in

დახვეწილი საოფისე ინტერიერი ქავთარაძის ქუჩაზე – ანუკა თავართქილაძის ნამუშევარი

ინტერიერის დიზაინერ ანუკა თავართქილაძის ახალი პროექტი ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე გაყიდვების ოფისია, რომელიც საინტერესო იერსახით გამოირჩევა. მისი საერთო ფართობი 60 მ2-ია. დამკვეთს სურდა, სივრცე დაყოფილიყო ზონებად, რომლებშიც 3 იზოლირებული და 1 დამატებითი მოსაცდელი ოთახი განთავსდებოდა. მცირე ფართობის მიუხედავად, ეს მოთხოვნა ზედმიწევნით შესრულდა.

შენობა მზიან მხარეს არ მდებარეობს, რის გამოც შესასვლელი საკმაოდ ბნელი იყო. არეკვლადი უჟანგავი ფოლადის იმიტირებული პანელების გამოყენებით, რომლებიც სივრცეს ვიზუალურად ზრდის, მასში სინათლე შევიდა.

იზოლირებული ოთახების შესაქმნელად, რომელთაგან ერთი – შეხვედრების, ორი კი სამუშაო ზონა იქნებოდა, დიზაინერმა ინტერიერში მინის ტიხრები შეიტანა. ისინი სივრცის მოცულობას ზრდის და ამავდროულად, მას სიმსუბუქეს სძენს. მეტი მყუდროებისთვის ტიხრებზე თეთრი გრადაციის პრინტი გაკეთდა. სწორი გეგმარების წყალობით, ოფისში სათავსოების განთავსებაც მოხერხდა.

ინტერიერში გამოყენებულია ინოქსის პანელები, დაპრინტული შუშა და ბეტონის ფითხი. ავეჯის სახით გვხვდება შეღებილი MDF-ი და ხის თხელი ანათალი. ანუკა თავართქილაძე განსაკუთრებით გამოარჩევს ინოქსის პანელებს, რომლებიც შუშასთან კომბინაციით სიმსუბუქის განცდას ქმნის.

ინტერიერის წამყვანი ფერია ვერცხლისფერი. საინტერესო აქცენტებს ქმნის შავისა და ნაცრისფრის კომბინაცია, რომელიც ავეჯისა და აქსესუარების სახით გვხვდება და ელეგანტურ, დახვეწილ შტრიხებს ჰმატებს სივრცეს.

ავეჯი საკმაოდ საინტერესო დიზაინით გამოირჩევა, ჰარმონიულად ერწყმის სივრცის ესთეტიკას და მის ორიგინალურ ხასიათს განსაზღვრავს. თითოეული აქსესუარი ყურადღებითაა შერჩეული და გემოვნებიანად ეხამება ინტერიერის დანარჩენ ელემენტებს.

თვალშისაცემია სანათების დიზაინიც. ისინი, განათების წყაროსთან ერთად, დიზაინობიექტების როლსაც ასრულებს და ინტერიერში საინტერესო აქცენტები შეაქვს. აღსანიშნავია ბუნებრივი გამწვანებაც, რომელიც გარემოს სასიცოცხლო ენერგიითა და სიხალისით ავსებს. ამასთან, მწვანე ფერი დომინანტურ ვერცხლისფერსა და ნაცრისფერსაც აბალანსებს და ჰარმონიას ქმნის.

ამგვარად მიიღება საკმაოდ უცხო, მომხიბვლელი ინტერიერი, რომლის თითოეული დეტალი ორიგინალურობით გამოირჩევა. სივრცე კლასიკურ, მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, რომელიც მნახველის ყურადღებას იქცევს. ოფისს სახასიათო იერსახეს ინოქსის პანელები და მინის ტიხრები სძენს. ავეჯი, სხვადასხვა აქსესუარი და საინტერესო დიზაინის სანათები სივრცეს კიდევ უფრო ელეგანტურად, დახვეწილად და გემოვნებიანად აქცევს.

პროექტის ავტორი:  ანუკა თავართქილაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: ANUKA TAVARTKILADZE

იატაკის საფარი: “გალერეა დემასი“

კედლის მოპირკეთება: „LTB Furniture Components“

ავეჯი: „ლივინ“, „INTERIORISMO“, „დილაითი“, „FORUM By New Light, ადგილობრივი წარმოება

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ბუნების სიყვარულით ნასაზრდოები არქიტექტურა – ინტერვიუ გივი მეტრეველთან

რით ჩავანაცვლოთ სამზარეულოს ზედა კარადები? – რამდენიმე საინტერესო ვარიანტი