in

“მოცეკვავე სახლი” ჩეხეთში – ფრენკ გერისა და ვლადო მილუნიჩის პროექტი

Alliance Group
Alliance Group

The dancing house არის ზედმეტსახელი, რომელიც მიენიჭა Nationale-Nederlanden-ის შენობას პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში. იგი დააპროექტა ხორვატ-ჩეხმა არქიტექტორმა – ვლადო მილუნიჩმა, ცნობილ კანადელ-ამერიკელ არქიტექტორთან, ფრენკ გერისთან თანამშრომლობით. შენობის პროექტი 1992 წელს შეიქმნა, ხოლო მშენებლობა 1996 წელს დასრულდა.

ასეთი არატრადიციული დიზაინი იმ დროს საკამათო იყო, რადგან სახლი გამოირჩევა ბაროკოს, გოთიკური და არტ ნუვოს სტილის ტიპური პროექტებისგან, როგორსაც იმ დროინდელ ჩეხეთში ვხვდებით. მაგრამ ჩეხეთის მაშინდელი პრეზიდენტი – ვაცლავ ჰაველი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ცხოვრობდა ამ მხარეში, გულმოდგინედ უჭერდა მხარს პროექტს იმ იმედით, რომ ერთ დღეს ის კულტურული საქმიანობის ცენტრი გახდებოდა.

თავდაპირველად ფრენკ გერიმ სახლს ფრედი და ჯინჯერი დაარქვა, ცნობილი მოცეკვავეების – ფრედ ასტერისა და ჯინჯერ როჯერსის საპატივსაცემოდ, რადგან სტილით შენობა მოცეკვავეთა წყვილს წააგავს, მაგრამ ეს სახელი ახლა ძალიან იშვიათად გამოიყენება და უფრო მეტიც, მოგვიანებით თავად გერიმაც უარი განაცხადა საკუთარ იდეაზე.

„მოცეკვავე სახლი“ განთავსებულია დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიაზე – იქ, სადაც 1945 წელს აშშ-ს დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი მდებარეობდა.  არსებული სტრუქტურა მოშლილი იყო 1960 წლამდე, სანამ ის ნანგრევებისგან არ გაასუფთავეს. მეზობელი ნაკვეთი ვაცლავ ჰაველის ოჯახის თანამფლობელობაში იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ჩეხეთში გაატარა. 1986 წელს ვლადო მილუნიჩმა, რომელიც ამ დროს ჩეხეთში პატივცემული არქიტექტორი გახლდათ, გადაწყვიტა, პროექტის იდეა სწორედ ჰაველისთან განეხილა. რამდენიმე წლის შემდეგ, ხავერდოვანი რევოლუციის დროს, ჰაველი გახდა პოპულარული ფიგურა და შემდგომში აირჩიეს ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი დამსახურებაა მილუნიჩის იდეის რეალობად ქცევა.

ჰოლანდიური სადაზღვევო კომპანია Nationale-Nederlanden (1991 წლიდან ING Bank) დათანხმდა, რომ შენობის სპონსორი გამხდარიყო, მთავარ დიზაინერად კი მილუნიჩი აირჩია და სთხოვა, პარტნიორობა გაეწია მსოფლიოსთვის კარგად ცნობილ არქიტექტორთან, რათა პროცესი დაჩქარებულიყო. როგორც ცნობილია, ფრანგმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა უარყო ეს იდეა ტერიტორიის სიმცირის გამო, მაგრამ ფრენკ გერი გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა. იმ დროისთვის ბანკის შესანიშნავი ფინანსური მდგომარეობის გამო, მან შეძლო პროექტისთვის თითქმის შეუზღუდავი დაფინანსების მიღება. ამ დროიდან მილუნიჩმა და გერიმ დაიწყეს პროექტზე მუშაობა. ეს იყო შენობა, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისგან – სტატიკური და დინამიკური, რასაც საბოლოო ჯამში, ის ჩეხოსლოვაკიის სიმბოლოდ უნდა ექცია.

უჩვეულო ფორმის გამო, ასეთი სტილი ცნობილია, როგორც დეკონსტრუქტივისტული (დიზაინერებისთვის „ახალი ბაროკოს“) არქიტექტურა. მშენებლობისთვის დამზადდა ბეტონის 99 პანელი, თითოეულს ჰქონდა განსხვავებული ფორმა და განზომილება. შენობის თავზე მოთავსდა ლითონის დიდი გრეხილი კონსტრუქცია, რომელსაც მეტსახელად მედუზა უწოდეს.

“მოცეკვავე სახლს” აქვს ორი ცენტრალური კორპუსი. პირველი არის შუშის კოშკი, რომელიც ეყრდნობა მრუდე სვეტებს, მეორე კი კოშკს პარალელურად მიუყვება. ფანჯრებიდან ჩანს მდინარე, რაც შენობას საინტერესო და დახვეწილ ხედს უქმნის. ფასადის გრაგნილი ჩამოსხმა დამაბნეველ ეფექტს ქმნის, თუმცა ჰგავს გარშემო მყოფ შენობებს და შესაბამისად, ამცირებს კონტრასტსაც.

თუ ოდესღაც ამ შენობის იდეა ცხარე დებატებს იწვევდა, დღეს ის განიხილება, როგორც ხელოვნების ნიმუში, რომელიც ღირებულებას მატებს პრაღის ქალაქურ პეიზაჟს. შენობის ზოგადი ფორმა ახლა გამოსახულია ჩეხეთის ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ ოქროს მონეტაზე, რომელიც ეკუთვნის სერიას „არქიტექტურის ათი საუკუნე“.

არქიტექტორები: Vlado Milunić, Frank Gehry

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

Amura – ავეჯის ბრენდი, რომელიც იტალიის უნიკალურ სილამაზეს გადმოგვცემს

თანამედროვე ინტერიერი კლასიკური ელემენტებით საირმის ქუჩაზე — ნინი ელისაშვილის ნამუშევარი