სახლი, რომელიც კოლუმბიაში მდებარეობს, დიზაინერ ლინა ბოტეროს (Lina Botero) ეკუთვნის. საცხოვრებლის დიზაინი საკმაოდ განსხვავებულია და ცოცხალი მცენარეების სიუხვით, ხელოვნების ნიმუშების სიჭარბით გამოირჩევა. სახლი ასევე მომხიბვლელია თავისი ადგილმდებარეობით, რომელიც ველური ჯუნგლების ასოციაციას ქმნის. დიზაინერი ადგილის შეძენისას სწორედ უნიკალური ლანდშაფტით მოიხიბლა და გადაწყვიტა, მცენარეები აქტიურად შემოეტანა შიდა სივრცეშიც. ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ზღვრის წასაშლელად კი მთელს სახლში დიდი ვიტრაჟები დაამონტაჟა, რამაც სივრცე გაანათა და ბუნებასთან კავშირი გააძლიერა.
ინტერიერის ფონურ ტონალობად კრემისფერი შეირჩა, ავეჯის, ნახატების, დეკორატიული ელემენტების სახით კი ფერადი აქცენტები შეიქმნა.
სახლის დიზაინი საკმაოდ ეკლექტურია, რადგან განსხვავებული სტილის ავეჯით, მასალებით, ნახატებითა და ხელოვნების ობიექტებით არის მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მრავალფეროვნება გადატვირთულობის შეგრძნებას ტოვებს, თვალისთვის უსიამოვნო არ არის და ეფექტურ სურათს ქმნის.
სივრცეში აქტიურადაა გამოყენებული ხე, როგორც ავეჯის და იატაკის, ისე კედლის პანელების სახით. მაგალითად, მისაღები ოთახის ერთი კედელი ხითაა მოპირკეთებული, რაც სივრცეს სითბოს მატებს. ამ ზონაში განსხვავებული ფაქტურის, დიზაინისა თუ ფერის რბილი ავეჯი ერთმანეთს საინტერესოდ ერწყმის და საკმაოდ კომფორტულ მოსასვენებელ სივრცეს ქმნის. ოთახში მრავლად გვხვდება ლარნაკები, სანათები, ნახატები და დეკორაცია, თითოეული მათგანი კი განსაკუთრებული ყურადღებით არის შერჩეული და უნიკალური დიზაინ-გადაწყვეტებით ხასიათდება.
სამზარეულოშიც სახლის ესთეტიკა მეორდება. ხითა და ქვით მოპირკეთებული სამზარეულო დიდი და ფუნქციურია. აღსანიშნავია, რომ ეს ზონაც ხელოვნების ნიმუშებითა და დეკორატიული ელემენტებითაა გაფორმებული. აქვეა მოწყობილი მცირე სასადილო კუთხეც, რომელიც მოძრავი ვიტრაჟული ტიხრით გარე სივრცესთან ერთიანდება.
სახლს აქვს ცალკე იზოლირებული სასადილო, რომელიც სრულად ხით არის მოპირკეთებული, კონტრასტისთვის კი ცენტრალურ ნაწილში შავი, მოზრდილი მაგიდა დგას. სივრცეს სიმყუდროვეს სძენს ბუხარიც, რომელიც სასიამოვნო და თბილ ატმოსფეროს ქმნის.
საცხოვრებლის გამორჩეული ზონაა კაბინეტი, სადაც ტევადი ბიბლიოთეკაა მოწყობილი. ოთახის ყველა კედელი ხის ფუნქციური, ღია თაროებითაა დატვირთული, რომლებსაც წითელი სავარძლები ეხამება.
საძინებლები დახვეწილობით და ელეგანტურობით ხასიათდება. მაგალითად, მთავარ საძინებელში აქცენტის სახით შემოდის წითელი ფერი, რომელიც სივრცეს ინტიმურობასა და მდიდრულ იერს სძენს. ოთახი საკმაოდ ფუნქციურია და მცირე ზომის სამუშაო კაბინეტთან ერთიანდება. სახლის სხვა ზონების მსგავსად, აქაც მრავლად გვხვდება ნახატები, მცენარეები და საინტერესო ხელოვნების ნიმუშები.
მეორე საძინებელი მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. ინტერიერიც განსხვავებული სტილისტიკით ხასიათდება, კედლის ფერსა და ტექსტილზე ლურჯი ტონებია გამოყენებული, კონტრასტის სახით კი ავეჯი და მცენარეებია შემოტანილი.
სააბაზანო ზონაც მიმზიდველი ესთეტიკის, ორიგინალური გადაწყვეტებით გამოირჩევა, სადაც ხის მასალა დომინირებს და ინტერიერში ელეგანტურობა იგრძნობა.
დიზაინერ ლინა ბოტეროს პროექტი სამუზეუმო სივრცეს მოგვაგონებს, სადაც მდიდრული ატმოსფერო, გამორჩეული სტილი და გემოვნებით შერჩეული ობიექტებია წარმოდგენილი. სივრცეს ავთენტურ სახეს სძენს ინტერიერში შემოტანილი ბუნებრივი მცენარეები და დიდი ვიტრაჟები, რომლებიც ყოველგვარ ბარიერს შლის ექსტერიერთან და ხელოვნებისა და ბუნების საინტერესო სინთეზს ქმნის.