in

სასტუმრო კახეთში ქვევრის ფორმის ნომრებით

დღევანდელ სტატიაში კახეთის ერთ-ერთ სასტუმროზე გიამბობთ, რომელსაც ტრადიციული დიზაინისგან განსხვავებით, ქვევრების ფორმა აქვს. სასტუმრო კახეთის სოფელ შალაურში მდებარეობს და ამ კუთხისთვის დამახასიათებელი სიმწვანითა და ლამაზი ხედებითაა გარშემორტყმული.

სასტუმრო მოიცავს ინდივიდუალური ქვევრის ფორმის ნომრებს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო დარბაზსა და გარე აუზს.

იდეა სასტუმროს ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი როჩიკაშვილს გაუჩნდა. სასტუმროს ნომრები მინდორშია მიმოფანტული და მარნის შთაბეჭდილებას ქმნის. იდეის ავტორმა პროექტი მეგობრებს გაუზიარა და ჩანაფიქრი რეალობად აქცია.

პროექტი არქიტექტორ მერაბ გუჯაბიძეს ეკუთვნის, ხოლო დიზაინი – სასტუმროს დამფუძნებლების ერთობლივი იდეაა, რომლებმაც პროფესიონალი დიზაინერების რჩევებით იხელმძღვანელეს.

სასტუმროს შენების პროცესი რთული და დაბრკოლებებით დატვირთული გამოდგა, რაშიც მთავარი როლი პანდემიამ ითამაშა, თუმცა ორი წლის შემდეგ კომპლექსმა პირველი სტუმრების მიღება შეძლო.

ნომრები სადა და დაბალანსებული დეტალებით გამოირჩევა. ღია ფერის კედლებს ეხამება შავი და ყავისფერი ავეჯი. აქ ვხვდებით ხის სკამებსა და იატაკს, მუქი ფერის ჭაღებს და კონტრასტულ დეტალებს. ამას გარდა, ნომრებს ამშვენებს ოვალური ფორმის კარი და აივანი, საიდანაც სტუმრებს კახეთის ხედით ტკბობის საშუალება ეძლევათ.

თითოეულ ოთახს თან ახლავს მონაცრისფრო ტონალობაში გადაწყვეტილი სააბაზანო, რომელიც სრულიად თანამედროვე დიზაინითაა შექმნილი და მისი ცალკეული დეტალები ასევე ოვალური ფორმისაა, რაც დამსვენებლებს კიდევ უფრო მეტად უქმნით ქვევრების შთაბეჭდილებას.

სასტუმრო თავის არქიტექტურით არის უნიკალური კონცეფციის და მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე. ტერიტორიაზე ვხვდებით კეთილმოწყობილ ეზოს, გამორჩეულ არქიტექტურას, კავკასიონის მთებსა და მდინარე ალაზნის თვალწარმტაც ხედებს. ეს ადგილი სტუმრებს არა მხოლოდ დღისით, არამედ ღამითაც შთამბეჭდავ გარემოს სთავაზობს.

მოდური და მყუდრო სახლი ნიდერლანდებში – NEXT Architects-ის ნამუშევარი

არქიტექტურა, როგორც იდენტობის ძიების პროცესი — ინტერვიუ ნიკა ლეკვეიშვილთან