in ,

რიკარდო ბოფილის სიურრეალისტური არქიტექტურა

Alliance Group
Alliance Group

1957 წელს, რიკარდო ბოფილი ბარსელონას არქიტექტურის სკოლიდან ფრანკისტული რეჟიმის დროს, პოლიციასთან უთანხმოების გამო გარიცხეს, 6 წლის შემდეგ, 1963 წელს კი მან პირველი აღიარებული არქიტექტურული ჯილდო ADI-FAD Award in Architecture მოიპოვა ბარსელონაში მდებარე თავისი საცხოვრებელი შენობის პროექტისთვის. დღეს იგი არქიტეტურის საერთაშორისო ლეგენდაა, მისი შთამბეჭდავი პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება. 

ბოფილმა თავისი არქიტექტურული სტუდია 23 წლის ასაკში დააარსა, მისი ინტერდისციპლინური ჯგუფი მოიცავდა როგორც არქიტექტორებს, ასევე ფილოსოფოსებს, მწერლებს, მათემატიკოსებს და ფილმოგრაფებს. მათი მთავარი მიზანი იყო ეფიქრათ ალტერნატიულ, განსხვავებულ არქიტექტურაზე. მათი სურვილი იმ დროინდელი მკაცრი, ერთფეროვანი იდეების დარღვევა იყო არა მხოლოდ არქიტექტურაში, არამედ სხვა მიმართულებებშიც. მათი მისწრაფება, რომ შეეცვალათ მაშინდელი ტრადიციული დამოკიდებულება პიროვნული და სექსუალური თავისუფლების მიმართ, იმ დროისთვის არალეგალურიც კი იყო. მათ სოციალურ მოძრაობებში ჩართულობაც სურდათ და ბოფილის სტუდიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი – სოციალური საცხოვრებელი კომპლექსი საფრანგეთში – სწორედ ამ ინტერესის შედეგია. 

ბოფილს და მის გუნდის წევრებს უნდოდათ შეექმნათ არქიტექტურა არა მხოლოდ სტანდარტული ოჯახებისთვის,  არამედ სხვადასხვა გაერთიანებებისთვის და ქორწინებებისთვის. ერთი სიტყვით, მათი მიზანი იყო შეექმნათ არქიტექტურა ყველასთვის. ეს იყო დასაწყისი რიკარდო ბოფილის “Taller De Arquitecture”-ის, მათი ერთერთი პირველი პროექტი Walden 7 თანამედროვე შედევრად არის აღიარებული და აერთიანებს სივრცეებს სხვადასხვა ტიპის ადამიანებისთვის და მათი  თავისუფალი თვითგამოხატულებისთვის. პროექტი ასევე პასუხობდა მრავალ თანამედროვე საცხოვრისის პრობლემას. შენობა შედგება 14 სართულიანი აპარტამენტების ჯაჭვისგან, რომლებსაც აერთიანებთ 5 შიდა ეზო. ბოლო სართულზე ორი საცურაო აუზია. მცირე გამონაკლისების გარდა, ყველა ბინას შიგნითაც და გარეთაც აქვს ხედი. შენობა ქმნის ფერად, ვერტიკალურ, ლაბირინთს, რომელიც ძალიან განსხვავდება ტრადიციული საცხოვრებელი კომპლექსებისგან. მისი სახელი B.F. Skinner-ის ნოველიდან Walden Two-დან მოდის, რომელშიც ასახულია უტოპიური საზოგადოება. პროექტი 1975 წელს აშენდა ბარსელონასთან მდებარე პატარა ქალაქ – Sant Just Desvern-ში.

Walden 7

როდესაც ბოფილმა მსგავსი პროექტის განხორციელება მადრიდში დააპირა, იქაური რეჟიმის გამო პოლიცია ჩაერია და მას ესპანეთში საქმიანობა აუკრძალეს, რის გამოც დატოვა ქვეყანა და დაიწყო მცირე პერიოდებით ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება. ის ცხოვრობდა საფრანგეთში, ალჟირში, შვედეთში, ჰოლანდიაში, ლუქსემბურგში, მაროკოში, კანადაში, იაპონიაში, ინდოეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კიდევ მრავალ ადგილას. ასეთმა ცხოვრებამ, როგორც თვითონ ამბობს, ბევრი რამ ასწავლა და საშუალება მისცა თავისი ხედვა გაეფართოვებინა, რაც მომავალში ძალიან გამოადგა პროფესიული კუთხით. დღეს ის თავის თავს მომთაბარეს უწოდებს, რადგან ერთი და იგივე ადგილას დიდხანს არ ცხოვრობს და ამით ამაყობს კიდეც. 

Les Espaces d’Abraxes ბოფილის ამ პროექტის კონცეფცია ეყრდნობა ისტორიულ, კლასიკურ ფორმებს. შენობა მდებარეობს პარიზის გარეუბანში. შენობა აშენდა 1982 წელს და იმ ეპოქისთვის დამახასიათებლი სტილის მაგივრად მას ქვს დეტალები ბაროკოდან, მონუმენტური, თეატრალური ხაიათი. კომპლექსი იყოფა სამ ნაწილად – თეატრი, თაღი და სასახლე. ბოფილის მიზანი იყო შეექმნა მჭიდროდ დასახლებული მონუმენტი, თეატრის ნაწილში 130 აპარტამენტია, თაღის ნაწილში 20. შენობის ტერიტორია ხშირად გამხდარა ინსპირაცია სხვადასვა რეჟისორისთვის, და ბევრი ცნობილი სცენა ფილმებიდან სწორედ აქ არის გადაღებული. (Terry Gilliam’s Brazil, The Hunger Games trilogy).

La Muralla Roja ბოფილის კიდევ ერთი პროექტია ესპანეთში, კოსტა ბლანკაში. მისი სახელი ითარგმნება როგორც წითელი კედელი. შეიძლება ითქვას რომ ეს ბოფილის ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია. ციხესიმაგრის მსგავსი შენობა მოიცავს აპარტამენტებს და საერთო ღია სივრცეებს. ღია დერეფნები, ფერადი კორიდორები, შენობაში იგრძნობა ისლამური ხალხური ხუროთმოძღვრების გავლენა. ბოფილმა რამდენიმე ელემენტი ალჟირის კასბადანაც აიღო – მაღალი კედლები რომლებიც ასინთეზირებენ გარე და შიდა სივრცეს. შენობის მკაცრ ფორმებს ანეიტრალებს ფერები, რომლებიც ბოფილმა გამოიყენა – წითელი, იასამნისფერი, ცისფერი ვარდისფერი კედლები. შენობა 1973 წელს აშენდა და დღემდე ინარჩუნებს ისეთ გაბედულ, ავანგარდულ იერს, რომელიც აშენების წლებში ჰქონდა.

Les Arcades du Lac ბოფილის პირველი დიდი პროექტი იყო საფრანგეთში, რომლის მიზანიც იყო პარიზის ცენტრში მოსახლეობის სიმჭიდროვის შემცირება. ეს არის ბოფილის ინტერპრეტაცია ტიპიური პარიზული ბაღის, სადაც უზარმაზარი საცხოვრებელი ბლოკები გარკვეული თანხმიმდევრობით არის განთავსებული. ბოფილის ყველა პროექტში ერთ-ერთი მთავარი მიზანია საზოგადოებრივი სივრცეების შექმნა და არც ეს დიდი პროექტია გამონაკლისი. მწვანე ბაღით და მანქანების ნაკლებობით იქმნება ჯანსაღი გარემო. გზები და ავტოსადგომები ჩამალულია მიწისქვეშა სართულებზე. ბოფილი ამ პროექტში პატივს სცემს ძველი ფრანგი მაღალი ფენის ტრადიციებს, და ცდილობ ეს ყველაფერი გახადოს ყველა მაცხოვრებლისთვის ხელმისაწვდომი, და არა მხოლოდ საზოგადოების ზედა ეშელონებისთვის.

რა უნდა ვიცოდეთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შესახებ

ბინა კრწანისში – NS Studio