in

რომელია საუკეთესო საფარი თბილი იატაკისთვის?

თანამედროვე მსოფლიოში მიიჩნევა, რომ დღემდე არსებული გათბობის სისტემებიდან თბილი იატაკი საუკეთესო ვარიანტია მისი ეკონომიურობის, ეფექტურობის, ესთეტიკურობისა და კომფორტულობის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ის სულ უფრო ხშირად გვხვდება ახალ აშენებულ ბინებსა და  საკუთარ სახლებში. არსებობს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც უნდა გავითვალისწინოთ გათბობის ამ ფორმის არჩევისას: იატაკის საფარი სწორად უნდა იქნას შერჩეული. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემას განვიხილავთ და გავიგებთ, თუ რა ტიპის იატაკის საფარი ითვლება ყველაზე კარგ ვარიანტად თბილი იატაკის შემთხვევაში, რატომ არ შეიძლება კლასიკური მასიური ხის პარკეტის გამოყენება და რატომ არის პრინციპული საფარის სისქე და მასალების ხარისხი.

თბილი იატაკის საფარის არჩევისას ორი ძირითადი კრიტერიუმი უნდა გავითვალისწინოთ:

  • საფარს უნდა ჰქონდეს დაბალი თბო-წინაღობა;
  • მასალები ტენიანობის ცვლილებებისა და ტემპერატურული რყევებისადმი მგრძნობიარე არ უნდა იყოს.

თუ ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ დავუთმობთ, შესაძლებელია, შედეგად დაბზარული იატაკი ან გათბობის გადამეტებული ხარჯები მივიღოთ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საუკეთესო არჩევანია:

  • კერამიკული ან ქვის ფილა
  • ლამინატი
  • ხის იატაკისა და პარკეტის ზოგიერთი სახეობა
  • კოვროლინი

კერამიკული ფილა

თბილი იატაკებისთვის საუკეთესო ვარიანტია კერამიკული და ქვის ფილები. ამ მასალას შემდეგი ღირსებები გააჩნია:

  • ეკოლოგიურობა;
  • მაღალი თბოგამტარობა;
  • ტემპერატურული გაფართოების მინიმალური კოეფიციენტი;
  • ტემპერატურისა და ტენის რყევებისადმი მედეგობა;
  • მექანიკური, წყლისა და აგრესიული გარემოს ზემოქმედებისადმი მდგრადობა;
  • ექსპლუატაციის დიდი პერიოდი;
  • დიზაინისა და ფაქტურის ფართო სპექტრი;
  • სისქე 5-12 მმ.

ის შემოსასვლელის, სამზარეულოსა და სველი წერტილების მოპირკეთებისთვის ყველაზე პრაქტიკული სახეობაა. ამას გარდა, თბილ ფილასთან შეხება საკმაოდ სასიამოვნოა ყოველდღიურობაში.

მისი სუსტი მხარეებია:

  • გამორთული გათბობის დროს ცივია;
  • მიიჩნევა, რომ სხვა ოთახებში დაგებისას ნაკლებად მყუდროდ გამოიყურება;
  • ძვირია;
  • ზოგიერთი ზედაპირი სრიალაა.

ლამინატი

ლამინატს ფორიანი სტრუქტურა აქვს. თბილი იატაკებისთვის მხოლოდ ეკოლოგიური მასალებისგან დამზადებული ლამინატია გამოსადეგი და ის შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • უნდა ჰქონდეს სპეციალური მარკირება, რომელიც ადასტურებს თბილი იატაკისთვის გამოყენების შესაძლებლობას;
  • სიმტკიცის ხარისხი არანაკლებ 32-სა;
  • დაბალი ფორიანობა;
  • წყალამრიდი ფენა, ტემპერატურული რყევებისადმი მდგრადობა;
  • უსაფრთხოების ხარისხი E0 ან E1 (რაც მავნე ნივთიერებების არქონას ან დაბალ შემცველობას ნიშნავს);
  • ლამინატის სისქე 12 მმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

პარკეტი და საპარკეტე დაფა

კლასიკური მასიური ხის პარკეტი კატეგორიულად მიუღებელია თბილი იატაკებისთვის, ვინაიდან სითბოს ზეგავლენით ხე მალე იბზარება და დაკარგული ტენის გამო იბრიცება. გარდა ამისა, ხეს მაღალი თბო-წინაღობა აქვს. ამიტომ, ამ შემთხვევაში საპარკეტე ფიცარს იყენებენ, რომლის ქვედა შრე იაფფასიანი ნატურალური ხის მასალისგან არის დამზადებული, ხოლო ზედა ფენა ძვირფასი ხის ანათალია (შპონი).

თბილი იატაკისთვის ის შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • არ უნდა იყოს დამზადებული იაფფასიანი მასალებისგან (დსპ, მდფ) , რომლებიც გაცხელებისას ფორმალდეჰიდს გამოყოფს, რაც მომწამვლელია.
  • საპარკეტე დაფას უნდა ჰქონდეს სპეციალური მარკირება თბილ იატაკთან თავსებადობაზე;
  • მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 20 მმ-ს.

უმაღლესი ხარისხის საპარკეტე ფიცარი თბოგამტარობაში კერამიკულ ფილას მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც გაზრდილ კომუნალურ გადასახადს ნიშნავს. თუმცა, საცხოვრებელი ოთახებისთვის, ეს ვარიანტი გაცილებით კომფორტულია.

კოვროლინი

როგორც წესი, მას იატაკის დათბობისათვის, კომფორტული შეხებისთვის, ბავშვების ტრავმების თავიდან ასარიდებლად და ხმაურის შემცირებისათვის იყენებენ. მკვრივი საფუძვლისა და დაბალი თბოგამტარობის ხარჯზე, ის ცივ იატაკთან შეხებას გამორიცხავს. გარდა ამისა, ბეწვის ხარჯზე წარმოქმნილი ჰაერის შრე დამატებით თბოსაიზოლაციო ფენას წარმოქმნის. სწორედ ეს თვისებები კოვროლინს თბილი იატაკისთვის ყველაზე სუსტ საფრად წარმოაჩენს. სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის ტემპერატურის მომატებაა საჭირო, რაც ბუნებრივია, ზრდის ხარჯებს.

იმ შემთხვევაში თუ მაინც კოვროლინის დაგება გადაწყვიტეთ, მაქსიმალური ეფექტის მიღებისა და მავნე ნივთიერებების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:

  • ქვედა ფენა (საფუძველი) უნდა იყოს თხელი;
  • ბეწვი უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე;
  • აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური მასალებისგან დამზადებული;
  • მომწოდებელს უნდა ჰქონდეს მითითებული თბილ იატაკთან თავსებადობა;
  • ბეწვის სიგრძე მაქს. 4 მმ. საფუძვლის სისქე მაქს. 6 მმ. (ჯამში მაქს. 10 მმ.)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს ქართველი მომხმარებლები სულ უფრო აქტიურად ირჩევენ თბილი იატაკის გათბობის სისტემას და ბაზარზე არსებულ ამგვარ მოთხოვნას უკვე დეველოპერებიც ითვალისწინებენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა “ნამაი ვაკეს” პერმიუმ კლასის კომპლექსი, სადაც ყველა ბინაში თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის თბილი იატაკებია დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია, რომ თბომარეგულირებლის მეშვეობით, აქ თითოეული ოთახის ტემპერატურის ინდივიდუალური მართვაა შესაძლებელი, ამიტომაც “ნამაი ვაკეს” მაცხოვრებლებს ნებისმიერი მათთვის სასურველი და თბილ იატაკთან თავსებადი საფარი შეუძლიათ გამოიყენონ.

და ბოლოს, გვინდა გაგიზიაროთ ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია: თბილი იატაკის ჩართვისას, მისი ტემპერატურა სასურველამდე 24 საათში ერთხელ, 5 გრადუსიანი ბიჯით გაზარდეთ. ასეთი მარტივი ხრიკის წყალობით, სწორი და ხარისხიანი იატაკის საფარი გარეგნობას არ შეიცვლის და ის დიდხანს მოგემსახურებათ.

 

 

 

 

როგორ გავხადოთ სახლი შინაურ ცხოველებზე მორგებული?

ტური მსახიობ პატინა მილერის ნიუ-იორკის სახლში