in

კლასიკური ელეგანტურობა თანამედროვე კომფორტით – ნინო ელიავას პენტჰაუსი საირმეზე

ნინო ელიავას საირმის ფენტჰაუსი თანამედროვე ე.წ. „old money“ ესთეტიკის განსაკუთრებული გამოვლინებაა, სადაც თითოეული დეტალი ოჯახის ისტორიას, მოგონებებსა და ტრადიციებს ინახავს. ეს არის სივრცე, სადაც წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის – XIX საუკუნის ავეჯი, ანტიკური სარკეები და დეკორატიული ელემენტები ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ერთდროულად გვაგონებს ევროპისა და აზიის სამეფო სასახლეებს და ამავდროულად კომფორტულად ერგება თანამედროვე ცხოვრების სტილს. ბებია-ბაბუის საგულდაგულოდ შერჩეული რარიტეტული ნივთები, მამას მიერ დამატებული უნიკალური სანათები და ოჯახური ისტორიის სხვა დეტალები სახლს განსაკუთრებულ სულიერ შინაარსს ანიჭებს.

ტერასაზე მოწყობილია მცირე ზომის აუზი საშხაპით და მოსასვენებელი სივრცე, საიდანაც თვალწარმტაცი ხედი იშლება მთებზე. ამავე სართულზე გვხვდება პატარა სამზარეულო და ასევე სტუმრების საძინებელი ოთახი საკუთარი სველი წერტილით.

პენტჰაუსის საერთო ფართობი 730 კვადრატული მეტრია, საიდანაც 405 კვ.მ საცხოვრებელ სივრცეს, ხოლო 325 კვ.მ ულამაზეს აივნებსა და ტერასებს უკავია. ბინაში შესვლისთანავე სტუმარს ხვდება ფართო ჰოლი, რომლის გრანდიოზული განზომილებები მყისვე ქმნის განსაკუთრებულ პირველ შთაბეჭდილებას.

სახლი მოიცავს ხუთ დიდ საძინებელს, რომელთაგან თითოეულს ინდივიდუალური აბაზანითა და აივანი გააჩნია. ერთ-ერთ საძინებელში განთავსებულია ფართო გარდერობი, მეორეში კი – ვრცელი საგარდერობე ოთახი.

საოჯახო ცხოვრების მთავარ ცენტრს წარმოადგენს 100 კვ.მ ფართობის სამზარეულო, რომელიც ორანჟერეითა და აივნით არის გაფართოებული და ბინას ბაღის ატმოსფეროს სძენს. ასევე 100 კვ.მ-იანი მისაღები ოთახი, რომელიც კერამიკული ბუხრითა და ტერასითაა გამდიდრებული და იდეალურია ოჯახის წევრებისა და მეგობრების შეკრებისთვის.

ქვედა სართულზე გვხვდება სამრეცხაო ოთახი, საგულდაგულოდ მოწყობილი სათავსოები და დიდი შესასვლელი ჰოლი.

ინტერიერში ბუნებრივი სინათლის უხვად შემოსვლას აბალანსებს ხის ავეჯისა და ხელოვნების ნიმუშების სითბო. ოქროს ჩარჩოში ჩასმული სარკეები, ანტიკური სავარძლები და უნიკალური დეკორატიული ელემენტები ქმნის ისეთ გარემოს, სადაც კლასიკური ელეგანტურობა შეუმჩნევლად ერწყმის თანამედროვეობას.

საირმეს ფენტჰაუსი არა მხოლოდ არქიტექტურითა და დიზაინით, არამედ ატმოსფეროთიც გამოხატავს ერთიანობას, ოჯახურ სითბოსა და ელეგანტურობას – სივრცეს, რომელიც წარსულს აერთიანებს თანამედროვეობასთან და ქმნის გარემოს, სადაც თითოეული დეტალი მნიშვნელოვანი ხდება.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

ვიწყებთ და ვასრულებთ ცოდნით – IPS-ის გუნდის გამოცდილება

რა წიგნებს შეიძენ Dressup.ge-ზე, თუ ინტერიერის დიზაინით ხარ გატაცებული