in ,

ბუნების მოტივები ინტერიერში – “საპონერიას” შოურუმის დიზაინი არაყიშვილის ქუჩაზე

საპონერია” ხელნაკეთი საპნებისა და სხვა კოსმეტიკური პროდუქტების მაღაზიაა, რომელიც არაყიშვილის 8 ნომერში მდებარეობს. ამ ბრენდის ისტორია 2017 წელს დაიწყო, როდესაც ანა კაჭკაჭიშვილმა საკუთარი კომპანია დააარსა და სწავლის პარალელურად, სრულიად დამოუკიდებლად შეუდგა ბიზნესის კეთებას. როგორც თავად გვიამბობს, დაფუძნების დღიდან, „საპონერიას“ მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის ბედნიერების მინიჭებაა, რაც ბუნების საჩუქრებისა და მეცნიერების გაერთიანებით ხდება.

საპნების დამზადება ყოველთვის ჩემი ჰობი იყო, მედიცინა კი პროფესია. შემოქმდებითმა მიდგომამ ეს ორი სფერო გამაერთიანებინა და ასე შეიქმნა ჯერ პატარა ბიზნესი, შემდეგ კი, წარმატებული კომპანია, – გვიამბობს ანა

2021 წლიდან „საპონერიას“ განვითარებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ინვესტირების შედეგად, ანამ ორი ბიზნეს პარტნიორი შეიძინა და კომპანია “ვისოლ ჯგუფის“ წევრი გახდა და შედეგად, საქართველოში გაიხსნა პირველი გამჭვირვალე კონცეფციის კოსმეტიკის საწარმო და მაღაზია, სადაც მომხმარებლებს დამზადების პროცესის ნახვის და პროდუქტის ადგილზე დატესტვის საშუალება ეძლევათ.

გარდა საოცრად მიმზიდველი პროდუქციისა, „საპონერიას“ შოურუმი საკუთარი გამორჩეული ინტერიერითაც იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას. როგორც ანა გვიამბობს, მაღაზიის ინტერიერზე რამდენიმე დიზაინერმა იმუშავა და მათი ხედვა იდეალურად დაემთხვა მის ჩანაფიქრს, რაც ფერადი, ცოტათი ჯადოსნური, ზღაპრული და ბუნებასთან ასოცირებული სივრცის შექმნას გულისხმობდა.

ინტერიერში დომინიმრებს ბუნებრივი ფერები და ხის ფაქტურა, რაც საკმაოდ კარგ ფონს ქმნის „საპონერიას“ ფერადი და სურნელოვანი ნაწარმისთვის. ამ ტექნიკის დამსახურებით, პროდუქცია საკმაოდ გამოკვეთილია სივრცეში და შესვლისთანავე იქცევს მომხმარებლის ყურადღებას. საინტერესო ვიტრინის დიზაინი და მაღაზიის დეკორი კი იდეალურად გადმოსცემს ბუნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის სინთეზის იდეას.

მაღაზიისა და ზოგადად, ბრენდის ხასიათზე, წლების განმავლობაში ვფიქრობდი და მინდოდა, „საპონერია“ ბუნებასთან, ფერად და სურნელოვან ყვავილებთან, საკუთარი თავის გაბედნიერებასა და ნებივრობასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ვფიქრობ, ეს დიზაინი ზუსტად გადმოსცემს ჩვენი ბრენდის ხასიათს და ღირებულებებს და რაც მთავარია, ჩვენი თითოეული სტუმრის სტრესულ დღეს, უფრო მშვენიერს და სასიამოვნოს ხდის,“ – ანა კაჭკაჭიშვილი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

სახლად გარდასახული არტ სტუდია – Valentino Architects-ის ნამუშევარი

10 საინტერესო ფაქტი არქიტექტორ ჟან პრუვეს შესახებ