in

ფერადი ავეჯის გამორჩეული ხაზი – TS group-ის კონცეფცია

Homeis.ge დღეს ავეჯის მწარმოებელ კიდევ ერთ კომპანიას გაგაცნობთ. როგორ იქცა ოჯახური ბიზნესით დაწყებული საქმე ერთიანობის სიმბოლოდ და როგორ იპოვეს საყვარელი საქმიანობა საწარმოს დამაარსებლებმა, ამის შესახებ კომპანია TS group-ის წარმომადგენელი, მარიშკა მამფორია მოგითხრობთ.

მარიშკა, გვიამბეთ თქვენი ოჯახისა და კომპანიის შესახებ.

კომპანია TS group-ის დამფუძნებლები ჩემი მშობლები არიან. ბიზნესის დაწყების იდეა დედაჩემს, თეკო მეგრელიშვილს ეკუთვნის. ის გერმანისტია, თუმცა პროფესიით არასოდეს უმუშავია. რადგან დედა უფრო ინტროვერტია და სახლში კომფორტულად ყოფნა ურჩევნია, სწორედ აქედან დაებადა ავეჯის წარმოების იდეაც. ჩვენი კომპანიის მიზანი მომხმარებლისთვის სიმყუდროვის შექმნაა. მეორე დამფუძნებელი სოსო ფოცხვერიაა, რომელიც სრულად არის საქმეში ჩართული. თეკო მომხმარებლებთან კომუნიკაციაზეა პასუხისმგებელი, სოსო კი – აზომვებსა და ავეჯის დამზადებაზე (რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად). უნდა ითქვას ისიც, რომ სოსოს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში – ჰქონდა ავეჯის საამქრო და მისი ნამუშევრები უცხოეთშიც დიდ მოწონებას იმსახურებდა. რაც შემეხება მე, ჩვენს ოჯახურ ბიზნესში ადამიანური რესურსების მოძიება, კომპანიებთან თანამშრომლობა, გვერდის მართვა, ფოტო- და ვიდეომასალის დამუშავება მევალება. პარალელურად საქართველოს უნივერსიტეტში, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით ვსწავლობ. მართალია, რთულია სამსახურისა და სწავლის ერთმანეთთან შეთავსება, თუმცა, მიყვარს ჩემი საქმე და ვფიქრობ, რომ კომპანიის წარმატებისთვის დახარჯული დრო მშვენიერი ინვესტიციაა.

როდის გაჩნდა TS group-ის შექმნის იდეა?

ჩემი ოჯახი გარკვეული დროით ისრაელში ცხოვრობდა. იდეა წასვლისთანავე დაიბადა. ჩვენი მიზანი იყო, საჭირო თანხა მოგვეგროვებინა, რათა საქართველოში საოჯახო ბიზნესი წამოგვეწყო და ის საქმე გვეკეთებინა, რომელიც გვიყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავეჯის საამქროა, რომელიც უშუალოდ არაა დაკავშირებული ჩემს პროფესიასთან, ამ პატარა კომპანიაში ყველამ საკუთარი ადგილი და საქმე ვიპოვეთ და ორიენტირებულნი ვართ მის ყოველდღიურ განვითარებაზე. სამშობლოში დაბრუნებისთანავე შესაბამისი ფართი და ყველა დანადგარი მოვიძიეთ, რომლებიც ბიზნესისათვის აუცილებელი იყო. მოვიპოვეთ სახელმწიფო გრანტიც და შევიძინეთ სპეციალური ჩარხი (რუტერი), რომელზეც ნებისმიერი ტიპის თუ სირთულის ორნამენტებსა და ფიგურებს ვჭრით.

რა არის კომპანიის ძირითადი საქმიანობა?

დღევანდელი ბაზარი ქართული ავეჯის მწარმოებელი კომპანიების სიმრავლით გამოირჩევა, შესაბამისად, კონკურენციაც დიდია. თუმცა, ვფიქრობ, TS group-ს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება ხდის უნიკალურს, თუნდაც ფერადი ავეჯის წარმოება. საქართველოში, ძირითადად, კლასიკური, შავ-თეთრი ინტერიერი მოსწონთ, თუმცა თანდათანობით მკვიდრდება ფერადი ავეჯიც. ჩვენი დაკვირვებით, თავდაპირველად თუ ყველა ფრთხილობდა მკვეთრი ტონალობის პროდუქტის შეძენისას, დღეს ასეთ კოლექციაზე მოთხოვნა გაიზარდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს ფერადი ავეჯის ხაზი, თუმცა თითქმის მთლიანად ორიენტირებულნი ვართ ამ მიმართულებაზე, ამიტომ, ვფიქრობ, ამ მხრივ მაინც გამოვირჩევით.

რა სირთულეებს აწყდებით კომპანიის მართვისას?

TS group-ი ჯერჯერობით ისევ დამწყებია. სულ რაღაც 2 წელია, რაც ბაზარზე ვართ და, ვფიქრობ, ამ დროისთვის საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ. მთავარი პრობლემა მაინც ეკონომიკური მდგომარეობა მგონია: ხალხს არ აქვს საშუალება, მაღალი ხარისხის მასალით დამზადებული ავეჯი შეიძინოს. რა თქმა უნდა, შედარებით დაბალფასიან მასალაზეც ვმუშაობთ, თუმცა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, ამ მასალის ფასმაც საგრძნობლად მოიმატა, რაც ჩვენი პროდუქტის ღირებულებაზეც აისახა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, „ადამიანური ფასები“ შევინარჩუნოთ, ბაზარი არ გვაძლევს ამის საშუალებას. ცხადია, ყველა ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული, თუმცა ჩვენთვის მომხმარებლის დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია. გვინდა, ყველას მიეცეს იმის შესაძლებლობა, სასურველი პროდუქტი შეიძინოს, ამიტომ ამ ეტაპზე ჩვენი მარჟა მინიმალურია. როდესაც საქართველოში ავეჯის კომპანიას ქმნი, გათვითცნობიერებული გაქვს, რომ მოთხოვნა დიდია და მიწოდებაც შესაბამისია. სხვა კომპანიების მსგავსად, ჩვენთვისაც საწყის ეტაპზე კონკურენცია ერთ-ერთი სირთულე იყო, თუმცა ვცდილობთ, გამოვირჩეოდეთ ორიგინალურობითა და ეფექტური მომსახურებით.

რა მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს და რამდენად ერგებით ქართულ ბაზარს?

მომხმარებლისთვის მიცემულ პირობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ამიტომ დროის საკითხი ჩვენთვის უმთავრესია: ერთი საათის გადაცდენაც კი მიუღებელია. დაბალი ხარისხის მასალაზე არ ვმუშაობთ და დეტალებზე ორიენტირებულ პროდუქციას ვქმნით. თბილისის მასშტაბით აზომვები და შენაძენის ადგილზე მიტანა, რა თქმა უნდა, უფასოა. ვფიქრობ, სრულად ვერგებით ქართულ ბაზარს, რადგან ნებისმიერი ტიპის ავეჯს ვამზადებთ და დამკვეთის მოთხოვნებსა და სურვილებს მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ. უნდა ითქვას ისიც, რომ კომპანია, გარდა ფერადი ავეჯის წარმოებისა, გამოირჩევა ხელით დამუშავებული დეტალებითაც, რომლებიც უნიკალურ იერსახეს სძენს ავეჯს.

როგორია თქვენი კომპანიის კონცეფცია ავეჯს მხოლოდ საკუთარი დიზაინით ამზადებთ თუ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც იღებთ?

TS group-ი ორივე მიმართულებით აქტიურად მუშაობს. როდესაც მომხმარებელს არ აქვს შერჩეული კონკრეტული დიზაინი, თავის სურვილებს გვიზიარებს და ჩვენი დიზაინერი  სთავაზობს სხვადასხვა ვარიანტს. დამკვეთთა უმეტესობა კონკრეტული მოთხოვნებით მოდის და მათ ინდივიდუალურ შეკვეთას ზედმიწევნით ვასრულებთ.

როგორ დაახასიათებდით თქვენს პროდუქციას და რა ეტაპზეა ახლა TS group-ი?

ჩვენი პროდუქციის დახასიათებას, როგორც წესი, მომხმარებელს მივანდობთ ხოლმე. ყოველი თვის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრები გვაქვს, რა დროსაც, სტატისტიკისა და ყველა ტექნიკური დეტალის განხილვასთან ერთად, მომხმარებლის უკუკავშირს ვეცნობით. ალბათ სწორედ ეს დღეა ყველაზე კარგი მოტივატორი თითოეული თანამშრომლისთვის. TS group-ი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ავეჯს, რომლის თითოეული დეტალი ხელით არის დამუშავებული და დამკვეთის სურვილებზეა მორგებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთვის პრინციპული საკითხია შეკვეთის მიწოდება დათქმულ ვადაში, ამიტომ უმოკლეს დროში ვამზადებთ პროდუქტს. ყველაფერთან ერთად, ვცდილობთ, ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასები შევინარჩუნოთ.

მგონია, რომ მუდმივად ვვითარდებით და ყოველთვის წინ მივიწევთ. ახლახან დავასრულეთ მთლიანი სახლის პროექტი და თანამშრომლობას ვიწყებთ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიასთან. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ შოურუმის გახსნასაც და დიდ წარმატებას ველოდებით.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

მოდერნისტული ხის სახლი დანიის სულისშემკვრელ სანაპიროზე

მოსაპირკეთებელი მასალის შერჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორები – თინათინ ძირკვაძის რჩევები