in

ნაცრისფერი ინტერიერში – რამდენიმე სასარგებლო რჩევა მისი გამოყენებისთვის

დიზაინერები სამართლიანად მიიჩნევენ ნაცრისფერს ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ფერად, რომელიც მრავალი ელფერის სახით ვლინდება. ფსიქოლოგების აზრით, ნაცრისფერს შეუძლია ინტერიერი სიმშვიდისა და სტაბილურობის გრძნობით შეავსოს. სწორედ ამიტომ, ნაცრისფერი ნებისმიერ სივრცეს იდეალურად შეესაბამება. მთავარია, საკმარისი განათების არსებობა. იმავდროულად, ნაცრისფერი ნებისმიერ სტილთან შესანიშნავად თანაარსებობს. ის არბილებს ბაროკოს პრეტენზიულ ბრწყინვალებას და ხაზს უსვამს არტ-დეკოს ელეგანტურობას.

ნაცრისფერს ბევრი უდავო უპირატესობა გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ის ნათელი ავეჯისთვის შესანიშნავ ფონს წარმოადგენს. ნაცრისფერი გადაკრული მასალის მქონე დივნები და სავარძლები, კრემისფერთან და შავთან შედარებით, უფრო ძვირადღირებული ჩანს. ასევე, მრავალი ელფერის წყალობით, ნაცრისფერი სივრცის გაუმჯობესების საშუალებას გაძლევთ.  მაგალითად, ღია ნაცრისფერი სივრცის, სისუფთავისა და სიახლის განცდას ქმნის. მუქი ნაცრისფერი კი სივრცეს სიღრმეს მატებს და მგრძნობიარე გარემოსთვის არის შესაფერისი. თუ ოთახის შორეულ კედელს მუქ ნაცრისფრად შეღებავთ, ოთახის ვიზუალური სიდიდე გაიზრდება.

ნაცრისფრის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ელფერი არის რუხ-ყავისფერი. ამერიკელი დეკორატორის – კელი ჰოპენის თქმით, „ეს ფერი არის იდეალურად ნეიტრალური. არც ძალიან თბილია და არც ძალიან ცივი. მას ოთახში ჰარმონია და ღრმა სიმშვიდე შემოაქვს“.

და კიდევ ერთი წესი: არასოდეს აირჩიოთ ნაცრისფერი კატალოგში არსებული პატარა ნიმუშის საფუძველზე. ელფერის მთელი სილამაზე და ეფექტი ჩანს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშის სახით, კედლის ნაწილს შეღებავთ. გარდა ამისა, ამ მიდგომით შესახამებელი ფერის შერჩევა უფრო გაგიადვილდებათ.

სასადილო ოთახი

სასადილო ოთახის ინტერიერისთვის შესაფერისია ნაცრისფრის ღია ელფერი. ამ პალიტრას კარგად ავსებს ვერცხლის, სპილენძის, მბზინავი ლითონებისგან დამზადებული აქსესუარები, ასევე კრემისფერი კერამიკა. სასადილო ოთახში, რომელიც ნაცრისფრის მუქ ელფერებშია მორთული, კარგ ნათელ განათებაზე უნდა იზრუნოთ.

მისაღები ოთახი

იმისთვის, რომ ნაცრისფერი ტონებით გაფორმებული მისაღები ოთახი მოსაწყენად არ გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ ნაცრისფრის რამდენიმე ელფერი სხვადასხვა ნახატებსა და ფაქტურებს შეუხამოთ. თქვენ შეგიძლიათ ნაცრისფრის გამოსაკვეთად მხოლოდ ერთი დიდი ობიექტი ან ერთი კედელი აირჩიოთ. გარდა ამისა, ნაცრისფერი ნათელი ავეჯისთვის შესანიშნავ ფონს წარმოადგენს. ნაცრისფრის, თეთრისა და კრემისფრის კომბინაცია ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება.

აბაზანა

დამამშვიდებელი ეფექტის გამო აბაზანისთვის ნაცრისფერი იდეალურია.  ეს საუკეთესო „ფონია“ დასვენებისთვის, განსაკუთრებით დიდი სტრესის შემდეგ.

საძინებელი

ღია ნაცრისფერი მსუბუქი და ჰაეროვანი ატმოსფეროს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მაგრამ საძინებლისთვის შეგიძლიათ მუქი ნაცრისფერი ტონები გამოიყენოთ. მას ინტერიერისთვის სიღრმე მოაქვს, აძლიერებს მგრძნობიარობასა და სექსუალურობას. ინტერიერში ფერის დამატება ტექსტილის გამოყენებითაც შეგიძლიათ.

კაბინეტი

ოფისის დიზაინში ნაცრისფერი შეუცვლელია, ის ინტერიერში საქმიან ატმოსფეროს ქმნის და სამუშაო განწყობას აყალიბებს. აუცილებელი არ არის, რომ ნაცრისფერი ინტერიერში საღებავის ან შპალერის სახით შევიდეს, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ბუნებრივი ნაცრისფერი, მაგალითად, ბეტონი, ფოლადი და ა. შ.

შემოსავლელი

დიზაინერები გვირჩევენ, რომ შემოსასვლელში კედლები, ინტერიერში არსებულ ავეჯზე, რამდენიმე ტონით უფრო ღია იყოს. ნაცრისფერ შემოსასვლელში ძალიან მუქი ავეჯის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ასეთ შემთხვევაში მიღებულია ნათელი ფერის აქსესუარების გამოყენება.

სამზარეულო

სამზარეულოში ნაცრისფერი ყოველთვის ძალიან სუფთად გამოიყურება. იმისთვის, რომ ოთახი უფრო კომფორტული გახადოთ, შეგიძლიათ ნაცრისფერს ყვითლის, ნარინჯისფრისა და ზეთისხილისფრის თბილი ტონები შეუხამოთ.

გარდა ამისა, ნაცრისფერი არის შესანიშნავი ფონი ნებისმიერი მასალისთვის, ბუნებრივი ხით დაწყებული, გამჭვირვალე პლასტმასით დამთავრებული.

საბავშვო საძინებელი

ნაცრისფერი კარგად შეესაბამება ოთახს ისეთი ჰიპერაქტიური ბავშვისთვის, რომელსაც მშვიდი გარემო სჭირდება. საბავშვო ოთახებისთვის შესანიშნავი არჩევანია ნაცრისფრისა და ვარდისფრის კომბინაცია.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

7 რამ, რაც ნებისმიერ ინტერიერს გააფუჭებს

8 მაღაზია თბილისში, სადაც კერამიკული ფილების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ