in

ღირს თუ არა ელექტრო ბუხრის შეძენა – Homeis.ge გირჩევთ

Banner M2
Banner M2

მოგიზგიზე ბუხარი, ხის ტკაცატკუცი და ცეცხლის ენების ციმციმი, მყუდროებისა და მსუბუქი ნოსტალგიის შეგრძნება, საყვარელი გმირების განცდებით ფორიაქი – ზოგჯერ წყალივით გვჭირდება მოფუსფუსე ქალაქისგან ამ სამყაროში განმარტოვება.

თუ ნამდვილი ბუხრის მოწყობის საშუალება არ არის, ამისთვის ქალაგგარეთ წასვლა არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ელექტრო ბუხარი ნამდვილს ვერ შეედრება, თუმცა ჩვენს გონებას ნანატრ სამყაროში განმარტოვებაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

ელექტრო ბუხარი ოთახის ძირითადი გათბობის წყაროდ ვერ გამოდგება, თუმცა, როგორც დამხმარე ელემენტი, იდეალურია. 2 კვტ საათი სიმძლავრის ასეთი გამათბობელი 20 კვადრატული მეტრი ფართის ოთახისთვის სავსებით საკმარისია. ვარვარა სპირალების მიერ ჰაერის გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით, შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ეფექტის მქონე ბუხარი, რომელიც ბუხრის კვამლის იმიტაციად მის მიერ აორთქლებული წყლის ორთქლს იყენებს და ოთახს ატენიანებს.

თუ თქვენი ინტერიერისთვის მხოლოდ მოგიზგიზე ცეცხლი და ხის წვის ხმაა საჭირო, ელექტრო ბუხარს ესეც შეუძლია და ამ შემთხვევაში ის მხოლოდ ჩვეულებრივი ვარვარა ნათურის დენს – 100 ვატს მოიხმარს საათში.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ელექტრო ბუხრის მოქმედების ეფექტები მაქსიმალურად გავს ნატურალურ ბუხარს და ძალიან განსხვავდება ჩვენი ბავშვობის ელექტრო ბუხრისგან, რომლებიც ბუხრის კარიკატურას უფრო წააგავდა.

დღევანდელი მწარმოებლები გვთავაზობენ ელექტრო ბუხრის უამრავ ვარიანტს, კლასიკური სტილიდან დაწყებული თანამედროვე, კედელზე ჩამოსაკიდი ან სულაც ჩასაშენებელი „ჰაი ტექ“ სტილით დასრულებული. არსებული ვარიანტებით ნებისმიერი თამამი დიზაინერული იდეის შესრულებაა შესაძლებელი.

ელექტრო ბუხრების ძლიერი მხარეები

  • ბუხრის წვის პროცესისთვის დამახასიათებელი არანაირი აირი და შესაბამისად, რთული გამწოვი სისტემის აუცილებლობის არ არსებობა
  • სისუფთავე
  • უსაფრთხოება
  • დამონტაჟების სიმარტივე
  • ნებისმიერ ოთახში დამონტაჟების შესაძლებლობა
  • დიზაინერული გადაწყვეტილებების მრავალფეროვნება
  • ნამდვილთან შედარებით გაცილებით დაბალი ღირებულება

ელექტრო ღუმლის სუსტი მხარეები

რაც უნდა მაღალტექნოლოგიური იყოს ბუხარი, ის მაინც იმიტაციაა და რა თქმა უნდა, ვერ შეედრება ნამდვილს. ის უფრო დეკორის ლამაზ შტრიხად გამოდგება, ვიდრე გამათბობლად. თუ თქვენ ელექტრობუხარს აქტიურად და სისტემატიურად გამოიყენებთ ოთახის გასათბობათ, მაშინ მას ცალკე გაყვანილობა დასჭირდება. ასევე გასათვალისწინებელია ელექტრობუხარში ჩამონტაჟებული ვენტილატორების დამახასიათებელი ხმაური, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება საკმაოდ მოსაწყენი გახდეს.

ღირს თუ არა ელექტრო ბუხრის შეძენა?

ყიდვის დროს მთავარია კარგად აწონ-დაწონოთ და ჩამოყალიბდეთ თუ რა გინდათ ელექტრობუხრისგან. თუ თქვენ ის მხოლოდ როგორც დეკორის ელემენტი გჭირდებათ, რომელმაც ინტერიერის სხვა დეტალებთან ერთად, სიმყუდროვის შექმნაზე შეძლებისდაგვარად უნდა იზრუნოს, თუ არ გაგაღიზიანებთ მისი ნატურალურთან თუნდაც ძალიან დაახლოებული, მაგრამ მაინც შესამჩნევი იმიტაცია, თუ ნატურალური ბუხრის რომანტიზმი მხოლოდ შეშის, ნახშირისა და კვამლის გარეშე გენატრებათ, მაშინ მისი შეძენა სწორი არჩევანია და ის თქვენ  დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

რატომ არის შუშის ტიხრები დიზაინერების საყვარელი ელემენტი

რა უნდა ვიცოდეთ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის შესახებ