ამ სტატიაში უნდა გიამბოთ სრულყოფილებამდე მისულ სანაპიროს ძალიან თეთრ სახლზე, რომელსაც ბერძნული აურა დაჰყვება თან. პლაჟის დეტალები, კლასიკური ცისფერი და თეთრი ზოლების ნაზავი, იშვიათი ავეჯი და მინიმალიზმი – ეს სწორედ ის სიტყვებია, რომლითაც ამ სახლის დახასიათება შეგვიძლია დავიწყოთ.
სწორედ ამგვარადაა მოწყობილი მისი ერთ-ერთი ოთახი, რომელიც დასაკეცი კარის მეშვეობით შეიძლება იყოს როგორც ღია, ისე – დახურული. როგორც სანაპიროს სახლს შეეფერება, აქ თეთრი ფერი ხესთან არის შერწყმული. რბილი ავეჯი ღია ტონალობებშია, მასიური ავეჯი კი ხისაა. აქვე ვხვდებით ხის ნაჭრებისგან გაკეთებულ მთლიან კედელს, რომელიც სრულყოფილად ერწყმის სახლის ღია ინტერიერს.
მისაღებ ოთახს დალაგებული ქაოსი შეგვიძლია ვუწოდოთ. აქ შეხვდებით დივანს, რომელზეც უამრავი ბალიშია მოთავსებული; ხისგან გაკეთებულ პალმის ხეს, რამდენიმე მაგიდას, მცენარეებს და საკმაოდ ფორმალურ სასადილო სივრცეს.
მისაღები ოთახისგან განსხვავებით, სამზარეულო ძალიან დალაგებული და მინიმალისტურია. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თანამედროვე ხმელთაშუაზღვის სტილის სამზარეულო. მისი შიდა სივრცე გარდამავალ მწვანეშია გადაწყვეტილი, რაც სახლს სხვაგვარ, უფრო საინტერესო ელფერს ანიჭებს.
სახლის საძინებელი ოთახები ასევე მინიმალისტური, ღია ფერის ოთახებია, რომლებიდანაც ზღვის ხედი იშლება. საძინებლებში, ისევე, როგორც სველ წერტილებში ასევეა შენარჩუნებული ზოლიანი, სანაპიროსთვის რელევანტური პრინტის ქსოვილები თუ შპალერები.
სახლს აქვს ღია სივრცე, სადაც განთავსებულია სახლის ავეჯის შესაბამისი შეზლონგები და ქოლგები.
სახლის დიზაინერი: Tamsin Johnson