კახეთის გულში, ვენახებსა და მზით გაბრწყინებულ გორაკებს შორის, შეიქმნა სივრცე, სადაც თანამედროვე დიზაინი ხვდება ქართულ ტრადიციებს. პროექტი, რომელიც შესრულებულია რინოქსის ინტერიერის დიზაინის გუნდის მიერ. არის ტრადიციებისა და თანამედროვეობის, მრავალფეროვანი მასალების და დიზაინის სხვადასხვა სტილის სინთეზი. ეს მხოლოდ სასტუმრო არ არის – ეს არის ადგილი, სადაც სტუმარი თავს იგრძნობს ისე, როგორც სახლში.
პირველი სართული სრულად დაეთმო სადეგუსტაციო დარბაზსა და სამუშაო ზონას.
„ჩვენ შევძელით, შეგვენარჩუნებინა თავდაპირველი, მე-15 საუკუნის მარანი და ჩაგვეშენებინა ის ახალ შენობასა და დიზაინში ისე, რომ არ დავკარგეთ თავდაპირველი იერსახე და ამასთან ერთად შევძელით ამ მარანის სტილი გადმოგვეტანა პირველი სართულის დიზაინში“, – გვიამბობს რინოქსის ინტერიერის გუნდის ხელმძღანელი, ხატია ნებიერიძე.

პირველი სართული მარანის გულს წარმოადგენს — ადგილი, სადაც ღვინის კულტურა თანამედროვე არქიტექტურას ხვდება. აქ უხეში ფაქტურები და რბილი, თბილი განათება ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს ძველი მარანის ხასიათს და სთავაზობს თანამედროვე კომფორტს. ლოფტის სტილი წარმოჩენილია ღია სივრცეებით, შიშველი ბეტონის ზედაპირებითა და ბუნებრივი მასალების სინთეზით. თუმცა, მთავარი აქცენტი ქართული ღვინის კულტურაზეა გაკეთებული — ინტერიერში შერწყმულია ქვევრის ტონალობები, თბილი მიწისფერი მასალები და დეტალები, რაც თითქოს ძველი მარანის ხასიათს ატარებს.
მეორე სართულზე განთავსებულია სასტუმროს ნომრები, თითოეული განსხვავებული დეკორატიული ლესვის ტექნიკითა და ფერით.

მეორე სართულის მისაღები სივრცე გამოირჩევა გრძელი, მასიური მაგიდით, რომელიც ერთდროულად ფუნქციურიცაა და სიმბოლურიც.

„ყოველ საძინებელში გარდა დეკორისა, გვინდოდა, შეგვეტანა ბუნებრივი ელემენტები, რომლებიც მეღვინეობასთან ასოცირდება. ეს პროექტი დროისა და სტილის შერწყმის მაგალითია. თავად შენობა აშენდა მე-15 საუკუნის მარანის ბაზაზე. ვინაიდან, მოთხოვნა იყო ბეტონის კედლებისა და ჭერის შენარჩუნება, პირველი და მეორე სართულები შესრულდა ლოფტის სტილში, თუმცა დეკორის, იატაკის საფარისა და ავეჯის საშუალებით დიზაინში შევიტანეთ ქართული კოლორიტი, რის შედეგადაც მივიღეთ საინტერესო სტილისტური მიქსი,” – აღნიშნავს ინტერიერის დიზაინერი, ნათია არჩვაძე.
ზედა სართული მეპატრონის პირად სივრცეს ეკუთვნის. აქ დომინირებს ხის სითბო, რბილი განათება და დეკორატიული ელემენეტები, რომლებიც მთლიან დიზაინს აერთიანებს.
მესამე სართულზე შენარჩუნებულია ხის ჭერი, რაც სივრცეს განსაკუთრებულ სითბოსა და ავთენტურობას სძენს.
სამზარეულო, მისაღები და საძინებლები ერთიანდება ნატურალურ ფერებში, ხოლო დეტალები – შავი მეტალის აქცენტები, ტექსტილის ბუნებრივი ფაქტურა – ქმნის მყუდრო, მაგრამ დახვეწილ გარემოს.

პროექტი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება, ქართული ტრადიცია გადმოიცეს თანამედროვე არქიტექტურით ისე, რომ შეინარჩუნოს თავისებურებები და ამავდროულად, ეს ყოველივე აჩვენოს ახალი ფორმით.
აღნიშნული მარანი მხოლოდ ღვინის შესანახი ადგილი არაა, ის არის სივრცე, სადაც ინტერიერის დიზაინი, ხელოვნება და ქართული კულტურა ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.

დიზაინში გამოყენებულია თიხისფერი და ქვის ტექსტურები, რომლებიც ქვევრის ბუნებრივ ფაქტურას მოგვაგონებს.
პროექტზე მუშაბისას გუნდის მთავარი ამოცანა იყო, შეეთავსებინათ თანამედროვე ინტერიერის ფუნქციურობა და ქართული კულტურის სულიერი ელემენტები. შესაბამისად, სასტუმროში შესაძლებელია არა მხოლოდ დასვენება, არამედ საუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების გაცნობა, უგემრიელესი ღვინის დაგემოვნება და კახური მიწის ენერგიის შეგრძნება, რაც სივრცეს განსაკუთრებულად ავსებს.
პროექტის ტექნიკური ნაწილი: ხატია ნებიერიძე
პროექტის ვიზუალური ნაწილი: ნათია არჩვაძე
[R]
 
					 
				


















