in

რა უნდა ვიცოდეთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შესახებ

სახლში სიმყუდროვისა და ჩვენი შერჩეული მიკროკლიმატის შენარჩუნების ერთ ერთი წონადი ფაქტორი კარი და ფანჯრებია. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის ეფექტიანი არჩევანი მხოლოდ მისი კომპონენტების გონივრული შერჩევით შეიძლება მოხდეს. სწორად აწყობილი კარ-ფანჯარა მომავალში კომფორტისა და ენერგიის ეფექტიანი ხარჯვის საწინდარი იქნება.

მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრის ძირითადი კომპონენტებია:

პროფილი – რისგანაც ჩარჩო იწყობა და რაშიც შემდგომ მინა დგება. ის „ა“ და „ბ“ კატეკორიად იყოფა. ასევე არსებობს გრადაცია პროფილის კედლის სისქის მიხედვით და პროფილში ვერტიკალური შრეების რაოდენობის მიხედვით (ეს უკანასკნელი პროფილის ხარისხზე არსებით გავლენას არ ახდენს). პროფილი მისი განივი ზომებიდან გამომდინარე, 58-60 მმ. 70 მმ და 82 მმ. შეიძლება იყოს. რაც უფრო განიერრია ის, მით უფრო განიერი მინაპაკეტი დგება შიგნით და შედეგად, თქვენი ბინა ხმაურისგან და არაკომფორტული ტემპერატურისგან მეტად დაცულია.

მინა პაკეტი, რომელიც თავის მხრივ შედგება ნაწრთობი მინისგან. ის გატეხვის შემთხვევაში არ წარმოშობს ბასრწახნაგიან დიდ ნატეხებს და ამავე დროს, ჩვეულებრივზე გაცილებით მტკიცეა. არსებობს ასევე ე.წ. „ტრიპლექსი“, რომელიც შედგება ორი შეწებებული მინისგან და მათ შორის მოქცეული სპეციალური ფენისგან. ეს უკანასკნელი შეიძლება თერმომედეგი, სიმტკიცის მოსამატებელი ან კომბინირებული ფუნქციის იყოს.  ძვირფას ვარიანტებში ნაწრთობმინიან „ტრიპლექსს“ იყენებენ. მინაპაკეტის ოთახის ანუ შიდა მხარის სპეციალური ფენით დაფარვა ბინიდან ტემპერატურის გასვლას აფერხებს, მას „ენერგო მეგობრულ“ შუშებს უწოდებენ. „მულტიფუნქციურ“ მინებში სპეციალური ფენით გარეთა მინაა დაფარული და ის ასევე გარედან არასასურველი ტემპერატურების შიგნით შემოღწევასაც აფერხებს.

„მინა-პაკეტი“ ტიპის მიხედვით იყოფა ერთსაკნიან, ორსაკნიან, სამსაკნიან და იშვიათ შემთხვევებში ოთხსაკნიანად. ბოლო ორი იშვიათია და ძვირფას ფანჯრებში გამოიყენება. ფანჯრებზე კონდესატის წარმოქმნის აცილების მიზნით, საკნებს შორის სპეციალური გამომშრალი ჰაერია ჩატუმბული და გერმეტულად დალუქული. საკნების სიგანე, ასევე ფანჯრების სისქე პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ხმისა და თერმოიზოლაციის მაჩვენებლებზე.

საკნები ერთმანეთისგან გამოყოფილია სპეციალური თბოგამყოფი ტიხრებით, რომლებიც სილიკოგელითაა გაჟღენთილი. ეს ტიხრები ალუმინისა და პლასტმასის არსებობს. ალუმინი ლითონია და პლასტმასთან შედარებით მეტი თბოგადაცემა აქვს.

პროფილების სიმტკიცისა და გამძლეობისთვის აუცილებელია მათი არმირება. იდეალურ შემთხვევაში არმირება მილ კვადრატის სახითაა ჩაყენებული და უფრო ბიუჯეტური ვარიანტი რუსული “П” ფორმისას ითვალისწინებს.  ამ ელემენტის არსებობა ჩარჩოში მნიშვნელოვანია და თქვენ მას ვერ შეამჩნევთ თუ ის წარმოების პროცესში არ შეამოწმეთ.

რეზინის საიზოლაციო ლენტები ფანჯრის ზედაპირსა და ძირითადი ჩარჩოს შეხების ზედაპირებს შორისაა. არსებობს კონსტრუქცია ორი ლენტით, ხოლო უფრო დაწინაურებულ ვარიანტებში – სამი ლენტით. კარგია თუ კონსტრუქცია, რაზეც ეს ლენტებია მიმაგრებული მათი მარტივად შეცვლის შესაძლებლობას იძლევა, ვინაიდან მიწებებული ლენტების გამოცვლა ძნელია და შედეგად უხარისხოც გამოდის. ქარის ზუზუნისა და სტვენის ერთ-ერთი მიზეზი უხარისხო საიზოლაციო ლენტებიცაა.

ფურნიტურა ასევე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვინაიდან სხვა დანარჩენი კომპონენტების ხარისხი მნიშვნელოვნად ფერმკრთალდება უხარისხო სახელურების, სახსრებისა და დაფის ჩარჩოსთან მისაჭიმი მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში. ჩარჩოსთან უხარისხოდ მიდებული ფანჯრის ზედაპირი კი ხმაურითა და თერმოიზოლაციის დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. ხარისხიანი ფურნიტურის მექანიზმები განსაკუთრებით მოსაჭიმი, აუცილებლად ლითონის დეტალებისგან უნდა იყოს დამზადებული. მნიშვნელოვანია ასევე მოსაჭიმი წერტილების რაოდენობა და მათი რეგულირების შესაძლებლობა. ხარისხიანი ფურნიტურა როგორც წესი, გერმანული წარმოებისაა.

 

გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ელემეტის ხარისხი თქვენს ბინაში კომფორტის დონეს განსაზღვრავს. კარ-ფანჯრის მწარმოებელი საქართველოში ბევრია და ფასებიც თითქმის ერთნაირი. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი არმირება, საიზოლაციო ლენტების ხარისხი, მინა პაკეტში გამოყენებული მინის სისქე და ხარისხი, ფურნიტურის ლითონის დონე და პროფილის კედლების სისქე ისეთი მახასიათებლებია, რომელსაც ჩვეულებრივი დამკვეთი ფასლიფიკაციისგან ვერ გაარჩევს. ამიტომ ჩვენი რჩევაა, კარ ფანჯრის ყიდვისა და დაყენებისთვის გამოცდილ და საიმედო გუნდს მიმართოთ.

ღირს თუ არა ელექტრო ბუხრის შეძენა – Homeis.ge გირჩევთ

რიკარდო ბოფილის სიურრეალისტური არქიტექტურა