in

3 გამორჩეული ქართული არქიტექტურული ობიექტი — ნინო მანჯავიძის ხედვა

Alliance Group
Alliance Group

დღევანდელ სტატიაში არქიტექტორი ნინო მანჯავიძე გვიამბობს მისთვის გამორჩეულ  ქართულ არქიტექტურულ ობიექტებზე, რომლებიც განსაკუთრებული ხელწერითა და უნიკალური არქიტექტურული დეტალებით ხასიათდება. ნინო მანჯავიძეს მრავალწლიანი არქიტექტურული გამოცდილება აქვს. ის წარმატებით მოღვაწეობს როგორც არქიტექტურის სფეროში, ასევე ინტერიერის დიზაინის მიმართულებით და  საგანმანათლებლო კუთხითაც, სადაც ახალგაზრდა კოლეგებს თავის გამოცდილებასა და ცოდნას უზიარებს. მისი არქიტექტურული თუ დიზაინ პროექტები მრავალმხრივი მახასიათებლებით ხასიათდება და ესთეტიკური და ფუნქციური თვალსაზრისით საინტერესო სინთეზს ქმნის. დღეს ნინო მანჯავიძე მისთვის გამორჩეულ სამ ქართულ არქიტექტურულ ნამუშევარზე გვესაუბრება და თავის დამოკიდებულებასა და შეფასებას გვიზიარებს.

ფუნიკულიორის კომპლექსი

ფუნიკულიორის კომპლექსის სამსართულიანი შენობა 1938 წელს აშენდა. ნაგებობის პროექტი არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნის, თანაავტორი კი ა.ვალაბუევია. როგორც ცნობილია, ფუნიკულიორის ზედა სადგურის ვერანდა ზაქარია ქურდიანმა მეუღლესთან, ნადეჟდა ქურდიანთან ერთად, საქართველოს მთავრობის კომისიაზე წარადგინა, კომისიას მამადავითის პლატოს კეთილმოწყობა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აღნიშნულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მისი მშენებლობა გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ გამწვანების გეგმაზე დენდროლოგმა ნ.ციციშვილმა იმუშავა. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსში კვების ოთხი განსხვავებული ობიექტია განთავსებული.

„გამორჩეულად მომხიბლავია ფუნიკულიორის სამსართულიანი შენობა მთაწმინდის პლატოზე, რომელიც ეფექტურად ერწყმის სამთო-საბაგირო რკინიგზას. შენობას ამშვენებს ორსართულიანი ვერანდები, ჰაეროვანი თაღოვანი კოლონადით. ოთხმოც წელზე მეტია, რაც კომპლექსი აშენდა და დღესაც თანამედროვე, აქტუალური და ამაღელვებელია“, — აღნიშნავს ნინო მანჯავიძე. 

ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობა

თბილისის რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის შენობის არქიტექტორი არჩილ ქურდიანი, კონსტრუქტორი კი დავით ქაჯაია გახლავთ. ნაგებობის პროექტი არჩილ ქურდიანმა 60-იან წლებში გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში წარადგინა, სადაც გაიმარჯვა. როგორც ცნობილია, იმ პერიოდში ახალი დასრულებული იყო ე.წ. „სტალინური ეპოქა“, ეს შენობა კი ახალი ეტაპის დასაწყისად მიიჩნეოდა. პროექტი მრუდხაზოვანი, რკინა-ბეტონისა და მინის ფასადის მქონე ნაგებობაა, რომელმაც მალევე მიიქცია საერთაშორისო ყურადღება, ის  უცხოურ გამოცემებში  საბჭოთა არქიტექტურაში რევოლუციის დასაწყისად მოიხსენიებოდა.

ნინო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ტელე-რადიო მაუწყებლობის შენობა ქალაქის კულტურულ თუ ისტორიულ კონტექსტში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, თუმცა მას ძეგლის სტატუსი არ აქვს და შენობა დაუცველია. „თბილისში ტელევიზიის შენობას არ აქვს ძეგლის სტატუსი, თუმცა ის წარმოადგენს ერთ-ერთი გამორჩეული სტილის (კონსტრუქტივიზმი) შენობას და ამავდროულად, ქალაქისა და ქვეყნის ისტორიულ კონტექსტში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. სამწუხაროდ, შენობა დაუცველია და არავინ იცის რა ბედი ეწევა მას“, — ამბობს ნინო მანჯავიძე.

ყავის ქარხანა „მეამას“ სათავო ოფისი

მეამას“ ყავის ქარხნის შენობა 30 000 მ2-ზეა განთავსებული და არქიტექტორ გიორგი ხმალაძის პროექტს წარმოადგენს.  ნაგებობა 2019 წელს საუკეთესო ინდუსტრიული შენობის კატეგორიაში „ArchDaily&Strelka Award“-ის გამარჯვებული გახდა, 2020 წელს კი კონკურსის „Architizer A+Awards“-ის 3 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯვება  — ინტერიერის დიზაინი, დაბალსართულიანი სამუშაო სივრცე, არქიტექტურა და ბეტონი.  ნინო მანჯავიძე პროექტს ინოვაციურად მიიჩნევს და მის არქიტექტურულ თუ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს უსვამს ხაზს.

ფოტო: NakaniMamasakhlisi Photo Lab

„გამოვყოფდი არქიტექტორ გიორგი ხმალაძისა და მისი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტს – ყავის ქარხანა „მეამას“ სათავო ოფისს, რომელიც თბილისის აეროპორტთან დამაკავშირებელ გზატკეცილზე მდებარეობს. შთამბეჭდავია მოცულობის ორიგინალური გადაწყვეტა. ინტერიერი კი შენობის ფორმიდანაა გამომდინარე. პროექტი დასამახსოვრებელი და საინტერესოა არა მარტო მხატვრული გადაწყვეტის გამო, არამედ სამშენებლო ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც“, — ნინო მანჯავიძე.

ავტორი: მეკო მეტრეველი

3daysofdesign – ყოველწლიური ფესტივალი დანიაში და მთავარი მოვლენა სკანდინავიური დიზაინის სამყაროში

კომპანიები, რომლებიც გათბობა-გაგრილების სისტემას შეგიკეთებენ – #homeisცნობარი