in

სახლი ბორბლებზე – ბეგი ბობოხიძის მიერ შექმნილი ქარავანი

ბეგი ბობოხიძე Geo Campers-ის დამფუძნებელია. ეს არის ორიგინალური დიზაინის მქონე, ხელნაკეთი ქარავნის გაქირავების მომსახურება, რომელიც მომხმარებელს ე.წ. “ბორბლებიან სახლში” ცხოვრების გამოცდილებას ჩუქნის. ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უოცნებია ქარავანში ღამის გათევასა და მოგზაურობაზე, ისეთ სახლზე, რომელსაც პირდაპირი მნიშვნელობით სადაც გინდა, იქ წაიღებ. სწორედ ამ ადამიანების ოცნების ახდენა დაისახა მიზნად ბეგიმ, რომელიც დღეს საკუთარ საქმიანობაზე გვიამბობს.

ბეგი, როგორ გაჩნდა ხელნაკეთი ქარავნის შექმნის იდეა?

– დაახლოებით 3 წლის წინ მეგობარმა ინტერნეტში მაჩვენა ფოტო, რომელზეც ნაჩვენები იყო სახლად გადაკეთებული სამარშრუტო ტიპის სატვირთო ავტომობილი. იმ დღის მერე სხვა არც არაფერზე მიფიქრია და არც მილაპარაკია. ამ იდეამ მთლიანად მომიცვა და მივხვდი, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო საქმე, რაც შეიძლებოდა ცხოვრებაში მეკეთებინა.

– გვიამბეთ პროექტზე უფრო დეტალურად. რა დრო დასჭირდა მასზე მუშაობას და როგორ მოხვედით იქ, სადაც ახლა ხართ?

– ქარავნის აწყობას ჯამში ორი წელი დასჭირდა. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული პროცესი გამოდგა, რადგან მოგეხსენებათ, საქართველოში არ მოიპოვება შესაბამისი მასალა თუ ტექნიკა მსგავსი პროექტის შესაქმნელად. სწორედ ამიტომ, უმეტესი ნაწილის ინტერნეტში მოძიება და გამოწერა გახდა საჭირო, რამაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა და დრო წაიღო. ამას გარდა, იყო სხვა ბევრი დაბრკოლება და იმედგაცრუებაც, თუმცა, ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში, მომცა ძალა და სტიმული, რომ მიმეღწია მიზნისთვის. მთავარი ის არის, რომ ამ ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს უკვე დასრულებული პროექტის მიმართ გამოხატული დადებითი რეაქციები ძაალიან მავსებს და მოტივაციას მმატებს. მართლაც, ეს მანქანა მხოლოდ ლამაზი დიზაინით არ ხიბლავს მნახველებს, მასში ყველა საყოფაცხოვრებო დეტალია გათვალისწინებული, რაც აუცილებელია მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

– ვისაუბროთ სახლი-ქარავნის სპეციფიკის შესახებ. როგორ არის დაგეგმარებული სივრცე? რა ზონებს მოიცავს ამ ტიპის სახლი და რამდენად ფუნქციურია ის?

– სივრცის დაგეგმარება დავიწყე პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად, პირველ რიგში, ავირჩიე აბაზანა და საწოლი. შევეცადე ეს ორი დეტალი მაქსიმალურად დიდი გამეკეთებინა, რათა მომხმარებელს თავი კომფორტულად ეგრძნო ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში. შემდეგ კი ამ ორი “ამოსავალი წერტილის” მიხედვით დავიწყე სავარძლების, მაგიდისა და სამზარეულოს აწყობა.

აბაზანის პადონის ზომა 90×90-ზეა, რაც საკმაოდ დიდ ფართობს გვაძლევს ამ ტიპის სივრცისთვის, ხოლო საწოლის ზომა 190X170 სანტიმეტრია, რაც ხელნაკეთ ქარავნებში თითქმის არსად გვხვდება. აგრეთვე სავარძლებში მაგიდის პირის დამაგრებით (რომელიც იხსნება) იწყობა მეორე დამატებითი საწოლი, რომლის ზომა 175×70-ია და ის იდეალურია როგორც მოზარდებისთვის, ასევე პატარა ბავშვებისთვის.

– რას გვეტყვით სახლი-ქარავნის ტექნიკურ მახასიათებლებზე? 

მანქანა დაპროექტებულია 12 ვოლტიანი სისტემით. ის სრულიად ენერგო დამოუკიდებელია სახურავზე მზის პანელების წყალობით. ასე რომ, მასში შესაძლებელია სასიამოვნოდ დასვენება  ნებისმიერ სასურველ ლოკაციაზე. ამას გარდა, ქარავანი აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ინვენტარით: ცხელი წყალი, დამოუკიდებელი გათბობა, აბაზანა, გაზქურა, ტუალეტი, ელექტროენერგია, wifi, სეიფი, მაცივარი, კინო პროექტორი, კემპინგის ავეჯი/bbq და 150 ლიტრის მოცულობის წყლის ავზი.

– რამდენ ადამიანზეა გათვლილი ამ ტიპის სახლი-ტრანსპორტი?

Camper-ი, რომელიც ამჟამად შეგვიძლია შემოგთავაზოთ, არის გათვლილი ოთხ ადამიანზე (2 ზრდასრული და 2 ბავშვი ან 3 ზრდასრული). ვინაიდან მანქანა არის მრავალფუნქციური, მოგზაურების გარდა, ჩვენი მომხმარებლები შეიძლება იყვნენ ახალდაქორწინებული წყვილი, რომელიც თაფლობის თვეს გაატარებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ექსპედიციის მონაწილეები, რომლებიც ადვილად დაბანაკდებიან მათთვის სასურველ ლოკაციაზე, მუსიკის მოყვარული ახალგაზრდები, რომლებიც წავლენ ქალაქგარე ფესტივალებზე და უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით და დასარჩენით. ასევე გვითანამშრომლია გადამღებ ჯგუფთან, რომლებმაც გამოიყენეს ქარავანი, როგორც ტრაილერი მსახიობებისათვის. აგრეთვე ქარავანი ძალიან კარგი საშუალებაა დისტანციურად სამუშაოდ, მათთვის, ვინც დაღალა ყოველდღიურმა რუტინამ და სურს გაექცეს ქალაქის ხმაურს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ახლო მომავალში იგეგმება რამდენიმე სხვადასხვა ხასიათის მქონე ქარავნის შექმნა, რათა გვქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის. ასევე ვგეგმავთ ქარავნისთვის სპეციალური პარკინგის გაკეთებას, სადაც კლიენტი შეძლებს როგორც ჩემი მანქანის ქირაობას, ასევე საკუთარი ტრანსპორტით მოსვლას და ღამის გათევას. მომხმარებლები უზრუნველყოფილი იქნებიან ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო პირობით. ეს ყველაფერი საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ამ ეტაპზე ვეძებთ სპონსორს თანამშრომლობისთვის. ასევე ჩვენი კომპანია დადებითად არის განწყობილი საინტერესო ბარტერული შემოთავაზებების მიმართაც.

ფოტოები: ზაკო შენგელია, ანრი შარაშენიძე

ახალგაზრდა ოჯახის საზაფხულო სახლი დანიაში

#Homeisინსპირაცია: დიზაინ იდეები სახლის ოფისის მოსაწყობად