in

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა – რეკომენდაციები ქართველი დიზაინერებისგან

აღდგომის დღესასწაული ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, ამიტომ მას დადებითი ემოციებითა და დიდი მოლოდინით ვხვდებით; ამ დღისთვის განსაკუთრებით ვემზადებით და ვცდილობთ, ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის გამორჩეული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. სააღდგომო სუფრის გაწყობისას დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ სპეციალურად მომზადებულ კერძებს, არამედ მაგიდის გაფორმებასაც. ამასთან დაკავშირებით Homeis.ge დღეს ქართველ დიზაინერთა რჩევებს გიზიარებთ.

აღდგომა სიცოცხლეს, გაზაფხულს უკავშირდება, ამიტომ მაგიდის გაფორმებისას კარგი იქნება, თუ ბუნების ელემენტებს გამოიყენებთ – მცენარეებს, ბალახს, ყვავილებს და ა. შ. ამით გარესამყაროს ესთეტიკას სუფრაზე გადმოიტანთ და სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აიმაღლებთ. ინტერიერის დიზაინის სტუდია Due-ს თანადამფუძნებელი, ლიკა ლასარეიშვილი გვირჩევს, რომ სუფრა ბუნების შთაგონებით მოვრთოთ და, მოხარშულ კვერცხებთან ერთად, დეკორატიული აქსესუარებითაც გავამდიდროთ: „რადგან აღდგომის დღესასწაული გაზაფხულზეა, გირჩევთ, მაგიდა  ბუნების ელემენტებით გააფორმოთ. მაგალითად, ძალიან საინტერესო იქნება ხის ტოტებისგან შექმნილი ბუდე, რომელშიც წითელ სააღდგომო კვერცხებს ჩააწყობთ. ეს დეკორაცია მარტივი გასაკეთებელია, ამიტომ თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ. ვფიქრობ, სააღდგომო სუფრას ყველაზე მეტად ტრადიციული მოხარშული კვერცხი უხდება, თუმცა, მაგიდას სხვადასხვა ორნამენტით მოხატული კვერცხებიც გაამრავალფეროვნებს. გარდა ამისა, მოხატვის პროცესი უფრო სახალისოსა და შემოქმედებითს გახდის სააღდგომო სამზადისს. წითელი ფერის ინტენსივობიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ პასტელურ ფერებს და სადა, კერამიკულ ჭურჭელს გამოიყენებთ, რომელიც ზომიერებისა და ჰარმონიის შტრიხებს შემოიტანს და სიმსუბუქეს შემატებს სუფრას“.

ინტერიერის დიზაინერი ელენე სხვიტარიძე საუბრობს სააღდგომო რიტუალის მნიშვნელობაზე, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და წინაპართა კავშირს აძლიერებს. რიტუალის შემადგენელი ნაწილია სუფრის გაწყობაც. ეს პროცესი, გარკვეულწილად, ხშირად წინასწარგანსაზღვრულია, თუმცა დიზაინერი გვირჩევს, მაგიდის გაფორმების წესებს ინდივიდუალურად შევხედოთ და დეკორში მეტი ორიგინალურობა შევიტანოთ: „სუფრის გაწყობის დროს, ერთი შეხედვით, ყველაფერი თითქოს წინასწარ გაწერილია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ინდივიდები ვართ. განსხვავებული ხასიათი და შეხედულებები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ სადღესასწაულო სუფრაზე ყოველი დეტალი საკუთარი გემოვნების მიხედვით განვათავსოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იქნება ეს ტრადიციული კერძი თუ სუფრის გაწყობა, ეცადეთ, მასში თქვენი ინდივიდუალური შტრიხი შეიტანოთ, რომელიც, იმავდროულად, თანამედროვეობასთანაც იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება იყოს არასტანდარტული მასალის თუ უცხო ფორმის, განსხვავებული ჭურჭელი, რომელიც საინტერესო აქცენტს შემოიტანს სუფრაზე. ეცადეთ, ზედმეტად არ გადატვირთოთ მაგიდა და მთავარი ელემენტები გამოყოთ. არ დაგავიწყდეთ ჯეჯილი, რომელიც ყველაზე ეფექტურია ამ დროს. ექსპერიმენტის სახით, შეგიძლიათ, ჯეჯილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჭურჭელში გაახაროთ. ჯობია, მეორეხარისხოვანი ჭურჭელი ნაკლებად თვალშისაცემი იყოს, რათა სწორად მოწყობილი ცენტრალური კომპოზიცია დახუნძლულ და არაორგანიზებულ სუფრად არ იქცეს. მნიშვნელოვანია, დეკორის მეშვეობით შექმნათ ისეთი ხასიათი, რომელსაც ოჯახის წევრებსა და სტუმრებს გაუზიარებთ“.

ჩვენი შემდეგი რესპონდენტიც, რუსა თუმანიშვილი, სააღდგომოდ განსაკუთრებულად ემზადება და ინტერიერის მორთვას დიდ დროს უთმობს. როგორც გვიყვება, ჭარბად იყენებს ბუნებრივ გამწვანებას, შესაბამისად, სააღდგომო სუფრაზეც  ყვავილებზე, მცენარეებსა და ბალახზე ამახვილებს ყურადღებას:

„ვინაიდან აღდგომის დღესასწაული გაზაფხულზეა, ყოველთვის ძალიან ესთეტიკურია მოყვავილე ალუბლისა და ატმის (ან სეზონის ნებისმიერი მცენარის) რამდენიმე ტოტის მაგიდაზე მოთავსება. მაგალითად, შეგიძლიათ განიერ, ოდნავ ჩაღრმავებულ ლანგარზე დაასხათ წყალი და დადოთ ორი-სამი უსწორმასწორო ტოტი, რომელთა გადაჭრილ ნაწილებსაც წყალში ჩააწყობთ. ტოტების დასაფიქსირებლად, შეგიძლიათ, მათ ზემოდან მომცრო ზომის ქვა დაადოთ. შედეგად მიიღებთ განსხვავებულ, ხელნაკეთ დეკორს“.

რუსა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მაგიდის გადასაფარებელსაც და აღნიშნავს, რომ აღდგომის პერიოდში სუფრას ყოველთვის აფორმებს ტილოს ქსოვილის რანერითა და სააღდგომო დეკორატიული ელემენტებით. ხელსახოცები, ძირითადად, ტილოსფერ, რანერი კი წითელ ტონშია გადაწყვეტილი. ჭილოფის ელემენტების შემოტანა კი სუფრას მეტ ბუნებრიობას სძენს. დიზაინერი გვირჩევს, არ გამოვიყენოთ ხელოვნური მცენარეები და ყვავილები, რათა საპირისპირო შედეგი არ მივიღოთ და უხალისო, უინტერესო გარემო არ შევქმნათ.

„არ შეგეშინდეთ, სადღესასწაულო მაგიდაზე გამოიყენოთ თამამი, ფერადი ქსოვილი, რომელსაც, უმჯობესი იქნება, თუ ბუნებრივ მცენარეებსა და ჭურჭელს შეუხამებთ. მაგალითად, წითელს იდეალურად ერწყმის შავ-თეთრი ქსოვილი  ზოლებით ან კუბოკრული გაფორმებით. ოქროსფერი საზეიმო განწყობას შემოიტანს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სუფრის დიზაინი მონოქრომულ ან პასტელურ ფერებშია გადაწყვეტილი. სააღდგომო დეკორს უხდება ვინტაჟური აქსესუარებიც, რომლებიც წარსულსა და აწმყოს ერთმანეთთან აკავშირებს და ოჯახურ ატმოსფეროს უსვამს ხაზს. პირადად მე მინიმალისტურ სტილს ვამჯობინებ, თუმცა, მრავალფეროვანი აქსესუარებით გაწყობილი მაგიდა, როგორც წესი, უფრო მხიარული გამოდის“ , – ამბობს რუსა Homeis.ge-სთან საუბრისას.

დიზაინერი უპირატესობას ანიჭებს ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც გარშემომყოფებისთვის მშვიდ და მყუდრო გარემოს ქმნის. ზედმეტად უხეში ტექსტურა შეგვიძლია მინის გამჭვირვალე, ნაზი ჭურჭლით დავაბალანსოთ. მაგალითად, ჩვეულებრივ ქილას ვიწრო ადგილას შევაბათ თეთრი ლენტი ან წვრილი თოკი და ტოტის ჩასადებად გამოვიყენოთ. ბუნებრიობის ხაზგასასმელად იდეალური ვარიანტია სხვადასხვა სიმაღლისა და არაპროპორციული ფორმის ტოტების გამოყენებაც, რაც გაზაფხულის ატმოსფეროსაც შექმნის. სუფრაზე სურნელოვანი, დეკორატიული სანთლების განთავსება, დეკორის გამრავალფეროვნებასთან ერთად, განათების წერტილებსაც შექმნის და  სიმყუდროვითა და სასიამოვნო სურნელით აავსებს ოთახს.

სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად საინტერესო რჩევებს გვიზიარებს მაგიდის ტექსტილის ქართული ბრენდი Mood.oც, რომელმაც წინასააღდგომოდ Salt Restaurant-თან თანამშრომლობით სადღესასწაულო მაგიდა გააფორმა და გამორჩეული დეკორი შექმნა.

ფოტო: ოთო გორდელაძე
ფოტო: ოთო გორდელაძე

„აღდგომა, როგორც სიცოცხლის დღესასწაული, გაზაფხულის, სიახლის დაწყების პერიოდია. სწორედ ამიტომ, სააღდგომო დეკორის მოსაწყობად Salt Restaurant-ი შევარჩიეთ, რადგან ვფიქრობთ, რომ გაზაფხულზე ღია ცისქვეშ დღესასწაულის აღნიშვნა ოჯახსა და მეგობრებთან ერთად  მართლაც სახალისო და ამაღელვებელია. მოახლოებული დღესასწაულისთვის Mood.o-ს სააღდგომო ტილოს სუფრა შევარჩიეთ, რომელზეც ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასით შთაგონებული იმერეთის გერბია მოქარგული და წითელი სააღდგომო კვერცხებიცაა გამოსახული. ყურადღება გამახვილდა აქსესუარებზე, გადატვირთულობის თავიდან ასაცილებლად კი შემოვიტანეთ სადა, მინიმალისტური დიზაინის ჭურჭელი. მაგიდის გასაფორმებლად გამოყენებულია Crater Ceramic Design-ის კერამიკის თემატური ნივთები სააღდგომო კოლექციიდან, რაც მეტ მომხიბვლელობასა და ხიბლს სძენს დეკორს. ვფიქრობთ, ნებისმიერი სუფრის გაფორმებისას მნიშვნელოვანია საკუთარი ინდივიდუალიზმის, გემოვნებისა და ხასიათის გამოხატვა, რაც ორიგინალურ შტრიხებს შემოიტანს თქვენს სააღდგომო მორთულობაში და განწყობას მეტად ამაღლებულს, საზეიმოსა და საყოველთაოს გახდის“, –  აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას Mood.o-ს გუნდი.

ფოტო: ოთო გორდელაძე
ფოტო: ოთო გორდელაძე

იმედია, ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და დიზაინერების გამოცდილება დაგეხმარებათ, თქვენი დღესასწაული კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადოთ და სააღდგომო სუფრა ბევრად უფრო ესთეტიკურად და მიმზიდველად გააფორმოთ.

გარეკანის ფოტო: ოთო გორდელაძე

ავტორი: მეკო მეტრეველი

რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ღია ფერებში გაფორმებული მშვიდი ბინა სტოკჰოლმში

Kartell-ის “Louis Ghost” სკამის ისტორია, მოთხრობილი შემქმნელების მიერ