in

სახლი-გამოქვაბული მექსიკაში

Alliance Group
Alliance Group

ეს სახლი-ბორცვი გარედან თითქმის შეუმჩნეველია, შიგნით კი ვრცელი სივრცე აქვს. ის დაცულია და ამავე დროს გამჭვირვალეც. მისი შემქმნელი „HW Studios“-ს სიტყვებით, შენობა ბავშვობის დროინდელი თამაშებითაა შთაგონებული, როცა თხელი გადასაფარებლების ქვეშ დამალულ ბავშვს თავი საიმედო თავშესაფარში წარმოუდგენია.

სახლი მართლაც თავშესაფარს ჰგავს, რომელსაც თხელი საფარის ნაცვლად ბალახით დაფარული ბეტონის ფენა აქვს. ის იმდენად უსაფრთხო და ინტიმურ სივრცეს ქმნის, რომ ნებისმიერი მოჩვენებას, მოხეტიალე სულსა თუ დემონს დააფრთხობს.

სახლი პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი მიწის ნაკვეთზე მდებარეობს. აქ მხცოვანი ხეებით დაფარულ ხეობაზე ლამაზი ხედები იშლება. ნაგებობა ბორცვშია ჩამჯდარი, მისასვლელად კი ვიწრო, რომანტიკული ბილიკი აქვს. ამ ოდნავ მისტიურ მისასვლელს ბეტონის ორი მაღალი კედელი და მაღალი ხეები გასდევს. „ეს გზა ერთი ადამიანისთვის საკმარისად ფართოა, თუმცა ზოგი აქ თავს ვიწროდ იგრძნობს. ეს ეული განდეგილის გზაა“ – ასე ახასიათებენ პროექტს არქიტექტორები.

ბილიკი კიბეებით დაბლა ეშვება, სადაც მძიმე კარს მიღმა, ბეტონის თაღის ქვეშ მოქცეული ვრცელი სივრცე იშლება. აქაურობა ერთი შეხედვით ცივ, ბნელ და უჩვეულო სიმყუდროვის მქონე გამოქვაბულს ჰგავს.

ბეტონი ძირითად მასალად მისი ბუნებრივ მასალებთან სიახლოვის გამო ამოარჩიეს: დროთა განმავლობაში ის გარემოს შეერწყმება და სახლი საბოლოოდ ირგვლივ არსებული სიმწვანის ნაწილად გადაიქცევა.

სახლის მარცხნივ ღია საზოგადოებრივი ზონებია, მარჯვნივ კი პრივატული, რომლებიც შიდა ეზოსკენაა მიმართული. აქედან ცისა და ხის კენწეროების ხილვაა შესაძლებელი, ამავე დროს პირადი სივრცეები უცხო თვალისთვის დაფარულია.

აქ ოთხი ძირითადი მასალაა გამოყენებული: ქვა, ხე, ბეტონი და ფოლადი. ხოლო ყველაფერი, რაც თანამედროვე ცივილიზაციას გვახსენებს (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, განათება და ა.შ.), აკურატულადაა დაფარული. ამ მიდგომამ დიზაინერებს ცოტათი მოუხეშო, მოჩვენებითად „პირველყოფილი“ ატმოსფეროს შექმნის საშუალება მისცა.

ფოტო: Cesar Bejar

ბალკრიშნა დოში – ინდური არქიტექტურის გურუ

პასტელურ ფერებში შესრულებული პენთჰაუსი ათენში