in

10 საინტერესო ფაქტი არქიტექტორ ჟან პრუვეს შესახებ

ამ სტატიაში პირველი ასაწყობი სახლების ავტორის, ფრანგი მოდერნისტი არქიტექტორის – ჟან პრუვეს (1901-1984) ცხოვრებიდან 10 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

  1. მოდერნი VS მაღალი ტექნოლოგია

ჟან პრუვე მხატვრისა და პიანისტის ოჯახში დაიბადა. მისი მამა – ვიქტორ პრუვე, ემილ გალესა და ლუი მაჟორელის თანამოაზრე, არტ-ნუვოს სტილის გამორჩეული წარმომადგენელი იყო. მეგობრებთან ერთად მან დააარსა ცნობილი ხელოვნების სკოლა – École de Nancy, რომელიც ფრანგული არტ-ნუვოს ეპიცენტრად იქცა. მის შვილს, პირიქით, დეკორატიული ეფექტი არ მოსწონდა. მისი ნივთები მხოლოდ ფუნქციონალურია. პრუვე ადიდებდა ლითონს, მის ბრუტალურ სილამაზეს პატივს თავისი შენობებით მიაგებდა. შემთხვევითი არ არის, რომ ჟან პრუვეს ხშირად მაღალი ტექნოლოგიის მამად მოიხსენიებენ.

ველოსიპედი, ჟან პრუვეს დიზაინი
  1. არქიტექტორი სამჭედლოდან

პრუვე თანმიმდევრულობით გამოირჩეოდა. ჯერ მჭედლის შეგირდი გახდა, შემდეგ ტექნიკური განათლება მიიღო. ლითონთან მუშაობდა როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულ დონეზე შეისწავლა და გადავიდა პარიზში, სადაც გახსნა საწარმო, რომელშიც ლითონის ღობეებსა და კარებს აწარმოებდა. შემდეგ ასორტიმენტი ბაღის ავეჯის მიმართულებით გააფართოვა.

სავარძელი Cité, 1930 წელი, Vitra

 

სკამი Antony, 1954 წელი

  1. მეტსახელად „ზეინკალი“

პრუვე საკუთარ თავს არქიტექტორს იშვიათად უწოდებდა და ცდილობდა უპირველეს ყოვლისა ცნობილი ყოფილიყო, როგორც ინჟინერი. ომის წლებში მან თავისი ატელიე ყაზარმების დასამზადებლად გადააკეთა. იგი იმპროვიზებულ მასალას იყენებდა: სამზარეულოს ღუმელები და ველოსიპედის ჩარჩოები. ის წინააღმდეგობის მოძრაობის გამოჩენილი ფიგურა იყო. ლითონთან მუშაობის გამო, მიწისქვეშეთში მას „ზეინკალი“ უწოდეს.

სკამისა და მაგიდის ესკიზი (Standart)
  1. მერი

პრუვეს მშობლიურ ქვეყანაში იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, რომ ომის შემდეგ იგი ნენსის მერად აირჩიეს.

  1. სასკოლო მერხი

პრუვე შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ 1930-იან წლებში მან მუნიციპალური დაწესებულებებისთვის მარტივი, მაგრამ ფუნქციონალური ავეჯის შექმნა დაიწყო, რომელიც ძალზე მოთხოვნადი გახდა ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანას ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები ძალიან სჭირდებოდა. პრუვეს ავეჯის მასიურად შეძენა დაიწყო სკოლებმა, უნივერსიტეტებმა, ჰოსტელებმა, საავადმყოფოებმა და ადმინისტრაციამ. ჰიტად იქცა სტანდარტული სკამი, რომელიც მოხრილი ფოლადის ფენისგან და შრეებიანი ფიცრისგან არის დამზადებული (მოდელი დღეს Vitra-ს ბრენდის მიერ იწარმოება), ასევე, ფოლადისა და მუხისგან შექმნილი თაროები (Rayonnage Mural) და, რა თქმა უნდა, 1946 წლის სკოლის მერხი, რომელსაც მთელი საფრანგეთი იყენებდა.

სასკოლო მერხი, 1940-იანი წლები

 

სკამი Standart, Vitra
  1. კრახი

50 წლის ასაკში პრუვეს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწია. ბედის ირონიით, მისი საწარმოს გაკოტრება გამოიწვია იმან, რამაც მოგვიანებით არქიტექტორს დიდება მოუტანა. როგორც მოგეხსენებათ, დიდება ხშირად სიკვდილის შემდეგ მოდის. პრუვეს ლტოლვილებისა და უსახლკაროებისთვის სტანდარტული საცხოვრებლის დიზაინის მქონე ასაწყობი სახლების შექმნის იდეა გაუჩნდა. სახლები სერიულად გამოვიდა შემდეგი ზომებით: 6 x 6, 6 x 9 და 8 x 8მ2 (მთლიანობაში დაახლოებით ასობით მათგანია დარჩენილი). ისინი აწყობილი იყო ორფენიანი ხის პანელებისგან (იზოლატორით), რომლებიც ადვილად თავსდებოდა ლითონის ჩარჩოში.

პრუვეს ასაწყობი სახლი, სანქტ-პეტერბურგი, 2017 წელი

თითოეული ნაწილის წონა 100 კილოგრამს არ აჭარბებდა, რაც ამწის გამოყენების აუცილებლობას აქრობდა. ასეთ სახლს რამდენიმე ადამიანი დამოუკიდებლად რამდენიმე დღეში აწყობდა. შენობა ადვილად იწყობოდა და იშლებოდა, ამასთან, მისი ტრანსპორტირებაც შესაძლებელი იყო.

პრუვემ ცხელი ქვეყნებისთვის ასეთი შენობების განსხვავებული ვარიანტები შეიმუშავა. მათ „ტროპიკულ სახლებს“ უწოდებენ. პირველი ნიმუშები გამოიყენეს კონგოსა და ნიგერიაში, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ საფრანგეთის კოლონიები იყო. თუმცა, პრესაში მიმდინარე მღელვარებისა და ზოგადი აღფრთოვანების მიუხედავად, პრუვეს შეკვეთა არასოდეს მიუღია: სახლის ადგილობრივი მასალების გამოყენებით აშენება მაინც უფრო იაფი აღმოჩნდა. პრუვე ამ გამოგონებაზე იმედებს ამყარებდა, მაგრამ საწარმომ ზარალი განიცადა და არქიტექტორი იძულებული გახდა საწარმო დაეხურა.

პრუვეს ასაწყობი სახლი, მოდელი – 6 x 9
  1. სახლი $5 მილიონად

პრუვეს ერთ-ერთი „ტროპიკული სახლი“ 2015 წელს აუქციონზე $4,960,000-ად გაიყიდა. ეს არის კონსტრუქცია, რომლის სახურავის დახრილობაც შეიძლება კონკრეტულ რეგიონში მზის აქტივობის მიხედვით დარეგულირდეს.

1958 წლის “ტროპიკული სახლი”
  1. ოსტატი და შეგირდი

1971 წელს პრუვე პომპიდუს ცენტრის შენობის კონკურსის ჟიურის ხელმძღვანელობდა, სადაც რენცო პიანოსა და რიჩარდ როჯერსის პროექტმა გაიმარჯვა. 2007 წელს, პომპიდუს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პიანომ, ოსტატის პატივისცემის ნიშნად, მუზეუმის სახურავზე აღმართა პრუვეს ერთ-ერთი ასაწყობის სახლი, რომელიც ცენტრის კოლექციაში ინახება.

ჟან პრუვეს სახლი ნანსში
  1. მემკვიდრეები

ბევრი თანამედროვე არქიტექტორი თავს პრუვეს მიმდევრად მიიჩნევს. ნორმან ფოსტერი, ჟან ნუველი, ასევე, რენცო პიანო ამბობენ, რომ ოსტატის ნამუშევრებმა მათ სტილზე და ზოგადად არქიტექტურის გაგებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა.

ჟან პრუვეს სახლი, 1953 წელი
  1. ჟან პრუვე ცოცხალია!

2001 წელს Vitra-მ პრუვეს ავეჯის რეპროდუქციის უფლება შეიძინა. 2011 წელს ხელახალი გამოშვებების პირველი სერია გამოვიდა, ხოლო 2015 წელს ოსტატის ლეგენდარულმა საოფისე ავეჯმა კვლავ იხილა დღის შუქი.

სავარძელი Fauteuil Direction (1951წ) და საოფისე მაგიდა Compas Direction (1953 წ). ფოტო: Vitra

ბუნების მოტივები ინტერიერში – “საპონერიას” შოურუმის დიზაინი არაყიშვილის ქუჩაზე

როგორ შევქმნათ თანამედროვე ინტერიერი ისე, რომ ის ცივი არ გამოვიდეს