საფრანგეთში მდებარე ეს ბინა ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ თაღები მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის მისაღწევად.
ამ 180 კვ/მ ფართის რეზიდენციის არქიტექტურა, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინი გუილიამ ალანმა (Guillaume Alan) შექმნა. მესაკუთრეები პროფესიულად ძალიან დატვირთული ფრანგი წყვილია, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. ისინ დიდი ხანია იცნობენ დიზაინერს, თუმცა ეს მათი პირველი ერთობლივი პროექტია.
შენობა მე -19 საუკუნისაა და იმ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ბარონ ჟორჟ ეჟენ ოსმანის (Georges Eugène Haussmann) ჩანაფიქრს წარმოადგენს. მოგვიანებით ეს უნაკლო არქიტექტურული ნიმუშები პარიზის ძვირფასი მონაპოვარი გახდა. სართულის ძველი გეგმარება, ბუნებრივი ნათების მაქსიმალური გამოყენების მიზნით, მთლიანად გადაკეთდა. რიტმისა და სახლის ატმოსფეროს შექმნაში შუქი მართლაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ეს ამ პროექტის განმასხვავებელი ნიშანია.
ბინა წყვილის მთავარ რეზიდენციადაა ჩაფიქრებული და დაგეგმარების დროს სურვილი იყო, რომ ის ელეგანტურობისა და აუღელვებლობის განსახიერება ყოფილიყო. შედეგად ფუფუნება და მშვიდი ბალანსი რეზიდენციის ყოველ ოთახში გამოსჭვივის. ბინა ტროკადეროს რაიონის შენობის ზედა სართულზეა განთავსებული და მდინარე სენასა და ეიფელის კოშკზე 360 გრადუსიანი პანორამული ხედი აქვს.
რეზიდენცია სტუმართმოყვარე წყვილის მოთხოვნებს სრულად უნდა აკმაყოფილებდეს. მესაკუთრეებისთვის, რომლებიც ღვინოს აფასებენ და საღამოების მოწყობა მოწონთ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომაც სამზარეულოში თავისი ადგილი მომცრო ღვინის „მარანმა“ იპოვა და სივრცის ყველაზე გამოხატულ აქცენტად იქცა.
ერთ-ერთი ყველაზე მეტყველი სივრცე სახლში, ვერსალის ორანჟერეით შთაგონებული, შემოსასვლელია. მაღალი თაღების სერია ჩაძირული სარკეებით ვრცელი სივრცის იმიტაციას ქმნის და იმავდროულად მას ელეგანტურად ყოფს. ძველი, გაცრეცილი მოზაიკური ფილა, მისი არაჩვეულებრივი ბრინჯაოსფერი, ოქროსფერი და რუხი ტონებით, ინტერიერს დახვეწილობას მატებს.
სასტუმრო ოთახის მომხიბვლელი ყველა ელემენტები ერთიანობის განცდის შექმნისთვის მუშაობს. აქაა ძველი კარით შთაგონებული ფანჯარა, რომელიც ოქსფორდში იპოვეს, კარარის მარმარილოთი მოპირკეთებული სამ მეტრიანი ბუხარი, რომლის სიგრძე და სიმსუბუქე მზერას ატყვევებს.
საძინებლის ინტერიერის ფორმირებას სუფთა ხაზები, მარტივი ფორმები და მშვიდი ფერები ახდენს. გამოსღებ კარს, რომელიც სააბაზანო ოთახში მიგვიძღვება, მკაცრი სწორკუთხა ფორმა აქვს, რაც სივრცის სწორ გეომეტრიას ხაზს უსვამს. თავშეკავებული ტონი და დეკორის არ არსებობა, მარმარილოს ღირსებითა და ყველაფრის მომცველი შუქით კომპენსირდება.
ყოველ სტრუქტურულ ერთეულს (საძინებელი, სააბაზანო ოთახი, სამზარეულო) ასეთივე დაბალანსებული აუღელვებლობის შეგრძნება დაჰყვება. რთულია, აქ წარმოდგენილი ელეგანტური თაღებისგან თვალის მოწყვეტა.
ეჭვგარეშეა, რომ ამ ელეგანტურ რეზიდენციაში, თანამედროვე თაღები და ბუნებრივი სინათლის სიჭარბე ყველაზე შთამბეჭდავ ზონებს ქნიან.