in

ვიყიდო თუ არა რობოტი მტვერსასრუტი? – Homeis.ge-ს რედაქტორის პირადი გამოცდილება 

მახსოვს, როდესაც სოციალურ ქსელში პირველად წავაწყდი ინფორმაციას რობოტი მტვერსასრუტის შესახებ, მაშინვე დავინტერესდი ამ „სრულიად ინოვაციური მოწყობილობით“. ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ. მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ არ იყო მისი შეძენის შესაძლებლობა. ამ „აღმოჩენის“ შემდეგ გავიდა რამდენიმე კვირა და ერთ-ერთმა ჩემმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა მეგობარმა გამომიგზავნა ვიდეო, რომელშიც მაჩვენებდა თავის რობოტ მტვერსასრუტს და მიხსნიდა, როგორ მუშაობდა ის. რა თქმა უნდა, ყველა დეტალი გამოვკითხე და მალევე მივიღე გადაწყვეტილება, გამომეწერა პერსონალური დამხმარე რობოტი აშშ-იდან. კარგად მახსოვს მომენტი, სანამ საბოლოოდ დავადასტურებდი შეკვეთას. მაინტერესებდა ყველაფერი: როგორი იქნება? მართლა თავისით მიხედავს ყველაფერს? იატაკის მოწმენდა ნამდვილად არ დამჭირდება? გადავიკითხე სხვადასხვა მომხმარებლის აზრი, გავეცანი პროდუქტის შეფასებებსა და რეიტინგს. მოკლედ, საკმაოდ დიდი დრო დავუთმე წინასწარ კვლევას, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ მაშინდელი ინფორმაცია ამ პროდუქტზე ძალიან ზოგადი იყო, გამოცდილებაზე მეტად, სიახლით გამოწვეულ ეიფორიაზე დაფუძნებული.

მას შემდეგ რობოტი მტვერსასრუტის პოპულარობა მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა. ეს პროდუქტი უკვე რამდენიმე წელია, რაც ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა. ბუნებრივია, ადამიანებს უამრავი კითხვა უჩნდებათ, ზუსტად ისე, როგორც მე – წლების წინ. დღევანდელ სტატიაში შევეცდები, მკითხველს საკუთარი გამოცდილება გავუზიარო და გადაწყვეტილების მიღება გავუადვილო.

მაშ ასე, იმისთვის, რომ გაარკვიოთ, გამოგადგებათ თუ არა რობოტი მტვერსასრუტი, გირჩევთ, ქვემოთ მოცემულ კითხვებს უპასუხოთ.

რა ტიპის დალაგებისთვის მჭირდება რობოტი მტვერსასრუტი?

თუ ეს გენერალური დალაგებაა (რაც სახლის ყველა კუთხე-კუნჭულის ზედმიწევნით დასუფთავებას გულისხმობს), გირჩევთ, ახლავე შეწყვიტოთ რობოტ მტვერსასრუტზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მოდელები ძალიან დახვეწილია და უმეტესობას უამრავი ფუნქცია აქვს (როგორც მშრალი, ასევე სველი წმენდის რეჟიმები), ნუ დაგავიწყდებათ, რომ ის მაინც მოწყობილობაა და არა – ცოცხალი არსება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას აუცილებლად გამორჩება რაღაც მონაკვეთი, რომელსაც ან სათანადოდ ვერ მიუდგება, ან მანამდე დაჯდება, სანამ დანიშნულების ადგილს მიაღწევს. აქედან გამომდინარე, უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ რობოტი სრულყოფილად ვერ მოგემსახურებათ. თუმცა, თუ თვლით, რომ არც თქვენ ასუფთავებთ სახლს იდეალურად, მაშინ შეგიძლიათ, მას თავისუფლად ენდოთ.

რა ფართობზე ვაპირებ რობოტი მტვერსასრუტის გამოყენებას?

მართალია, ვერც ერთი ბრენდის ინსტრუქციაში ვერ ნახავთ შეზღუდვას ფართობის შესახებ, თუმცა, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო დიდია ბინა, მით ნაკლებად ეფექტურია რობოტი მტვერსასრუტი. ის იწყებს მოძრაობას საკუთარი მარშრუტით, შეიძლება ძალიან ბევრი „იბოდიალოს“, მაგიდის ქვეშ დაყრილი პურის ნამცეცებამდე კი ვერასოდეს მივიდეს. ამ სიტუაციისთვის, პირადად მე, ერთი ხრიკი შევიმუშავე: ყველა ოთახში რიგრიგობით ვკეტავ ხოლმე მას და კარს მანამ არ ვუღებ, სანამ იქაურობას არ დააწკრიალებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა რობოტს აქვს წმენდის რამდენიმე რეჟიმი, რომლებსაც თქვენ არეგულირებთ. მაგალითად,  მუშაობა ოთახის ცენტრიდან დაიწყოს კედლების მიმართულებით, თუ  მხოლოდ კიდეებს გაუყვეს, პლინტუსების პარალელურად. მოკლედ, ეს ფუნქცია ცოტათი ამსუბუქებს უმისამართო „ბოდიალს“, თუმცა მოზრდილი ფართობის შემთხვევაში (მაგალითად, კერძო სახლებში) მაინც არც ისე მარტივად არის საქმე. ასევე გასათვალისწინებელია ელემენტის ფაქტორიც: რაც უფრო ინტენსიურ რეჟიმზე ამუშავებთ მტვერსასრუტს, მით მალე დაჯდება ის, დიდ სახლში კი, დიდია ალბათობა, ყველა ოთახის დასუფთავება ვერც მოასწროს.

რობოტი მუშაობს, მე ვისვენებ – მართლა ასეა?

რობოტი მტვერსასრუტის ყველა რეკლამაში ერთი სიუჟეტია ნაჩვენები: დიასახლისი  ტახტზეა წამოწოლილი, ტელევიზორს უყურებს, ან წიგნს კითხულობს, რობოტი კი მუშაობს. ამის შემხედვარე, ადამიანები იჯერებენ, რომ მათ შრომას სრულად ჩაანაცვლებს ეს მოწყობილობა.

დავიწყოთ იმით, რომ მტვერსასრუტს არ უნდა შეხვდეს წინაღობა, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის სადენი (ტელევიზორის ან ტორშერის), ხალიჩა ან სხვა არათანაბარი ზედაპირი, პატარა ნივთები (ლეგოს სათამაშოები) და ა. შ. ასეთი დაბრკოლების აღმოჩენისას ის ან ჩერდება, ან ავარიულად ითიშება (მაგალითად, როდესაც კაბელს გადაუვლის და ჩაიხვევს). აქედან გამომდინარე, საჭიროა, წინასწარ დაცარიელდეს ის ტერიტორია, სადაც მტვერსასრუტმა უნდა იმოძრაოს. მე, პირადად, მინიმალისტურ გარემოში ვცხოვრობ და თითქმის ყველა ნივთი კარადაში მაქვს დამალული, ამიტომ მხოლოდ კაბელების ალაგება მიწევს. თუ თქვენ ნივთებით „დახუნძლული“ სახლი გაქვთ, გირჩევთ, სტანდარტული მტვერსასრუტი გამოიყენოთ. ყოველ ჯერზე ყველაფრის ალაგება დიდ ძალისხმევასა და დროს წაგართმევთ. სხვათა შორის, არსებობს საგანგებო ლენტები, რომლებიც ცალკე იყიდება. შეგიძლიათ, ისინი იატაკზე დააკრათ და ასე „მოუნიშნოთ“ საზღვარი თქვენს რობოტს. თუმცა, ლენტების დაკვრა და შემდეგ მათი აძრობა ასევე დამატებით შრომას უკავშირდება. გარდა ამისა, როგორც წინა პუნქტში აღვნიშნე, ბინის ფართობის გათვალისწინებით, შესაძლოა, რობოტის ოთახებში გამოკეტვა გახდეს საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ დროდადრო უნდა მოწყდეთ საქმეს და რობოტი სხვა ოთახში გადაიტანოთ.

დაბოლოს, რობოტ მტვერსასრუტსაც ისევე სჭირდება კონტეინერის დაცლა, როგორც სტანდარტულს. შეიძლება, ამის გაკეთება დალაგების შემდეგ დაგეზაროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ჩართვისას მაინც მოგიწევთ, რადგან მტვრით გავსებული მოწყობილობა ჭუჭყს ვერ შეისრუტავს. ერთი სიტყვით, ტახტზე უსაქმოდ წოლა და ცხოვრებით ტკბობა უფრო მითია, ვიდრე რეალობა.

არის თუ არა ჩემს სახლში ცხოველის ბეწვი?

თუ შინაური ცხოველი გყავთ, შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ აუცილებლად უნდა გქონდეთ რობოტი მტვერსასრუტი! დაასუფთავეთ სახლი სტანდარტული წესით და შემდეგ გაუშვით რობოტი იატაკსა და ხალიჩებზე. საკუთარი თვალით ნახავთ, რამდენ ბეწვს შეაგროვებს ის.

და მაინც, ღირს თუ არა რობოტი მტვერსასრუტის ყიდვა?

ვფიქრობ, ნამდვილად ღირს. ვერ ვიტყვი, რომ ეს იდეალური ან შეუცვლელი ნივთია, თუმცა, მას ბევრი უპირატესობა აქვს. ძვირადღირებული მოდელის შეძენას არ გირჩევთ. მთავარია, ნაკლებად ხმაურიანი იყოს. დანარჩენი, მერწმუნეთ, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ზოგადად, მე ის ადამიანი ვარ, რომელიც ყველა საშუალებას იყენებს ცხოვრების გასამარტივებლად. რობოტი მტვერსასრუტი ჩემთვის დამხმარეა, რომელიც ფიზიკურ შრომას მიმსუბუქებს. სწორედ ამიტომ, ამ პროდუქტისგან ზედმეტს არ ველი – ვიცი, რომ ჩემზე უკეთ მაინც ვერ დაალაგებს. უბრალოდ, მამშვიდებს ის ფაქტი, რომ დროდადრო შემიძლია დავიხმარო, მაშინ, როცა სახლს ძირფესვიანი დასუფთავება არ სჭირდება, მე კი სხვა საქმით ვარ დაკავებული. თუკი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები თქვენთვისაც მისაღებია, მაშინ, რატომ უნდა თქვათ უარი მის შეძენაზე?!

5 დეტალი ინტერიერში სითბოს შემოსატანად – Homeis.ge-ს რჩეული ნივთები თბილისის მაღაზიებიდან

DURESTA – ავეჯის ბრენდი დიდი ბრიტანეთის არისტოკრატიისთვის