინტერიერში გვხვდება, მაგრამ ეს ყვავილი ასევე შესანიშნავად ერწყმის სკანდინავიურ სტილს. ჩარგეთ მცენარე უხეში ტექსტურის მქონე თიხის ჭურჭელში და ის შესანიშნავ ეკო-აქცენტს შექმნის. ნემსიწვერა საუკეთესოდ გრძნობს თავს სამხრეთ ფანჯრის რაფაზე, სადაც კარგი განათებაა. ყვავილი ზოგადად უპრეტენზიოა, მაგრამ მნიშვნელოვანია მისი რეგულარულად მორწყვა.

სურო

კიდევ ერთი უპრეტენზიო მცენარე „ზარმაცებისთვის“, რომელიც შესანიშნავად მოერგება სკანდინავიურ სტილს. შეგიძლიათ სუროთი გააფორმოთ ღია თაროები, ისინი ფანჯარასთან ჩამოკიდოთ ან მაცივარზე მოათავსოთ. მცენარეს არ სჭირდება ბევრი მზე, ამიტომ ის უფანჯრო ოთახებშიც შესანიშნავად იგრძნობს თავს.

სანსევიერია (ვეფხისტყავა)

სანსევიერია პოპულარული ოთახის მცენარეა, რომელიც ლაკონიურ სკანდინავიურ ინტერიერში გვხვდება. მისი მოვლა ძალიან მარტივია და ის იზრდება ყველგან: მზეზე, ჩრდილში და თუნდაც ორპირში, სადაც სხვა ყვავილები ჭკნება. ყვავილის კვირაში ერთხელ ან ორჯერ მორწყვა საკმარისია. თუ ვეფხისტყავა გაიზარდა, ის უფრო დიდ ქოთანში გადარგეთ და იატაკზე მოათავსეთ.

ფიკუსი

სკანდინავიური სტილისთვის, ალბათ, ნებისმიერი ჯიშის ფიკუსი შესაფერისია. თუ მცენარე დიდია შეგიძლიათ ის იატაკზე დივანთან ან კარადასთან მოათავსოთ, ხოლო პატარა ბუჩქი შეიძლება ფანჯრის რაფაზე ან სამზარეულოს სამუშაო მაგიდაზე დადგათ. ფიკუსი საკმაოდ უპრეტენზიოა, მას რეგულარული მორწყვა და ზომიერი განათება სჭირდება.

იები

ნათელი ფერის მინიატიურული ბუჩქები სკანდინავიურ ინტერიერს განწყობას შემატებს. ია სკანდინავიური სტილისთვის ტრადიციული მცენარე არ არის, მაგრამ თუ გსურთ სივრცეში მრავალფეროვნება და სიკაშკაშე შემოიტანოთ, მაშინ ეს შესანიშნავი ვარიანტია. ყვავილს უყვარს სითბო და კარგი განათება, მაგრამ ის დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ტენიანობის სიმცირისას მცენარე კვირაში 2-3-ჯერ უნდა მოირწყას ისე, რომ წყალი ფოთლებსა და კვირტებს არ შეეხოს.

სუკულენტები

სუკულენტები სკანდინავიურ ინტერიერში ჰარმონიულად გამოიყურება. შეგიძლიათ ისინი ქოთნებში დარგოთ ან ერთ ფლორარიუმში გააერთიანოთ. ასეთი დეკორატიული ელემენტი ყველაზე ხელსაყრელად გამოიყურება ღია თაროებზე, ყავის მაგიდაზე ან სამუშაო ზონაში. სუკულენტებს მოვლა არ სჭირდება, ისინი თავს კარგად გრძნობენ როგორც ჩრდილში, ასევე მზეზე და მინიმალურ მორწყვას საჭიროებენ.

მონსტერა

ოთახის ხეები, მათ შორის მონსტერა, სკანდინავიური სტილის ინტერიერში ორგანულად გამოიყურება. მათ სივრცეში შემოაქვს ტროპიკული მომადუნებელი განწყობა, თუმცა ასევე აძლიერებს ბუნებრივ მოტივებს, რომლებიც სკანდინავიურ სტილს ძალიან უყვარს. თუ სახლში საკმარისი სივრცე გაქვთ, ლამაზი და უპრეტენზიო მონსტერა შესანიშნავი არჩევანია. მას სჭირდება მხოლოდ რეგულარული მორწყვა, ასევე საკმარისი ადგილი ზრდისა და განვითარებისთვის.

ზამიოკულკასი

ზამიოულკასი, იგივე ფულის ხე, კიდევ ერთი ეგზოტიკური და ლამაზი მცენარეა, რომელიც სკანდინავიური სტილის ინტერიერს შეეფერება. გაშლილი ფოთლები პრიალა ზედაპირით სანახაობრივად გამოიყურება და ზედმეტ ადგილს არ იკავებს — ზამიოკულკასი ოთახში ცარიელ კუთხეს იდეალურად შეავსებს. მას არ სჭირდება განათება, ასევე არ უყვარს ძალიან ხშირი მორწყვა — დარწმუნდით, რომ მიწა მშრალია და ქოთანი ტენიანი არ არის. გაითვალისწინეთ, რომ ზამიოკულკასმა, ტოქსიკური წვენის გამო, შეიძლება გაღიზიანება ან ალერგია გამოიწვიოს. ამიტომ, თუ სახლში ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ, ეს მცენარე მათთვის ხელმისაწვდომ ადგილზე არ უნდა მოათავსოთ და მისი გადარგვის შემთხვევაში, უმჯობესია, ხელთათმანები გამოიყენოთ.

რატომ არის ნაცრისფერი აქტუალური ინტერიერის დიზაინში? — 5 მთავარი მიზეზი

7 ადგილი თბილისში, სადაც საწერ მაგიდას შეიძენთ