in

XVIII საუკუნის ფრანგული სახლი ვინტაჟური დიზაინით

Banner M2
Banner M2

სახლი, რომელზეც დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, 1740 წელს აშენდა, თუმცა დიზაინერებმა მასში ცვლილებები პანდემიის პერიოდში შეიტანეს. თავისი ინტერიერითა და არქიტექტურით შენობა XVIII საუკუნის დახვეწილი ფრანგული სულის მატარებელია. სახლი არ არის ძალიან დიდი, ოთახები პატარაა, თუმცა თითოეული მათგანი საკმაოდ მომხიბვლელი და მრავალფეროვანია.

საცხოვრებელში ვხვდებით ხის კიბეს, იატაკსა და კარებს, რომლებიც ვინტაჟური ნახატებით არის გაფორმებული. შესასვლელ ნაწილში კედლები ხელით არის მოხატული. თავდაპირველად, სახლის ამ ნაწილში კედლები მუქი მწვანე ფერის იყო, რის გამოც მისი ოთხჯერ გადაღებვა გახდა საჭირო, თუმცა სასურველი შედეგის მიღება მაინც მოხერხდა.

მისაღების ნაწილი პატარაა, თუმცა ავეჯი და სხვადასხვა დეკორაციები ისეა დაბანალსებული, რომ ოთახს ქაოსის ნაცვლად, ვინტაჟის ხიბლს სძენს. ფერების ბალანსისთვის გამოყენებულია ცისფერი და ნარინჯისფერი ტონები, რომლებიც მწვანე ქოთანსა და მცენარეს ეხამება.

მისაღებ ოთახს ამშვენებს დეკორატიული ფარდებიც, რომელთა ფერიც სავარძლის ბალიშებთანაა შეხამებული, ხოლო კედელზე განთავსებული ნახატები XVIII საუკუნიდან მოდის და სახლის ფრანგულ სტილს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

სხვა ოთახებისგან განსხვავებით, სამზარეულო ერთი ტონშია გადაწყვეტილი. კრემისფერ კედლებს კარადები, ხის მაგიდა და ჭურჭელი ეხამება, რომლებიც ყავისფერ ფერებშია შერჩეული. ისევე როგორც სახლის სხვა ნაწილში, სამზარეულოშიც ვხვდებით კერამიკულ ნივთებსა და ოთახის მცენარეებს.

სამზარეულოს მაგიდაც და სკამებიც ხის მასალისგანაა დამზადებული, ჭურჭელი და კედლები ძველებური სტილისაა, თუმცა ვხვდებით თანამედროვე დიზაინის მქონე გაზქურასა და ჭაღებს. ოთახს აქვს ულამაზესი ფანჯარაც, საიდანაც ეზოს ხედი მოჩანს.

სახლს ორი საძინებელი გააჩნია, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთის მსგავს სტილშია მოწყობილი, განსხვავება მხოლოდ დეტალებსა და ფერებშია, რომლებიც საწოლის გადასაფარებლებში, შპალერის დიზაინსა და სხვადასხვა დეკორაციებში აისახება.

ორივე საძინებელს აქვს დიდი ზომის ფანჯარა, ხის იატაკი და სკამები, თუმცა პირველ მათგანში დამატებით ვხვდებით მაგიდასა და წიგნებსაც, რომლებიც სამუშაო კუთხის მოსაწყობადაა გამოყენებული.

აბაზანა მისაღებისა და დერეფნების მსგავს სტილშია მოწყობილი. სხვა ოთახების მსგავსად, აქაც ვხვდებით ლურჯი ფერის შპალერს, რომლის დეტალებიც ასევე ხელითაა მოხატული, თუმცა ფერები ყავისფერ და ცისფერ ტონალობებშია გადაწყვეტილი.

სახლს აქვს პატარა ბაღიც, რომელიც სიმწვანეშია ჩაფლული და იდეალური ადგილია სტუმრების მისაღებად ან დასასვენებლად. ეს ნაწილი მდიდარია ვინტაჟური განათებით, მაგიდითა და სკამებით, რომლებიც ასევე ვინტაჟის ხასიათს ატარებს და ფრანგულ სტილს იდეალურად ერგება.

მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათება – რა უპირატესობა აქვს მას სტანდარტულთან შედარებით?

სად შევიძინო ბენჩი? – 7 ადგილი თბილისში