in

ინტერიერის 7 ფერი, რომლებიც არ მოგბეზრდებათ

ფერები მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ჩვენს ემოციებზე, განწყობაზე და საერთო კეთილდღეობაზე. ინტერიერისთვის სწორი ფერების შერჩევას შეუძლია სრულიად შეცვალოს სივრცე, გამოიწვიოს კონკრეტული ემოციები და შექმნას ჰარმონიული ატმოსფერო. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო ფერებს, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ.

  1. „მდუმარე“ ცისფერი

„მდუმარე“ ცისფერი ნეიტრალური ტონია, რის გამოც ნებისმიერ ოთახში გამოიყენება. უპირველესად, ეს ფერი ისეთ საერთო სივრცეებს შეეფერება, როგორებიცაა: მისაღები ოთახი, სამზარეულო და დერეფანი. მისი გამოყენება საბავშვო ოთახშიც თამამად შეგიძლიათ, თუმცა, ამ შემთხვევაში უმჯობესია, თბილ ტონებს შეუხამოთ, რადგან არსებობს რისკი, რომ მხოლოდ „ცივი“ ცისფრის გამოყენებით მყუდრო ინტერიერს ვერ მიიღებთ. ლურჯისა და ღია ფერის კომბინაცია საძინებლისთვის იდეალური არჩევანია, რადგან ასეთი პალიტრა ადამიანს ამშვიდებს, უხსნის დაძაბულობას, სტრესს და ხელს უწყობს მის მოდუნებას.

  1. „მტვრიანი“ ვარდისფერი

„მტვრიანი“ ვარდისფერი კომპლექსური ელფერია. ის გამაღიზიანებელი და შემაწუხებელი სულაც არ არის. ლურჯის მსგავსად, ისიც ბევრ ადგილს შეეფერება — უხდება როგორც საერთო, ისე პირად სივრცეებს. თუ ვარდისფრის თბილ, თუმცა არცთუ ისე ნათელ ელფერს შეარჩევთ, მყუდრო და ცოცხალ ინტერიერს მიიღებთ.

  1. თეთრი

თეთრი უნივერსალური, საბაზისო ფერია, რომელიც ადვილად ერგება სხვადასხვა ფერისა და სტილის ნებისმიერ კომბინაციას. ოთახში სასურველი ატმოსფეროს შესაქმნელად, შეგიძლიათ მას სხვადასხვა ელფერი შეუხამოთ. გარდა ამისა, თეთრს მრავალი ელფერი აქვს, რომლებიც განსხვავებული მიზნებისთვის გამოგადგებათ. მაგალითად, თბილი ინტერიერისთვის შესაფერისია რძისფერი ან ფაიფურისფერი, ხოლო ცივი პალიტრისთვის — თეთრი, ნაცრისფერი ნახევარტონებით. იმისათვის, რომ სივრცე უფრო საინტერესოდ გამოიყურებოდეს, შეგიძლიათ რამდენიმე ელფერი შეაზავოთ.

  1. მდოგვისფერი

მისი გამოყენება შესაძლებელია დეკორსა და ტექსტილში ან, უფრო ფართოდ  – მაგალითად, აქცენტირებული კედლის გასაფორმებლად. მდოგვისფერი შესანიშნავად გამოიყურება მწვანესა და ნაცრისფერთან ერთად. მდოგვისფრის სხვა ფერებთან შეხამებისას შეიძლება საერთო პალიტრა უფრო მკაცრი ან, პირიქით, ნათელი და კონტრასტული გამოვიდეს. თუკი ამ ფერის გამოყენებას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერიერის სხვა ელემენტებში ყვითელი არ უნდა ჭარბობდეს.

  1. ნაცრისფერი

ნაცრისფერი კიდევ ერთი უნივერსალური, საბაზისო ფერია, რომლის თბილი და ცივი ელფერების შეხამებით შეგიძლიათ, განსხვავებული შედეგები მიიღოთ. ზოგიერთი ვარიაცია კარგად ეხამება ყვითელი, ნარინჯისფერი და ყავისფერი ტონების მდიდარ პალიტრას, ზოგიერთი კი ჰარმონიულად ერწყმის ნეიტრალურ გარემოს. ნაცრისფერი წარმატებით გამოიყენება ნათელ, მშვიდ ტონალობებთან ერთად.

  1. ზურმუხტისფერი

ეს აქცენტური ფერი შეგიძლიათ როგორც ცივ, ასევე თბილ ფერთა პალიტრას შეუხამოთ. მწვანე დიდებული ბუნებრივი ფერია, რომელსაც ადამიანის დამშვიდებისა და მოდუნების უნარი შესწევს. მუქი ზურმუხტისფერი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც ნათელი სივრცის მიღება სურს, თუმცა, თამამი ექსპერიმენტების ეშინია.

  1. ბუნებრივი ფერები

ბუნებრივი ფერები ინტერიერში ძირითადი ან აქცენტური ფერის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი მშვიდ ატმოსფეროს ქმნის. იგივე ითქმის ნიადაგის ელფერების შესახებ, რომლებიც თბილი, ცივი, ინტენსიური ან ნეიტრალური შეიძლება იყოს. ეს მრავალფეროვანი ტონები ყოველთვის აქტუალურია. ნიადაგისფერი კარგად ერწყმის სხვა ბუნებრივ ტონებს: ლურჯს, მწვანეს, მდოგვისფერსა და ნაცრისფერს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ეკლექტური ბინა ვერაზე – ირმა გოგიაშვილის ინტერიერი

სკანდინავიური ბინა შიშველი აგურის კედლებითა და ფერადი აქცენტებით