in

ეკლექტური სახლი ქალაქგარეთ — რუსუდან ლაშხის პროექტი

კერძო სახლის პროექტი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს, არქიტექტორ რუსუდან ლაშხს ეკუთვნის. ობიექტის საცხოვრებელი ფართი 190 მ2-ს, საზაფხულო ფართობი კი 65 მ2-ს შეადგენს. დამკვეთის მთავარი სურვილი ეკლექტური და ფერადი სივრცის შექმნა იყო, რასაც პროექტის ავტორმა წარმატებით გაართვა თავი.

სახლი დაპროექტებულია საკმაოდ პატარა ზომის მიწის ნაკვეთზე. ნაკვეთის სიმცირის გამო, სასურველი გეგმარების მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა სწორი გეგმარებითი და დიზაინ გადაწყვეტილების შედეგად, სივრცემ სასურველი სახე მიიღო.

პირველ სართულზე მისაღები ოთახი, სამზარეულო, სველი წერტილი, კაბინეტი და სათავსო ოთახი განლაგდა. ასევე დაპროექტდა საზაფხულო ფართი ბუხრითა და გარე სამზარეულოთი. მეორე სართულზე კი ერთი საძინებელი საკუთარი საგარდერობო ზონითა და აბაზანით, ორი საძინებელი საერთო სველი წერტილით, სამრეცხაო და აივანი მოეწყო.

ნაგებობის ფასადი ბუნებრივი მასალებით — ქვითა და ხით არის მოპირკეთებული. ხე დამუშავებულია სპეციალური ხსნარებით, რომელიც მას წყლისა და მზის ზემოქმედებისგან იცავს. არქიტექტურა საკმაოდ თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ექსტერიერიც და ინტერიერიც დატვირთულია განსხვავებული ფორმებითა და მასალებით, რაც პროექტის საინტერესო იერსახეს განსაზღვრავს. შენობას განსაკუთრებულ ხიბლს ეზოში გაშენებული პატარა ბაღი სძენს, რაც დასვენებისა და განტვირთვისთვის შესანიშნავ პირობებს ქმნის.

შიდა სივრცე ეკლექტურია. აქ ოჯახის ანტიკვარული ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის თანამედროვე სტილის დიზაინობიექტებს. ინტერიერი  საკმაოდ თამამ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც სივრცეს სიხალისესა და ეფექტურ იერს სძენს.

პირველ სართულზე იატაკქვეშა გათბობაა დამონტაჟებული, ამიტომ ხის დიზაინის მსგავსი კერამოგრანიტის ფილები გვხვდება. კედლები ძირითადად ღია ფერებშია გადაწყვეტილი, კარები, ისევე როგორც თეთრი ფერის კარის ჩარჩო და იატაკის პლინტუსები, რომელთაც კლასიკური შავი ფერის კარები ეხამება კონტრასტის სახით.

ინტერიერის გამორჩეული ადგილი მისაღები ოთახია, სადაც კლასიკური და თანამედროვე სტილი ორგანულად ეხამება ერთმანეთს. ნაცრისფერი კედელი,  რომელზეც მოლდინგებია გამოყვანილი და სრულად ნახატებითაა მორთული, ამავე ტონალობის მოსასვენებელ ტახტსა და სავარძლებს ერწყმის.

ყურადღებას  იქცევს ანტიკვარული ხის ავეჯი, რომელსაც ძველებური ჭაღი არისტოკრატულ და მდიდრულ იერს სძენს. თვალშისაცემია წითელი სკამები, რომლებიც აქცენტის როლს ასრულებს და საოცრად უხდება ფერად ხალიჩას.  ოთახში  ბუნებრივ გამწვანებას სიცოცხლე და სიხალისე შემოაქვს და სასიამოვნო ატმოსფერო განაპირობებს.

სამზარეულოში და სველ წერტილებში ერთი და იმავე ფორმატის, სხვადასხვა ფერისა და წყობის ფილებია გამოყენებული.  სამზარეულოს ავეჯი ღია მწვანე ტონალობაშია გადაწყვეტილი და მასში ხის ელემენტებიც გვხვდება.  სამზარეულოს კუნძული ამ ზონას ორ ნაწილად ყოფს, რომლის ერთ-ერთ მხარეს პატარა სასადილო კუთხეა მოწყობილი შავი მაგიდითა და სკამებით.  ოთახში მყუდროება შემოაქვს კედლის ფარდაგს, რომელიც სივრცეს ერთგვარად ათბობს და ალამაზებს.

სამზარეულოსა და სააბაზანოში ერთნაირი ფორმატის ფილებია გამოყენებული, რაც ამ ორ ფუნქციურად განსხვავებულ ადგილს ერთმანეთთან აკავშირებს. ერთ-ერთ სააბაზანოში საინტერესოა მწვანე ფილების ნაცრისფერ ტონალობასთან სინთეზი, რომელსაც დეკორატიული განათება კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის. ეფექტურია შავ და ოქროსფერ ტონალობაში გადაწყვეტილი სველი წერტილიც, სადაც კონტრასტული ფერები განსაკუთრებულ ინტიმურობას ქმნის.

საძინებლებში სასიამოვნო ატმოსფერო და სიმსუბუქე იგრძნობა. მთავარ საძინებელში ყურადღებას იქცევს ლურჯი ფერის მოლდინგებიანი კედელი, რომელიც ამავე ფერის საწოლის თავს ჰარმონიულად ერწყმის. ასევე ლურჯ ფერშია გადაწყვეტილი საწოლთან მდგარი ტუმბოები და სავარძელი, რაც ოთახის მთლიანობას გამოკვეთს.

მეორე საძინებელში ხისფერი და კრემისფერი ჭარბობს. ოთახში მოწყობილია როგორც საძილე, ისე დასასვენებელი და სამუშაო ზონები. დეკორატიული განათება კი სივრცეს ნათელსა და ცოცხალს ხდის.

საზაფხულო სივრცეში სასადილო კუთხე, სამზარეულო და ბუხარია მოწყობილი. ეს არის იდეალური ზონა ოჯახური შეკრებებისა და სტუმრების მისაღებად.

რუსუდან ლაშხის პროექტში ერთმანეთს ჰარმონიულად უკავშირდება კლასიკური და თანამედროვე ელემენტები, რაც ეკლექტურ სტილს ქმნის და სივრცეს გამორჩეულ იერსახეს ანიჭებს.

პროექტის ავტორი: რუსუდან ლაშხი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ბილი ბილიხოძე

რა სარგებელი მოაქვს ჰაერის რეკუპერატორს ბინაში?

მიმდინარე წლის 5 მთავარი ტენდენცია ინტერიერის დიზაინში