in

მყუდრო და კომფორტული სახლი კუნძულ მალიბუზე

სახლი, რომლის შესახებაც ამ სტატიაში გიამბობთ, მალიბუზე მდებარეობს და ინტერიერის დიზაინერს ეკუთვნის, რომელმაც შუა საუკუნეების სტილის მქონე პროექტში დიდი პოტენციალი დაინახა და გადაწყვიტა, ინტერიერი ისე შეეცვალა, რომ მისთვის და თავისი ოჯახისთვის მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი შეექმნა.

სახლის მეპატრონე ცნობილია მისი ინდივიდუალური სტილითა და პროექტებით, რომლებსაც ის საკუთარი კლიენტებისთვის ქმნის. განსაკუთრებულ ყურადღებას ის სივრცეების ათვისებას და კომფორტული დეტალების შექმნას აქცევს. მალიბუს სანაპიროზე მდებარე სახლი, რომლის დაგეგმარებაც მან 2020 წელს დაასრულა, ინდივიდუალური პროფესიონალური მიდგომების გამოხატულებაა.

1950 წელს აშენებულ სახლს ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი აქვს და მდიდარია ძველებური ავეჯითა და დეტალებით, რომლის შენარჩუნებაც მისი მფლობელის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

შენობის ზუსტი ისტორია უცნობია, თუმცა ის ავსტრიელ-ამერიკელი არქიტექტორის, რადოლფ შინდლერის სტილს წააგავს, რომელიც ლოს-ანჯელესში მცხოვრები მოდერნისტი გახლდათ. როგორც დიზაინერი ამბობს, თავად სახლს აქვს დიდი ისტორია, რომელშიც მან პოტენციალი დაინახა და გადაწყვიტა, თანამედროვე, მყუდრო და დახვეწილ ადგილად ექცია.

ერთ-ერთი პირველი, რაც საცხოვრებელში არ შეცვლილა, სამზარეულოს ხის ავეჯია. სამზარეულო და მისაღები ოთახი სახლში გაერთიანებული არაა, თუმცა ერთმანეთს თხელი კარით უერთდება, რაც ღია სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის.

პირვანდელი მდგომარეობით სახლი მთლიანად ხის იყო, ამიტომ მისთვის ფერისა და ტექსტურის შექმნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შთაგონების წყარო დიზაინერისთვის იაპონური სახლების ინტერიერი იყო, რომლებშიც ხშირად შეხვდებით მწვანე მცენარეებსა და დეკორაციებს. სწორედ ამიტომ, მეპატრონემ გადაწყვიტა ინტერიერში მწვანე ფერების დამატება და ამით ერთგვარი გადასვლა შექმნა შიდა და გარე სივრცეებს შორის.

მისმა მდებარეობამ და იმ ფაქტმა, რომ საცხოვრებელი სანაპიროს სიახლოვეს მდებარეობს, გავლენა იქონია ავეჯსა და ქსოვილებზე. აქ ვხვდებით აბრეშუმის და ხის ძვირადღირებულ მასალას და ავეჯის დახვეწილ ფორმებს, რომლებიც 1950-იანი წლების სტილს გვახსენებს.

თავდაპირველად, სახლის მფლობელს სურდა, სახლში მხოლოდ სანაპიროს ხასიათი გაეცოცხლებინა, თუმცა მუშაობის პროცესში აზრი შეიცვალა და გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი მისი ოჯახის კომფორტს უნდა ყოფილიყო მორგებული.

9 ფერი, რომელიც ადამიანის განწყობასა და ქცევაზე მოქმედებს

სამზარეულო ზედა კარადების გარეშე – იდეები შთაგონებისთვის