in

„კონსტანტინი“ — მრავალფეროვანი ავეჯის ქართული საწარმო

დღევანდელ სტატიაში გიამბობთ ავეჯის მწარმოებელ კომპანია „კონსტანტინის“ შექმნის ისტორიას და მის ძირითად პროფილს გაგაცნობთ. საწარმოს კონცეფციაზე თავად ავეჯის სახლის დამფუძნებელი, ნიკა წიფურია გვესაუბრება და თავის საინტერესო გამოცდილებას გვიზიარებს.

ნიკა, პირველ რიგში, გვიამბეთ თქვენ შესახებ, როგორ აღმოჩნდით ავეჯის ინდუსტრიაში?

ბავშვობიდან განსხვავებული და მრავალფეროვანი ინტერესები მქონდა. მიტაცებდა სპორტი, სამაგიდო-კომპიუტერული თამაშები, ფილმები, ანიმეები, წიგნები. ვფიქრობ, ამ ყველაფერმა დიდად შეუწყო ხელი ჩემს განვითარებასა და პიროვნულ ზრდას. ადრეული ასაკიდან, ბაღში, სკოლასა თუ უნივერსიტეტში მუდმივად სიახლეებს ვეძებდი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ადამიანებს და მათთან სწორ კომუნიკაციას. მგონია, ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა, გარკვეულწილად, ბევრ რამეში გვეხმარება და ცხოვრებისეულ წინაღობებს გვიმარტივებს.

საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავაბარე. ამ პერიოდში, მეგობართან ერთად, სასწავლო გაცვლითი პროგრამით ვარშავაში მოვხვდი, რამაც შეიძლება ითქვას, ჩემი მსოფლმხედველობა შეცვალა. იქ  ვეზიარე ევროპულ ღირებულებებს, ფასეულობებსა და თავისუფლებას, გავეცანი ახალ კულტურას, გავხდი ბევრად დამოუკიდებელი და თავად ვისწავლე პრობლემებთან თუ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება.

სწავლის დასრულების შემდგომ, გაყიდვების მიმართულებით, ელექტრო-სამონტაჟო კომპანია „ინსტაში“ დავიწყე მუშაობა, სადაც პროფესიული ზრდისთვის იდეალური გარემო დამხვდა. დამფუძნებელი და თანამშრომლები ერთ იდეას — ხარისხიანი სერვისისა და პროდუქტის შექმნას ვემსახურებოდით. შემდეგ, 2019 წელს ისე მოხდა, რომ მოულოდნელად, ოჯახური ტრაგედიის გამო ავეჯის კომპანიას ჩავუდექი სათავეში, რომელსაც დღემდე ვუძღვები.

გვიამბეთ კომპანია „კონსტანტინის“ დაარსების შესახებ

კომპანია „კონსტანტინი“ მამაჩემმა 2000-იან წლებში დააარსა. მაშინ ავეჯის შესაძენად, ფაქტობრივად, ერთადერთი სივრცე, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორია არსებობდა, სადაც მამას რამდენიმე მაღაზია ჰქონდა. თავდაპირველად მხოლოდ იმპორტირებულ ავეჯზე ვმუშაობდით და სხვადასხვა სახის დიდი რაოდენობის პროდუქტი შემოგვქონდა: პოლონეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ჩინეთიდან. გარკვეული პერიოდის შემდეგ, საკმაოდ აქტუალური გახდა ადგილობრივი წარმოება, ამიტომ იმპორტირებული საქონელი საქართველოში დამზადებული ავეჯით ჩავანაცვლეთ. გავაკეთეთ ლამინატისა და რბილი ავეჯის საწარმო, რომელიც დიდი გამოწვევა, თუმცა ბიზნესისათვის ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა, რამაც გაამართლა.

გაგვაცანით კომპანიის ძირითადი პროფილი

ამ სფეროში აუცილებელია ახალ სტანდარტებს მოერგო და მომხმარებელთა გემოვნება თუ მოთხოვნები გაითვალისწინო, რაც ჩვენი  გუნდისთვის პრიორიტეტულია.  ამ ეტაპზე რამდენიმე მაღაზია და საწარმო-სასაწყობო ობიექტი გვაქვს. ვაწარმოებთ როგორც მზა, ასევე, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ ავეჯს. პანდემიის შემდეგ გავაცნობიერეთ ელექტრონული ვაჭრობის უპირატესობა. შესაბამისად, კომპანიის სტრატეგიაც  შევცვალეთ და სავაჭრო წერტილებზე მოსული მომხმარებლის ნაცვლად, აქცენტი სოციალურ ქსელებზე გავაკეთეთ, რესურსი ვებ-გვერდების მოდერნიზაციისა და „SEO“-ს  (Search Engine Optimization) ოპტიმიზაციის  კუთხით მივმართეთ.

რა მნიშვნელოვან სირთულეს აწყდებით სამუშაო პროცესში?

სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე ყველაზე დიდი პრობლემა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა და უცხოეთში სპეციალისტების გადინებაა, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის განვითარების ხარისხზეც. ვფიქრობ, დღევანდელი სტანდარტების გათვალისწინებით, აუცილებელია მუშა-ხელის მუდმივი გადამზადება და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობა, რაც ყველასათვის ხელმისაწვდომი არაა. ცხადია, არსებობს სხვადასხვა სახელმწიფო პროექტი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, ახალი დანადგარები და აღჭურვილობა დაფინანსებით შევიძინოთ, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობა, რათა ისეთი მწვავე საკითხი, როგორიცაა ადგილობრივი ნედლეულის არარსებობა, როგორმე გადაიჭრას. ავეჯის დასამზადებლად საჭირო თითქმის ყველა კომპონენტი უცხოეთიდან შემოდის, რის გამოც, იმპორტირებული მასალით დამზადებული პროდუქციის გატანა უცხოურ ბაზარზე რთულია. ეს კი მნიშვნელოვანი პრობლემაა არა მარტო ამ სექტორში დასაქმებული ცალკეული პირებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც.

რა სერვისებს სთავაზობს  კომპანია „კონსტანტინი“ მომხმარებელს?  

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საწარმო მზა, სტანდარტული მოდელებისა და ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით მუშაობს. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ­— ლამინატის, MDF-ის, შეღებილი მასალებისა და რბილი ავეჯის დამზადებას მოიცავს. კომპანია მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ თანამედროვე ტენდენციებს მოერგოს და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნები გაითვალისწინოს. მომხმარებელს შეუძლია როგორც მაღაზიაში, ისე ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში შეკვეთის განთავსება და სასურველი ინფორმაციის მიღება. ჩვენთან აზომვითი სამუშაოები და კონსულტაცია უფასოა, რენდერების მიხედვით ავეჯის დამზადება კი დამკვეთისთვის ძალიან კომფორტული და ხელსაყრელია.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ერგება თქვენი პროდუქცია მომხმარებლის გემოვნებას და როგორია მისი მოთხოვნა ბაზარზე?

ამ სფეროში აუცილებელია, გრძნობდე მომხმარებლის პულსს, რომელიც ყოველთვის მიგანიშნებს რომელი პროდუქტის დამზადება ან ჩანაცვლება აჯობებს. ეს არის მუდმივი დაკვირვების პროცესი. ჩვენ ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მოვერგოთ მომხმარებლის გემოვნებას და გავუზიაროთ სხვებს საკუთარი გამოცდილება. ვცდილობთ, დამკვეთს განსხვავებული სტილი შევთავაზოთ. „კონსტანტინის“ პროფესიონალი გუნდიც ნებისმიერი სირთულის დავალების შესასრულებლად მზადაა, რათა გამორჩეული და დასამახსოვრებელი პროდუქტი შექმნას.

ამჟამად, ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ამ ეტაპზე სხვადასხვა ტიპის პროექტებზე ვმუშაობთ, ვამზადებთ განსხვავებული კონცეფციის ავეჯს, როგორც საცხოვრებელი სახლებისთვის, ასევე, სასტუმროების, განათების შოურუმებისა და კომერციული ადგილებისთვის.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

მისაღები ავეჯის ტრენდული მოდელები — 4 რჩეული კოლექცია „კომფორტერიდან“

თანამედროვე ინტერიერის დიზაინის ტენდენციები — დეა მამაიაშვილის გზამკვლევი