in ,

რიჩარდ როჯერსის ბიოგრაფია და საუკეთესო პროექტები

Alliance Group
Alliance Group

19 დეკემბერს ბრიტანელი არქიტექტორი, პრიცკერის პრემიის ლაურეატი, ჰაი-ტექ სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი, პარიზის პომპიდუს ცენტრის, ლონდონის „O2 არენის“ და სხვა ცნობილი შენობების ავტორი – რიჩარდ როჯერსი გარდაიცვალა. დღეს მისი ცხოვრების ეპიზოდები და საუკეთესო პროექტები გვინდა გავიხსენოთ.

რიჩარდ როჯერსმა სახელი მაშინ გაითქვა, როცა რენცო პიანოსთან ერთად პარიზის კულტურული ცენტრის პროექტით საერთაშორისო კონკურსი მოიგო. „უბრალოდ შეშლილი წყვილი, – იხსენებდა ოდესღაც თვით რენცო პიანო ერთ-ერთ ინტერვიუში. – არა, შეშლილები კვადრატში: როდესაც ერთმანეთს ორი შეშლილი ხვდება, ეს მოვლენა კვადრატში უნდა აიყვანო. პომპიდუს ცენტრი თავხედი ახალგაზრდების პროვოკაცია იყო, რომელიც დღემდე მიყვარს და როდესაც მეკითხებიან, მოურიდებლად ვპასუხობ: “ვფიქრობ, ხარისხიანი შენობა გამოგვივიდა“.

რიჩარდ როჯერსი რენცო პიანოსთან, ნორმან ფოსტერთან და ნიკოლას გრიმშოუსთან ერთად ჰაი-ტექ არქიტექტურის ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი საფირმო ილეთია ინჟინრული სისტემების ფასადზე გამოტანა და მათი დიზაინის ელემენტად გადაქცევა. პომპიდუს ცენტრი ამის ერთადერთი ნათელი მაგალითი როდია. ლლოიდის შენობა და არქიტექტორის ბოლო პროექტი – მოფარფატე არტ-გალერეა – ასევე ამ პრინციპითაა აშენებული.

ბიოგრაფია

რიჩარდ როჯერსი 1933 წელს, ფლორენციაში დაიბადა. მან ლონდონში არქიტექტურის სკოლა დაამთავრა და იელის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მიიღო.

ინგლისში როჯერსმა ნორმან ფოსტერთან, სიუზან ბრამველთან და ვენდი ჩიზმანთან ერთად არქიტექტურული ბიურო „Team 4“ დააფუძნა. 1977 წელს კი საკუთარი კომპანია „Richard Rogers Partnership“ გახსნა.

1985 წელს როჯერსმა არქიტექტურისთვის სამეფოს ოქროს მედალი მიიღო. ის 1986 წელს ასევე საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს. 1991 წელს რაინდის წოდება მიენიჭა, ხოლო 1996 წელს პერად აქციეს.

2007 წელს რიჩარდ როჯერსმა პრიცკერის პრემია მიიღო. ჟიურიმ მაღალი შეფასება მისცა მის შემოქმედებას, განსაკუთრებით აღნიშნა მისი არქიტექტურისადმი სიყვარული, მასალებისა და მეთოდების ღრმა ცოდნა“.

საუკეთესო პროექტები

პომპიდუს ცენტრი

პომპიდუს ცენტრი 1977 წელს აიგო. ნაგებობამ 70-იან წლებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, საფრანგეთის მაღალი ტექნოლოგიების ეპოქის ათვლის წერტილად ჩაითვალა. ამჟამად პომპიდუს ცენტრი ევროპაში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი მუზეუმია.

ლლოიდის შენობა ლონდონში

პომპიდუს ცენტრის მსგავსად, ლლოიდის კოშკიც ამოტრიალებულ შენობას ჰგავს. შედეგად, ინტერიერი ვრცელი და ყველა საინჟინრო სისტემისგან თავისუფალი გამოვიდა. გარდა ამისა, ის მოდულურია, შიდა სივრცეები მობილური ტიხრებითაა დაყოფილი, რომელთა გადაადგილებაა შესაძლებელი.

შენობა სამი ძირითადი და პერიმეტრზე მდგარი კიდევ სამი სათადარიგო კოშკისგან შედგება. კოშკების აღმართვის დროს ისინი იმდენად ნოვატორული იყო, რომ 1986 წელს თვით დედოფალმა, ელისაბედ მეორემ გახსნა.

ლონდონის ათასწლეულის გუმბათი (O2 Arena)

„ათასწლეულის გუმბათი“ რომელსაც დღეს “O2 Arena”-ს ეძახიან, გამოფენებისა და კონცერტებისთვის შექმნილი უზარმაზარი სივრცეა. ის თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული მემბრანითაა დაფარული. ნაგებობა 2000 წელს ახალი ათასწლეულის აღნიშვნის მიზნით აღმართეს. შენობა უნიკალურია: გუმბათს დაახლოებით 8 ჰექტარი უკავია, გარშემოწერილობა 1 კმ-ს შეადგენს, მისი შემოვლა კი 15 წუთშია შესაძლებელი. ასეთ ფართობზე ორი დიდი სტადიონი დაეტევა. სახურავი 12 ცალ ასმეტრიან ანძას უკავია, რომლებზეც საერთო ჯამში 70 კმ სიგრძის ბაგირია გამოყენებული. სწორედ ის აძლევს გუმბათს საჭირო ფორმასა და კონსტრუქციას სიმტკიცეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს შენობა

ეს შენობა არქიტექტორ კლოდ ბუშნერთან თანამშრომლობით შეიქმნა. ჩანაფიქრის მიხედვით, ნაგებობას სტუმართმოყვარე იერი უნდა ჰქონდეს და სახელმწიფო დაწესებულებების მკაცრი არქიტექტურის მსგავსად მნახველს არ უნდა აფრთხობდეს. შენობა ლანდშაფტს იმეორებს, ფორმა კი გამოხატულად კეთილგანწყობილია. ის ორი ლითონისა და ერთი შუშის ცილინდრისგან შედგება. მათში საერთო ჰოლი, ევროპის კომისია და სასამართლოა მოთავსებული. სხვა დანარჩენი შენობები მაღალ ადმინისტრაციულ ბლოკშია განთავსებული.

საფრანგეთის სამხრეთში მდებარე არტ-გალერეა

პენსიაზე გასვლამდე რიჩარდ როჯერსმა მისი ბოლო პროექტი – არტ გალერეა დაასრულა. ის საფრანგეთის სამხრეთში, შატო ლა კოსტის ვენახების თავზე, 27 მეტრზეა აღმართული. 120 კვადრატული მეტრის სივრცე თითქმის მთლიანად ციცაბოზეა გადაკიდებული და მას მხოლოდ 4 საყრდენი კვანძი იჭერს. შენობის სტრუქტურული ელემენტები ღია-ფორთოხლისფერშია შეღებილი და ფასადზეა გამოტანილი ისე, როგორც ეს პომპიდუს ცენტრშია გაკეთებული. სივრცე მხოლოდ ერთ ოთახს იტევს – თეთრი კედლებითა და იატაკიდან ჭერამდე აღმართული ფანჯრით, საიდანაც ხეობის ხედები იშლება.

გალერეა ჰაი-ტექის საუკეთესო ტრადიციების მიხედვითაა აგებული. აქ რიჩარდისა და „RSHP“ -ის ყველა ნამუშევრის პრინციპია თავმოყრილი, – ამბობს სტუდიის პარტნიორი სტივენ სპენსი. – ამ ნაგებობის ხილვით, თქვენ ყველაფრის ამოკითხვას შეძლებთ, კონსტრუქციის თითოეული ელემენტის მუშაობის პრინციპს გაიგებთ“.

“მენაბდის მარანი” – ძველებური ოდა თანამედროვე გურიაში

მინიმალისტური სტილის ხელშემშლელი 6 მავნე ჩვევა და მათთან გამკლავების გზები